ელენე მახათელაშვილის სიტყვებით: „საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობას სტერეოტიპები აფერხებს“
35 წლის ელენე მახათელაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. მეუღლესთან ერთად სატრანსპორტო კომპანიას უძღვება და ადრეული ასაკიდან სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული: მშობლიურ ქალაქში - თელავში თუ თბილისში, სადაც ამჟამად ცხოვრობს, მუდმივად მოსახლეობის ყოველდღიურობის გაუმჯობესებასა და საჭიროებების მოგვარებას ცდილობს. ელენე „ლიდერ ქალთა აკადემიის“ ერთ-ერთი მონაწილეა - ინიციატივის, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრთან მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პარტნიორობით, ლიდერ ქალთა მხარდასაჭერად განახორციელა. “ქალთა ლიდერობის აკადემია” პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით მიმდინარეობდა.
თარიღი:
„თინეიჯერი რომ ვიყავი, ამერიკელი რეპერივით მეცვა. რეგიონის პატარა ქალაქისთვის ჩემი იმიჯი მაშინ ისეთი უჩვეულო იყო, რომ თელავში ის დღემდე ახსოვთ. მე კი ამ გზით უბრალოდ უსამართლობას ვაპროტესტებდი: მინდოდა, სასკოლო გარემო მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული ყოფილიყო და არა „თითის ქნევაზე“ დამყარებული. მგონი, აქტივისტობა ჯერ კიდევ მოსწავლეობიდან დავიწყე, მერე კი პროფესიად ჟურნალისტობაც ამიტომ ავირჩიე, თუმცა შემდეგ მას აღარ გავყევი.
ჩემს ცნობიერებაში გარდამტეხი როლი EECMD-ის არაფორმალურმა საგანმანათლებლო პროგრამამ, „დემოკრატიის სკოლამ“ ითამაშა. პროექტში 2016 წელს აღმოვჩნდი და პირველივე დღიდან პოლიტიკა სხვაგვარად დავინახე. გავიგე, რომ, მაგალითად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს გვქონდა, შეგვეძლო მოგვეთხოვა, რომ აღმასრულებელ პირს მოსახლეობის კონკრეტული პრობლემა მოეგვარებინა. ამ პროგრამამ ჩემი მოქალაქეობრივი თვითშეგნება გაზარდა. გამააზრებინა, რომ ერთი ადამიანი მინიმუმ საკუთარი უბნის ცხოვრებას ცვლის და როცა გზა ფუჭდება, წუწუნის ნაცვლად, სჯობს, გადაწყვეტილების მიმღებს მიაწვდინო ხმა და პრობლემის მოგვარებაში ჩაერთო.
„დემოკრატიის სკოლის“ დასრულების შემდეგ საკუთარი თავი ბევრ სფეროში მოვსინჯე — გაყიდვებში, მომსახურებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, თუმცა სამოქალაქო აქტივიზმი არასდროს შემიწყვეტია. ვერთვებოდი ყველაფერში: როცა რამე ზიანდებოდა, როცა რამეს შეკეთება სჭირდებოდა, როცა ვინმე დახმარებას ითხოვდა.
საცხოვრებლად თბილისში რომ გადმოვედი, ჩემს უბანშიც ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა დამხვდა. საჭიროებებს სამეზობლოს მიერ ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფში განვიხილავდით ხოლმე. აქტიურობის გამო, მალევე ჯგუფის მოდერატორობა შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი.
იმ დღიდან, როცა რაღაც გვჭირდება, პირველი ვიწყებ ხმაურს და ვამაყობ, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენმა ძალისხმევამ არაერთი საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვიგვარა, ურთიერთმხარდაჭერა და დახმარების მოტივაცია გაგვიზარდა, გაგვაერთიანა.
საკუთარ თავს სულ სამოქალაქო აქტივიზმში ვხედავ. არ ყოფილა არცერთი დღე, რომ ჩემს ქუჩაზე, უბანზე, ქვეყანაზე არ მეფიქრა. მხოლოდ პირადი მიღწევებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მინდა, პატარა თუ დიდმა ნაბიჯებმა, რომლებსაც ვდგამ, ცვლილებები სხვა ადამიანებსაც მოუტანოს. ნამდვილი და ღირებული გამარჯვება ეს არის.
„ლიდერ ქალთა აკადემიის“ შესახებ რომ გავიგე, ჯერ სახელითა და იდეით მოვიხიბლე. თავადაც სულ ვეძებდი თელავში აქტიურ ქალებს - მათ, ვინც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე პირდაპირ ეტყოდა: ეს თქვენი ვალდებულებაა, რომელიც უნდა შეასრულოთ. როცა აკადემიაში მივდიოდი, ცოდნის მიღების გარდა, მინდოდა, ეს ქალები გამეცნო და, მართლაც, მათი მოსაზრებების გაზიარება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობას სტერეოტიპები აფერხებს. რეალობა კი ისევ თავად უნდა შევცვალოთ. სირთულეები რომ გამოვიარეთ და ბევრ მცდარ წარმოდგენას წავაწყდით, ამ ფაქტს ვეღარ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია, მიღებული გამოცდილება თავისუფალი, თანასწორი თაობის აღზრდისთვის გამოვიყენოთ და მავნე სტერეოტიპული აზროვნების ჯაჭვი ჩვენ გავწყვიტოთ“.