ნუცა გრიგალაშვილის სიტყვებით: „ქალების ერთიანობა დიდი ძალაა“

28 წლის ნუცა გრიგალაშვილი ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირის თანადამფუძნებელი და პოლიტიკის ფსიქოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია. კომაროვის სკოლაში პრაქტიკოს ფსიქოლოგად მუშაობს, ევროპული აკრედიტაციის მისაღებად, საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ფსიქოთერაპიას ეუფლება და, პარალელურად, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობს. ნუცამ მაგისტრატურა პოლიტიკის ფსიქოლოგიის მიმართულებით დაამთავრა. ამ სფეროს მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა კი გასულ წელს „ქალთა ლიდერობის აკადემიაში“ მისი მონაწილეობაც განაპირობა. ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრთან მრავალპარტიული დემოკრატიისთვის პარტნიორობით, ლიდერ ქალთა მხარდასაჭერად განახორციელა. “ქალთა ლიდერობის აკადემია” წარმოადგენდა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ იყო დაფინანსებული.

თარიღი:

ნუცა გრიგალაშვილი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
ნუცა გრიგალაშვილი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„როცა 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ბავშვი ვიყავი, თუმცა ამ მოვლენამ ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პატარა ასაკიდან გამიჩნდა. მერე, როცა ფსიქოლოგია შევისწავლე, მივხვდი, რომ ადამიანებს თუნდაც ინდივიდუალურად რომ დავხმარებოდი, პოლიტიკის დონეზე ცვლილებებიც იყო საჭირო. მოგვიანებით პოლიტიკის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ამიტომ ჩავაბარე.

მასკულინურ სამყაროში ვცხოვრობთ. ეს უთანასწორობა ბევრგანაა თვალში საცემი: ბიჭებისგან განსხვავებით, გოგოებს ბავშვობიდან ლიდერებად არ ზრდიან, არ ეუბნებიან, რომ ისინიც წარმატებისთვის არიან დაბადებულები. ისეთ კერძო სკოლებში, სადაც სწავლების ხარისხი უფრო მაღალი, უმეტესად ბიჭები შეჰყავთ, გოგოები კი - ნაკლებად. მინახავს ისიც, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს კაცები იკავებენ, მაგრამ რეალურად საქმეს ამ ორგანიზაციებში ქალები ასრულებენ, მერე კი სახლებში მიდიან და „მეორე ცვლაში“ მუშაობას აგრძელებენ. აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაც ხომ უმეტესად ქალების ვალდებულებად მიიჩნევა და, ბუნებრივია რომ ასეთი ტვირთი მათ რესურსულადაც აღარიბებთ.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ქალებისთვის დიდი წნეხია. ვფიქრობ, ეს რეალობა ცნობიერების ამაღლებით, შრომითი პირობების გაუმჯობესებით, ქალების თავდაჯერების გაზრდით უნდა შეიცვალოს. ალბათ, ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ისევ ქალებს გვაქვს, თუმცა, ურთიერთმხარდაჭერაც გვჭირდება, ამიტომ ვისურვებდი, ცვლილებების გზაზე ერთმანეთის მიმართ მეტი სოლიდარობა გვქონდეს.

„ლიდერ ქალთა აკადემიაში“ მისვლის ერთ-ერთი მოტივაცია, ლექციების თემატიკის გარდა, თავად მონაწილეების - თანამოაზრე ქალების გაცნობაც იყო. განსხვავებული ასაკისა და პროფესიის ქალების გამოცდილების მოსმენა ძალიან მაინტერესებდა. როცა პროექტი დასრულდა, მივხვდი, რომ აკადემიამ საშუალება მოგვცა, დაგვენახა, რამდენი ქალი შრომობს საზოგადოების კეთილდღეობისთვის და ერთმანეთისთვის საიმედო საყრდენები გავმხდარიყავით. ქალების ერთიანობა დიდი ძალაა. როცა ამ ყველაფრის მონაწილე ხდები, გიჩნდება განცდა, რომ მარტო კი არ იბრძვი თანასწორობისა და უკეთესი ქვეყნისთვის, არამედ თანამოაზრეებიც გყავს, რაც მეტის კეთების მოტივაციას გიჩენს.

ჩემი აზრით, ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესებში თანასწორად რომ ვიყოთ ჩართულები, საზოგადოების კეთილდღეობა ბევრად გაიზრდებოდა და რაც მთავარია, მთელ მსოფლიოში ნამდვილი მშვიდობა იქნებოდა. მნიშვნელოვანია, ამის თავად ქალებსაც სჯეროდეთ და შესაბამისი თავდაჯერებაც ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, სულ ვცდილობ, გოგოებს საკუთარი თავის რწმენის გაძლიერებაში დავეხმარო, ყველა ლექციას ამ მოტივაციით ვატარებ. მჯერა, რომ ცნობიერების ცვლილება ჩემი, ერთი ქალის ძალისხმევითაც შესაძლებელია“.