სოფია წუწაშვილის სიტყვებით: „როცა ქალი ძალადობაზე ლაპარაკს იწყებს, ის უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს“
25 წლის სოფია წუწაშვილი პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში დედასა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით ფსიქოლოგი, ახმეტის კრიზისულ ცენტრში მუშაობს. სოფია ძალადობის მსხვერპლ და ძალადობაგამოვლილი ქალებს ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს უწევს. კრიზისული ცენტრი ახმეტაში 2024 წლის დასაწყისში, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით გაიხსნა. მას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორი, საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (იგივე კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი) კურირებს.
თარიღი:
„პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში, ქისტურ ოჯახში დავიბადე. მერე საცხოვრებლად სხვა სოფელში, დუმასტურში გადავედი. სკოლაშიც იქ მივედი.
სკოლა რომ დავამთავრე, ფსიქოლოგიურზე ჩავაბარე. ეს სფერო სულ მაინტერესებდა, ამიტომ პროფესიადაც ავირჩიე. იმ დროს პირველი შვილი უკვე მყავდა, მეორე კი სტუდენტობას მეყოლა. ლექციებზე რომ მივდიოდი, ბავშვებს დედას ვუტოვებდი. ის სულ გვერდით მედგა — ემოციურადაც და ფინანსურადაც. თვითონაც უმაღლესი განათლება აქვს და დუმასტურის სკოლაში რუსულ ენას ასწავლის. მისმა მხარდაჭერამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ახლაც, როცა სამსახურში ვარ, შვილებს მასთან ვტოვებ. ის რომ არა, ამდენს ვერ შევძლებდი.
ბაკალავრის შემდეგ კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით მაგისტრატურაზე ჩავაბარე. როგორც კისწავლა დავასრულე, ახმეტის კრიზისულ ცენტრში დავიწყე ფსიქოლოგად მუშაობა და თითქმის ორი წელია, აქ ვარ.
ჩემი დილა ადრიანად იწყება: ბავშვებს სკოლისთვის ვამზადებ, ვაცილებ, მერე მეც ვემზადები და სამსახურში მოვდივარ. გზად ჩემს თანამშრომლებსაც გავუვლი ხოლმე და მანქანით ახმეტაში მომყავს. ასე ნახევარი საათი გვჭირდება, მაგრამ ერთად დრო მხიარულად გადის.
ჩემი მოვალეობა კრიზისულ ცენტრში მოსული ქალებისთვის კონსულტაციის გაწევაა. რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტით ჯერ მათ საჭიროებებს ვადგენ, თან ვცდილობ, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ნდობა გაუჩნდეთ. მერე კი ვსაზღვრავ, რომელი სერვისი სჭირდებათ — ფსიქოლოგის კონსულტაცია, იურისტის დახმარება თუ სოციალური მუშაკის მომსახურება.
ყველაზე გავრცელებული მაინც ფსიქოლოგიური ძალადობაა. არის ფიზიკურიც და ეკონომიკურიც. სამწუხაროდ, ქალები ზეწოლას ხშირად არა მხოლოდ ქმრების, არამედ დედამთილ-მამამთილის მხრიდანაც განიცდიან. არის შემთხვევებიც, როცა,განქორწინების შემდეგ დედებს შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ. ძალადობას გამოქცეულებს, ბავშვებსაც ართმევენ. ეს მათთვის უმძიმესი სტრესია.
აქ მოსულ ქალებს ჩვენი მეგობრული გარემო ძალიან მოსწონთ. ქისტებისთვის განსაკუთრებით ისაა მნიშვნელოვანი, რომ მეც მათიანი ვარ, მათ ენაზე ვსაუბრობ. მოსვლაც უფრო უადვილდებათ და ნდობაც მეტად უჩნდებათ. ბევრი რამ, რასაც აქ მოსული ქალები მიყვებიან, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ეს მეხმარება, უკეთ გავიგო, რა სჭირდებათ, როგორ მივუდგე, როგორი მხარდაჭერა აღმოვუჩინო. ვიცი, რომ ერთი არასწორი სიტყვაც დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, გულწრფელმა თანაგანცდამ კი ისინი მეტად გააძლიეროს.
ბევრი ქალისთვის ახმეტის კრიზისული ცენტრი აღმოჩნდა ადგილი, რომლის დახმარებითაც ძალადობას თავი დააღწიეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, როცა ვხედავ, როგორ იკრებენ ისინი გამბედაობას და თამამ ნაბიჯებს დგამენ. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ შესაძლოა, რომელიმე მათგანის სიცოცხლეც კი გადავარჩინეთ.
მჯერა, ძალადობაგამოვლილი ქალები თავიანთ გოგოებს სხვანაირად გაზრდიან, ასწავლიან, რომ ძალადობა არ უნდა მოითმინონ. ვფიქრობ, როცა ქალი ძალადობაზე ლაპარაკს იწყებს, ის უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, ამიტომ ყველამ უნდა გაბედოს და სხვა ქალებსაც მისცეს მაგალითი“.