გიულნარა ელიზბარიანის სიტყვებით: „ცვლილების მოტანა ერთი ქალის ხმასაც შეუძლია“

60 წლის გიულნარა ელიზბარიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ცხოვრობს. მეუღლე, 3 შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავს. გიულნარა აქტიურადაა ჩართული სათემო მობილიზაციის კომპონენტში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, „ფონდ ტასოსთან“ თანამშრომლობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით წამოიწყო, 2023 წლიდან კი პროექტით „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გააგრძელა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედი ქალთა თვითდახმარების ჯგუფები 90-ზე მეტ წევრს აერთიანებს. მათ შორისაა გიულნარაც, რომელიც სოფლის პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაზე სხვა ქალებთან ერთად მუშაობს.

თარიღი:

გიულნარა ელიზბარიანი. ფოტო: “ფონდი ტასო”
გიულნარა ელიზბარიანი. ფოტო: “ფონდი ტასო”

„17 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი და საცხოვრებლად სოფელ ხულგომოდან კარტიკამში გადმოვედი. განსხვავებული, ჩაკეტილი გარემო და მკაცრი ტრადიციები დამხვდა, თუმცა ხალხი იმდენად თბილი იყო, რომ ახალ რეალობას მალევე შევეგუე. ადრე დაქორწინების გამო, პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღება ვერ მოვახერხე. ძირითადად, საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული, თუმცა სულ ვოცნებობდი, რომ სახლს გარეთაც აქტიური ცხოვრება მქონოდა, თუნდაც სოფლისთვის მეტი გამეკეთებინა.

ჩემთვის გარდამტეხი სოციალურ მობილიზაციაში ჩართვა აღმოჩნდა. 5 წლის წინ გავიგე, რომ ასეთი პროექტი ხორციელდებოდა და ძალიან დავინტერესდი. ოცნების ახდენის შესაძლებლობა რომ გამიჩნდა, უარს როგორ ვიტყოდი?

როცა პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე, თბილისში ვიყავი. მახსოვს, ერთ-ერთ მაღაზიაში ხის ფორმის გულსაბნევს გადავაწყდი. დავინახე თუ არა, ვიფიქრე, რა კარგი იქნება, ამ ხის მსგავსად რომ გავიზარდო და ავყვავდე-მეთქი. მართლაც, ეს გულსაბნევი ჩემი წინსვლის სიმბოლოდ იქცა.

სოციალურ მობილიზაციაში ჩართვის შემდეგ ტრენინგებმა და საგანმანათლებლო აქტივობებმა არა მარტო მე, სხვა ქალებსაც საკუთარი შესაძლებლობებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობების აღქმა შეგვიცვალა, ჩვენი უფლებები გვასწავლა. ადრე თუ აზრის გამოხატვას ვერიდებოდით, ახლა ვიცით, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.

კარტიკამი დიდი სოფელია და, შესაბამისად, პრობლემაც ბევრი გვაქვს. თვითდახმარების ჯგუფის წევრები ხშირად ვიკრიბებით და მათ მოგვარებაზე ვმსჯელობთ. გვაქვს საერთო სივრცეც — სარიტუალო დარბაზი, რომელიც ჩვენმა თანასოფლელმა ახალგაზრდამ საჩუქრად გადმოგვცა. აქ ვიკრიბებით, ლხინსა თუ ჭირს აღვნიშნავთ, სოფლის სტუმრებს ვმასპინძლობთ და კრებებსაც ვატარებთ.

სხვათა შორის, კარტიკამელი ქალების გაძლიერების თვალსაჩინო მაგალითი სწორედ სოფლის კრებებია. ადრე მხოლოდ მსმენელები ვიყავით, მაგრამ სოციალური მობილიზაციის შემდეგ ადგილობრივი საჭიროებების განხილვებში აქტიურად ჩავერთეთ, შეხვედრებიც უფრო პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული გახდა. ყველამ დაინახა, რომ ქალის ხმას სოფლის კრებებზე მხოლოდ სიკეთე მოაქვს და თემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადადაც, ქალებს მანამდე ნაკლები თავისუფლება გვქონდა, ზოგიერთს ოჯახში იმის მტკიცებაც კი უწევდა, რომ ტრენინგზე დასწრებაში ცუდი არაფერია. ბოლო წლებში ეს რეალობაც უკეთესობისკენ შეიცვალა.

ჩვენი აქტიურობით შედეგებიც გვაქვს. თვითდახმარების ჯგუფების წევრებმა სათემო ინიციატივებზე მუშაობისას სოფლის მაცხოვრებლები გამოვკითხეთ და მათთან შეთანხმებით, დარბაზში, სადაც ვიკრიბებით ხოლმე გამაგრილებელი სისტემა დავამონტაჟეთ. ეს ყველას ძალიან გვინდოდა და გვჭირდებოდა.

ჩვენს ინიციატივებს ადგილობრივი მთავრობაც მხარს უჭერს, როგორც აქტიურ, საქმიან ქალებს, ყველა პატივის გვცემს. ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, რომ ზოგჯერ ერთი ქალის ხმაც გადამწყვეტია თემის განვითარებაში, ცვლილების მოტანა ერთი ქალის ხმასაც შეუძლია”.