ნინო ჩიბჩიურის სიტყვებით: „ქალების გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის მუშაობა არასდროს უნდა შევწყვიტოთ“

41 წლის ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური შიდა ქართლის რეგიონის ქალაქ გორში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ორგანიზაცია ნეო ტვ-ისა და „ქართული მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ჟურნალ „ლიახვის ხეობის“ მთავარი რედაქტორი, ქალთა საკითხებს სხვადასხვა პლატფორმით აქტიურად აშუქებს. ნინოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გასული წლის დეკემბერში, გორში, როლური თამაში „იყავი მის ადგილას“ ორჯერ ჩაატარა. შეხვედრებს, ძირითადად, დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები დაესწრნენ. საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. მათგან მესამედზე მეტს (38,2%) მომხდარის შესახებ არავისთან უსაუბრია. როლური თამაში „იყავი მის ადგილას“ სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ის პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მე-2 ფაზა) ნაწილია. პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

თარიღი:

ნინო ჩიბჩიური. ფოტო: ნინო ჩიბჩიურის პირადი არქივი
ნინო ჩიბჩიური. ფოტო: ნინო ჩიბჩიურის პირადი არქივი

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადგილობრივ ტელეკომპანია „თრიალეთში“ ვმუშაობდი, საინფორმაციო სამსახური მებარა. კონფლიქტი რომ დაიწყო, ოჯახს თბილისში არ გავყევი: ჟურნალისტი ვარ და აქ უნდა დავრჩე-მეთქი. რთული დღეები იყო: თავს მუდმივად სამხედრო თვითმფრინავები დაგვტრიალებდა. მხოლოდ მე და ერთი ოპერატორი ვმუშაობდით და სადაც ცეცხლის ალს დავინახავდით, გასაშუქებლად მივრბოდით.

გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალები მაშინ გავიცანი. იმ დღეებში ბევრმა მათგანმა თავი სწორედ გორს შეაფარა, ზოგი მერე სახლში ვეღარც დაბრუნდა. როგორც ჟურნალისტს, ეს ქალები თავიანთ საჭიროებებზე სულ მიკავშირდებოდნენ და მეც ვცდილობდი, პასუხები მომეძებნა, პრობლემების მოგვარების გზები მეჩვენებინა. ასე რომ, მათ ისტორიებს ჯერ კიდევ მაშინდელი პერიოდიდან ვყვები და სულ ვინტერესდები, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ. წლებია, რამე ახალ სასარგებლო ინიციატივას ან შესაძლებლობას თუ გავიგებ, მაშინვე ვატყობინებ, მიხარია, როცა თუნდაც მცირე წარმატებას აღწევენ.

ზოგადად, ქალებს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ: პატარა ასაკიდან ვიცი, როგორი უთანასწოროა მათთვის ირგვლივ არსებული რეალობა. ეს გულშემატკივრობა იყო ის მოტივაცია, რის გამოც წლების წინ, როგორც ჟურნალისტმა და აქტივისტმა, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობა დავიწყე. შარშან, როცა ორგანიზაციის ერთ-ერთ შეხვედრაზე როლური თამაშის შესახებ შევიტყვე, მაშინვე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალები გამახსენდა. მომინდა, „იყავი მის ადგილას“ მათაც გამოეცადათ.

ეს სურვილი ჩვენი რეგიონის სპეციფიკითაც იყო განპირობებული: შიდა ქართლმა ორი ომი გადაიტანა. ზოგმა ოჯახის წევრი ან ახლობელი დაკარგა, ზოგსაც მთელი ცხოვრების ნაშენები თვალწინ დაეწვა, გარემოც უფრო ძალადობრივი გახდა. ტრავმების მიუხედავად, ბევრი რამ საკუთარ თავზე ისევ ქალებმა აიღეს და ფეხზე დადგომა მოახერხეს: ნაწილმა ახალი ცოდნა და პროფესია შეიძინა, ნაწილმა ბიზნესი დაიწყო და შემოსავლის წყარო გაიჩინა. ამ რეალობამ ბევრ მათგანს დაანახა, რომ კაცებთან შედარებით, უამრავი ვალდებულება და ნაკლები უფლებები აქვს. ვიცოდი, რომ უთანასწორობისა და ძალადობის თემები ქალებს აუცილებლად დააინტერესებდათ და საკუთარი შეხედულებების გაზიარებაც მოუნდებოდათ.

ძალადობის რისკი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო იზრდება. დიდია ძალადობაგამოვლილი ქალების მიმართ თანაგანცდის გამოხატვის მნიშვნელობაც, რადგან მის გარეშე ძალადობისგან თავის დაღწევა ურთულესია. “იყავი მის ადგილას” სწორედ ამ თანაგანცდას აღვივებს.

მართლაც, მიღებული გამოცდილება ჩვენი ქალებისთვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მონაწილეებმა სხვადასხვა როლი მოირგეს, განსხვავებული ეტაპები გაიარეს, საკუთარი შეხედულებებისა და ემოციების შესახებ გულწრფელად ისაუბრეს. როლური თამაშით მათ ნათლად გაიაზრეს, რა გზას გადის ძალადობის მსხვერპლი ქალი და მიხვდნენ, რომ ხშირად მისი არჩევანი არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებითაა ნაკარნახები. როლური თამაშის მიზანიც ხომ ეს არის.

მახსოვს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეების ნაწილს სოფელში დასაბრუნებლად ტრანსპორტი ელოდებოდა, მაგრამ განხილვას ვერ წყდებოდა, ყურადღებით ისმენდა, ვინ რას იტყოდა. მათ სახეებზე დაფიქრება იკითხებოდა: ალბათ, გულში ვიღაცას საკუთარი ან სხვისი ისტორია გაახსენდა, ვიღაცამ კი გაიაზრა, რომ თუ დროს უკან დააბრუნებდა, ბევრ რამეს შეცვლიდა.

ვფიქრობ, ქალების გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის მუშაობა არასდროს უნდა შევწყვიტოთ. თვითონაც 6 წლის გოგო მყავს და ვცდილობ, მისთვის წარმატებული ქალის მაგალითი ვიყო, რათა თავდაჯერებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გაიზარდოს. მჯერა, ასეთ მაგალითებს განსაკუთრებული ძალა აქვს“.