ლალი გურჩიანის სიტყვებით: “ქალებს ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია“
49 წლის ლალი გურჩიანი აფხაზეთიდან დევნილია. ქუთაისში, მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს, კორპუსის ამხანაგობას უძღვება და საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმის” პროექტებშიც აქტიურად მონაწილეობს. ლალი ერთ-ერთია იმ 50 ქალს შორის, რომლებიც ფონდმა “სოხუმმა” იმერეთში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების საკითხებზე გადაამზადა. ტრენინგების შემდეგ კი მათ მიღებული ინფორმაცია სხვა ადგილობრივ ქალებსაც გაუზიარეს. ტრენინგები გაეროს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი გაეროს ერთიანი თემატური ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება. მის ფარგლებში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ოჯახში ძალადობისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაცია 800-მდე ქალმა მიიღო.
თარიღი:
“დევნილი ორჯერ გავხდი: პირველად მშობლიური სახლი 1993 წელს, აფხაზეთის ომის დაწყებისას დავტოვე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი იძულებული გავხდი, კოდორის ხეობიდანაც წამოვსულიყავი და დევნილობა მეორედ გამევლო.
მედდა ვარ, თუმცა რაც ქუთაისში დავსახლდი, პროფესიით აღარ მიმუშავია. ჩემი მთავარი საქმიანობა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეობაა. პარალელურად, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ „სოხუმთანაც“ ვთანამშრომლობ, მათ ტრენინგებზეც ასე მოვხვდი.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალადობა ძალიან გავრცელებულია, ბევრი ქალი კი ურთულეს გარემოში ცხოვრობს. მათი მხარდაჭერა მინდოდა, ტრენინგზეც ამიტომ წავედი. მერე სამეზობლოს ქალები შევკრიბე და ყველაფერი მოვუყევი —თავშესაფრებზე, კრიზისულ ცენტრებზე, ცხელ ხაზზე, ფსიქოლოგისა და იურისტის უფასო დახმარებაზე, მუნიციპალურ სერვისებსა და პროგრამებზე ვუამბე. ბოლოს ყველამ ერთად ვიმსჯელეთ, როგორ შეგვეძლო, ქალებს ძალადობისგან თავის დაღწევაში დავხმარებოდით.
ძალიან დაინტერესდნენ. ზოგმა მერე ისევ დამირეკა და ცხელი ხაზის ნომერი მკითხა. თვითონაც ჩაერთნენ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ისე გამოვიდა, რომ ქალები ჯაჭვის რგოლებივით შევიკარით. სხვათა შორის, ფონდი „სოხუმიდან“ ძალადობის შესახებ ბუკლეტებიც წამოვიღე, ნაწილი სამეზობლოში, ქალებს დავურიგე, ნაწილი კი აქვე, სახლთან ახლოს, სილამაზის სალონში დავტოვე — იქნებ ვინმეს საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს.
ვფიქრობ, ჩვენი უფლებების, ამ სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ქალები ძალადობის პრობლემას მეტი პასუხისმგებლობით მივუდგებით და ვეცდებით, სხვები უფრო დაცულები იყვნენ. მჯერა, რომ ქალებს ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია. აი, თუნდაც ამ ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებამდე მიტანით მათ ხომ იმედსაც მივცემთ? გაძლიერებაც ასე იწყება: იმედით და მხარდაჭერის ჩვენებით. ვამაყობ, რომ ამის გაკეთებ უკვე მეც შემიძლია“.