მზეო სიჭინავას სიტყვებით: „ახალგაზრდებთან ერთად, თანასწორობას უფრო სწრაფად მივაღწევთ“
21 წლის მზეო სიჭინავა ახალგაზრდული მუშაკი და მომავალი მასწავლებელია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე სწავლობს და თან საქართველოს გოგო სკაუტების ასოციაცია „დიაში“ რაზმის ლიდერია. მზეო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაშიც მონაწილეობს: „დიას“ სხვა ტრენერებთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ახალგაზრდებს სექსუალური შევიწროების, ბულინგის, გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ ტრენინგებს უატრებს. ინიციატივა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მე-2 ფაზა) ნაწილია. პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
თარიღი:
„14 წლის ასაკიდან სკაუტინგით მოვიწამლე. დღესაც გულს მიჩუყებს მისი შექმნის ისტორია და ყოჩაღი გოგოების ამბავი, რომლებმაც XX საუკუნის დასაწყისში ბიჭების ტანსაცმელი ჩაიცვეს და ჩუმად შეიპარნენ ბანაკში, სადაც მაშინ ქალები არ დაიშვებოდნენ. მოგვიანებით სწორედ მათი გამბედაობა დაედო საფუძვლად გოგოების სკაუტინგის განვითარებას.
სკაუტინგი სრულიად მოხალისეობრივი საქმიანობაა. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი და მოტივაცია სიკეთის კეთებაა. ჩემთვის ამ ყველაფერს ქალების გაძლიერების სურვილიც ემატება. მახსოვს, როცა ახალგაზრდებთან ძალადობისა და თანასწორობის შესახებ პირველი შეხვედრა ჩავატარე, მაშინვე მივხვდი, ცოდნის გაზიარებას რამხელა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც გოგოებისა და ზოგადად ახალგაზრდების ხმა ნაკლებად ისმის. შესაბამისად, ეს ტრენინგები ჩემთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შევიტანო და გოგოებს დავეხმარო.
ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როცა მონაწილეების ისტორიებს ვისმენ და მათ პრობლემასთან გამკლავების ინსტრუმენტებზე ვუყვები. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მიღებული ცოდნის გავრცელებასაც. ტრენინგის დროს მთავარ გზავნილებს ყოველთვის დიდ კედელზე ვაკრავ, მერე კი ახალგაზრდებს ვთხოვ, ფოტოები გადაიღონ და თანატოლებს გაუზიარონ. მოსმენილის შესახებ 5 მეგობარს რომ მაინც უამბონ, უკვე კარგი შედეგი იქნება.
გოგოებს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ჩვენ ხომ საერთო გამოცდილებები გვაქვს. როცა რომელიმე მათგანი საკუთარ ამბავს ჰყვება, დანარჩენების ჟესტები და რეაქციები პირდაპირ ამბობს: „მეც ვიცი, მეც გამომიცდია“. თუმცა, სულ ვცდილობთ, ბიჭებიც წავახალისოთ, მათაც მოვუსმინოთ, მივცეთ სივრცე აზრის გამოსახატად და თან დავანახოთ რეალობა, რომელიც ხშირად ძალიან მტკივნეული აღმოჩნდება ხოლმე. ვფიქრობ, ეს ტრენინგები ბიჭების ჩართულობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან მათი მონაწილეობის გარეშე თანასწორობას ვერ მივაღწევთ.
სამწუხაროდ, დღესდღეობით ახალგაზრდებს ძალადობაზე რეაგირების ფორმებისა და თავდაცვის მექანიზმების შესახებ ცოტა სმენიათ. რაღაც გადახდენიათ, მაგრამ სახელს ვერ არქმევენ. არც ის იციან, ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცნენ, თუმცა, აშკარაა, რომ ნაკლებად სტერეოტიპულად აზროვნებენ, ამიტომ ახალგაზრდებთან ერთად, თანასწორობას უფრო სწრაფად მივაღწევთ.
მას შემდეგ, რაც გოგოები სკაუტების ბანაკში ბიჭების ტანსაცმლით შეიპარნენ, ქალებს საკუთარი უფლებების შეხსენება კიდევ ბევრჯერ მოგვიხდა. სამწუხაროდ, დღესაც ბევრი გამოწვევა გვაქვს, რაც საზოგადოებაში არსებული უთანასწორობით, ქალების წვლილის ნაკლებად წარმოჩენითაა განპირობებული. ქალთა უფლებები ფურცელზე კი წერია, თუმცა გენდერული სტერეოტიპები, პატრიარქალური მიდგომები კვლავაც ღრმადაა გამჯდარი. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებთან ურთიერთობა მაჩვენებს, რომ მოზარდებში მეტი პროგრესია. ვხედავ, როგორ აწუხებთ ეს თემები, როგორ განიცდიან, როგორი ინტერესი აქვთ. ჩვენ იმდენად ბევრ ინფორმაციას ვაძლევთ მათ, რომ მჯერა, ეს ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ახალგაზრდა თაობა სტერეოტიპებით განპირობებული დისკრიმინაციის მანკიერი წრის გარღვევას შეძლებს“.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.