ნათია გულბიანის სიტყვებით: „ძალადობასთან ბრძოლა ცნობიერების ამაღლებით იწყება”
48 წლის ნათია გულბიანი იმერეთის რეგიონში, ქალაქ წყალტუბოში, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით პედაგოგი, სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის და თავადაც მუდმივად ახალ ცოდნას ეძებს. ნათია ერთ-ერთია იმ 50 ქალს შორის, რომლებიც საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ქალთა ფონდმა “სოხუმმა” იმერეთის რეგიონში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების საკითხებზე გადაამზადა. ტრენინგების შემდეგ ქალებმა მიღებული ინფორმაცია საკუთარ თემებში გააზიარეს და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნეს. ინიციატივა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ნაწილს წარმოადგენდა. პროექტი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელდა. მის ფარგლებში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაცია 800-მდე ქალმა მიიღო.
თარიღი:
„რეგიონებში ჯერ კიდევ ბევრი გენდერული სტერეოტიპი არსებობს. აქ კვლავაც ამბობენ, რომ კაცია ოჯახის უფროსი, ამიტომ უნდა დაუჯერო, მისგან ძალადობაც კი მოითმინო. ამ არასწორ წარმოდგენებს შინაგანად ყოველთვის ვაპროტესტებდი, მაგრამ ხმამაღლა თქმისგან თავს ვიკავებდი. მერე ბევრი რამ სხვა მხრიდან დავინახე. მივხვდი, რომ ერთ დღესაც შეიძლება ვინმემ ჩემი გოგოებიც დაჩაგროს, ამიტომ აუცილებელია, ძალადობასთან ბრძოლაში პატარა წვლილი მეც შევიტანო. როცა საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ფონდმა “სოხუმმა” ამ თემაზე ტრენინგის გავლა შემომთავაზა, მაშინვე დავთანხმდი: გადავწყვიტე, მეტი გამეგო და მერე სხვებსაც დავხმარებოდი.
ტრენინგებზე აღმოვაჩინე, რომ ძალადობის მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის უფასო სამართლებრივი თუ ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები და თავშესაფრები არსებობს. ფეხზე რომ დადგნენ და შემოსავალი გაიჩინონ, მათ პროფესიულ გადამზადებასაც სთავაზობენ. ქალებისთვის, რომლებიც ძალადობას იმიტომ ითმენენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ფინანსურადაც მოძალადეზე არიან დამოკიდებულები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. ამას გარდა, გავიგე, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლებსა და ძალადობაგამოვლილ პირებს მხარდაჭერას სთავაზობს, აქვს ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციებში დახმარების პროგრამებიც.
მიღებული ინფორმაცია შემდეგ ჩემს სკოლაში, თანამშრომლებს გავუზიარე. მოვუყევი დამცავ და შემაკავებელ ორდერებზე, ცხელ ხაზსა და თავშესაფრებზე, გავაცანი რისი უფლება აქვთ. სხვათა შორის, კოლეგას, რომელსაც სახლი დაეწვა, სწორედ ამ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ თვითმმართველობისთვის მიმართვა შეეძლო. მუნიციპალიტეტი მას მართლაც დაეხმარა და მეც ბედნიერი ვიყავი, რომ სასარგებლო საქმე გავაკეთე.
ვფიქრობ, მეტად დამაჯერებელია, როცა ოჯახში ძალადობის შესახებ ქალებს მათთვის ნაცნობი და სანდო ქალები ვესაუბრებით, მით უფრო მასწავლებლები. ჩემი კოლეგები მიღებულ ინფორმაციას უკვე თავადაც გაავრცელებენ, მოუყვებიან მოსწავლეების მშობლებსაც, რადგან მათთან ყველას ახლო ურთიერთობა აქვს.
ზოგადად, ოჯახში ძალადობა ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით აქტუალური თემაა. ბევრი მშობელი ემიგრაციაშია წასული, ბავშვები კი დედების გარეშე იზრდებიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გრძნობენ თავს და რა გარემოში არიან. მას შემდეგ, რაც ტრენინგები გავიარე, მოსწავლეებს სხვანაირად ვაკვირდები. სულ ვცდილობ, სახეზე ამოვიკითხო, როგორი განწყობა აქვთ და რამე ხომ არ სჭირდებათ.
ძალადობასთან ბრძოლის პირველი ნაბიჯი ცნობიერების ამაღლებაა. ქალებს კი ამ კუთხით თავადაც ბევრი შეგვიძლია. თუნდაც სულ მარტივით დავიწყოთ: როცა დავინახავთ, რომ ვინმეს ძალადობის პრობლემა აქვს, არ გავჩუმდეთ. მაშინვე ვუთხრათ, რომ სინამდვილეში ეს ნორმალური არაა, ვასწავლოთ, რომ შეუძლია, დახმარება ითხოვოს, მხარი დავუჭიროთ და ვაჩვენოთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ არის. ინფორმაცია მნიშვნელოვანი ძალაა, ამიტომ ვეცდები, ამ კუთხით ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმაო და მეტ ქალს დავეხმარო”.