მარიამ ქავშბაიას სიტყვებით: „მეიმედება ახალგაზრდები, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ნაკლებად ექცევიან”

20 წლის ახალგაზრდული მუშაკი და ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ციფრულ მედიასა და კომუნიკაციას სწავლობს. მარიამი არაფორმალურ განათლებაშიც აქტიურადაა ჩართული: გოგო სკაუტების ასოციაცია „დიასთან“ თანამშრომლობს და ერთ-ერთია იმ ტრენერებს შორის, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში ახალგაზრდებთან მუშაობენ. შეხვედრები სექსუალურ შევიწროებასა და ბულინგზე, ადრეულ და იძულებით ქორწინებაზე, ოჯახში ძალადობასა და გენდერულ თანასწორობაზე ინტერაქციულ საუბრებს მოიცავს. ინიციატივა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მე-2 ფაზა) ნაწილია. პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

თარიღი:

მარიამ ქავშბაია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
მარიამ ქავშბაია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

“სკაუტები პირველად 13 წლის ასაკში გავიცანი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ეს ადამიანები ერთად ბევრს მხიარულობენ და თან სამყაროს კეთილდღეობაზე, სიკეთის კეთებაზე ზრუნავენ. გავიგე ისიც, რომ არაფორმალური განათლების არაერთი მეთოდი სათავეს სწორედ სკაუტინგიდან იღებს.

თავდაპირველად მეც სკაუტი ვიყავი, მერე დამხმარე ლიდერი გავხდი, ახლა უკვე რაზმის ლიდერი ვარ და ამ გამოცდილებით, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გოგოების შემთხვევაში სკაუტინგს კიდევ უფრო გამორჩეული მისია აქვს: ეხმარება მათ თავდაჯერებულობის გაზრდაში, ფიზიკურ და პიროვნულ გაძლიერებაში. ეს განსაკუთრებულობა მეც ყოველთვის დამატებით მოტივაციას მაძლევს, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაშიც ენთუზიაზმით ჩავერთე.

ახალგაზრდებთან შეხვედრები ძალიან საინტერესოა, მით უფრო მაშინ, როცა ტრენინგს ბიჭებიც ესწრებიან. გოგოებისთვის ერთმანეთის ისტორიები ყოველთვის ნაცნობია. მაგალითად, სექსუალური შევიწროება ყველა მათგანისთვის ნეგატიური გამოცდილებაა, თუმცა ბიჭებმა ამ გამოცდილების შესახებ ბევრი არაფერი იციან და ხშირად გულწრფელად უკვირთ: “არავინ ხართ ისეთი, ვისაც ეს არ გამოგიცდიათ”?- კითხულობენ ხოლმე გაოცებულები. სირთულეებზე, რომლებსაც გოგოები ყოველდღიურობაში განიცდიან, ბიჭებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, ამიტომ მათი დასწრება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, აუცილებელია, რომ გოგოები და ბიჭები ერთმანეთს საკუთარ პრობლემებზე მეტად ესაუბრებოდნენ, გენდერული სტერეოტიპების ნეგატიურ ზეგავლენას ერთად განიხილავდნენ. სხვაგვარად ცვლილებების მიღწევა გაგვიჭირდება. მათთან ცალ-ცალკე საუბარს ნაკლები შედეგი აქვს, ეს ჩემთვისაც ღირებული მიგნება აღმოჩნდა.

ძალადობასა და თანასწორობის თემებზე ტრენერობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ხშირად რეალობა იმაზე რთული გხვდება, ვიდრე წინასწარ მოელი. მაგალითად, შევხვედრივარ ჩემი ასაკის გოგოებს, რომლებსაც უკვე პირველკლასელი ბავშვები ჰყავთ. თუმცა, იმედს მაძლევს ის ფაქტი, რომ მათ საკუთარი შვილებისთვის სულ სხვაგვარი მომავალი სურთ.

სამწუხროდ, დღესდღეობით ქალთა უფლებების თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში არაერთი მიმართულებით უკუსვლაა. ბევრი პრობლემა გვაქვს საქართველოშიც, სადაც პროპაგანდა და გენდერული სტერეოტიპები ქალებს განსაკუთრებით გვაზიანებს. საზოგადოების ნაწილს ამ გზავნილების სჯერა, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ ირგვლივ ბევრი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს და კარგად ხედავს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ქალები ქვეყნის ცხოვრებაში ვასრულებთ. მეიმედება ახალგაზრდები, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ნაკლებად ექცევიან და ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიცი, რომ დიდი პრობლემები სწრაფად არ გვარდება, ის გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ ტრენინგზე გაზიარებული ცოდნა თუნდაც ერთ გოგოს რომ დაეხმაროს, ეს ჩემთვის უკვე დიდი მიღწევა იქნება”.

სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.