როგორ ცვლის კრეატიული ინდუსტრია სტერეოტიპებს: გზავნილები Ad Black Sea-ის სცენიდან
10-12 სექტემბერს, ბათუმში, კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე, დარგის ქართველი და უცხოელი პროფესიონალები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია წელსაც ამ მასშტაბური ღონისძიების პარტნიორი იყო. მეათე საიუბილეო ფესტივალის სცენიდან კი კვლავაც გაისმა მნიშვნელოვანი გზავნილები, თუ როგორ შეუძლია რეკლამას დისკრიმინაციული სტერეოტიპების მსხვრევა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა.
თარიღი:
კრეატიულმა ინდუსტრიამ უნდა შეცვალოს მცდარი წარმოდგენები, რომლებიც თავადვე შექმნა
Ad Black Sea-ს მთავარ სცენაზე წელს სტუმრებმა კრეატიული ინდუსტრიის არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი იხილეს. მათ შორის სინდი გელოპიც — IfWeRanTheWorld-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასევე, MakeLoveNotPorn-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სინდის ბრენდინგის, მარკეტინგისა და რეკლამის სფეროში მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ამას გარდა, ის ბიზნესში, სარეკლამო თუ ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერითაცაა ცნობილი.
Ad Black Sea-ს დამსწრეებს სინდი რეკლამის ძალაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ რეკლამას შეუძლია შეცვალოს არასწორი წარმოდგენები და პოპულარიზაცია გაუწიოს თანასწორ ურთიერთობებს.
„კრეატიული ინდუსტრია სტერეოტიპებით მუშაობს. ისინი გვეხმარება, ადამიანებს სათქმელი მარტივად გავაგებინოთ მაშინ, როცა გზავნილის გადასაცემად ცოტა დრო და სივრცე გვაქვს. შესაბამისად, ჩვენს დარგში დამკვიდრებულია წარმოდგენა, რომ კაცი ძლიერი, თავდაჯერებული და ოჯახის მარჩენალია, ქალი კი — თბილი, მზრუნველი და აღმზრდელი. ათწლეულებია, რეკლამებით ამგვარი სურათი იქმნება. სინამდვილეში კი მთელ მსოფლიოში წყვილებიდან ორივე მუშაობს. ეს არის რეალური, თანასწორი პარტნიორობა, ამიტომ ჩვენს ინდუსტრიაშიც ამ ურთიერთობის დანახვა მინდა. შევცვალოთ დამკვიდრებული აღქმები: მაგალითად, კაცებმა თავად აირჩიონ სახლში დარჩენა, რათა მხარი დაუჭირონ პარტნიორებს, რომლებიც უფრო მეტს გამოიმუშავებენ. ტრანსფორმაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი გვაქვს და მინდა, ეს რეალობად იქცეს”, - აღნიშნა სინდი გელოპმა.
სპიკერმა საკუთარ პროექტზე MakeLoveNotPorn-ზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სექსუალური განათლების პლატფორმა ქალის ობიექტივიზაციის, გაუპატიურების კულტურის წინააღმდეგ შექმნა და ის მიზნად ჯანსაღი, თანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობების პოპულარიზაციას ისახავს.
„სინდის სახელი და ხმა კრეატიულ ინდუსტრიაში ყოველთვის განსაკუთრებულად ისმის. მას მუდამ სწორი აქცენტები და გზავნილები აქვს. ამჯერადაც ასე იყო. სინდი უამრავი ადამიანისთვისაა ინსპირაცია, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. თავისი საქმიანობითა და კარიერული გზით ის ნათლად აჩვენებს, რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვთ ქალებსა და მათ ხედვებს კრეატიულ ინდუსტრიაში“, - აღნიშნა სპიკერის მოსმენის შემდეგ სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერმა, ეკა ელოშვილმა.
ჯილდო გენდერული თანასწორობის მხარდაჭერისთვის
გენდერული სტერეოტიპების მსხვრევაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ბრენდებსა და საკომუნიკაციო კამპანიებს, რომლებიც გენდერული თანასწორობის თემაზე ხმამაღლა საუბარს არ ერიდებიან და საკუთარი ნამუშევრებით ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ.
ამ წვლილს ეხმიანება ფესტივალის პლატფორმა „Ad Black Sea გენდერული თანასწორობისთვის“ და სპეციალური ჯილდო „შემოქმედებითი ინიციატივები გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც ამ პლატფორმის ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიცა. ჯილდოს მიზანია, წაახალისოს კომპანიები და ადამიანები, რომელთა ნამუშევრებიც გენდერული თანასწორობის თემაზეა შექმნილი და სტერეოტიპების ცვლილებას ემსახურება.
წელს ჯილდო მიიღო Legacy Experience Agency-ის პროექტმა Marionela 18+, რომელიც საქორწინო კაბების ცნობილი ბრენდის, „მარიონელასთვის“ შეიქმნა. ინიციატივა მარტივ და უნივერსალურ იდეას დაეყრდნო: მაღაზიებში გასაყიდ კაბებს ასაკობრივი შეზღუდვის ყველასთვის ნაცნობი სიმბოლო 18+ დაემატა. არასრულწლოვანთა ქორწინების პრობლემის შესახებ შექმნილი პროექტი ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს პრიზით გამოარჩია. დამატებით მან სპეციალური ჯილდო „შემოქმედებითი ინიციატივები გენდერული თანასწორობისთვისაც“ მიიღო.
Ad Black Sea კონკურსის დირექტორი სოფო კეჩხოშვილი აღნიშნავს, რომ ჟიურის ეს გადაწყვეტილება ორმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა: „მარიონელა“ საქართველოში საქორწინო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია და მისი საზოგადოებრივი გავლენა ქორწინების თემაზე დიდია. ამის გარდა, იდეა იმდენად უნივერსალურად გასაგები, ხოლო აღსრულება მარტივი და ბიუჯეტურია, რომ პროექტს სერიოზული საერთაშორისო პოტენციალი აქვს“, - ამბობს სოფო კეჩხოშვილი.
საგულისხმოა, რომ გამარჯვებული სააგენტოს წარმომადგენლებს ჯილდო სინდი გელოპმა გადასცა. როგორც მან აღნიშნა, არასრულწლოვანი გოგოების ქორწინების პრობლემა არაერთ ქვეყანაში დგას, ამიტომ სურს, ეს პროექტი გამბედაობისა და მოქმედების მაგალითი საქორწინო ბრენდებისთვის სხვაგანაც გახდეს.
გენდერული თანასწორობა საქართველოს კრეატიული ინდუსტრიის დღის წესრიგში
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და Ad Black Sea-ს პარტნიორობა უკვე მეხუთე წელია გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ფესტივალმა ცნობილი საერთაშორისო სპიკერების არაერთ გამოსვლასა თუ მასტერკლასს უმასპინძლა. კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს კი საშუალება მისცა, მოესმინათ განსხვავებული ხედვები და გამოცდილებები, თუ როგორ იქმნება ქალების მხარდამჭერი, თანასწორობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული, ღირებული კამპანიები.
ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ცინცაძე ამბობს, რომ, თანამშრომლობამ გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები არა მარტო Ad Black Sea-ის, არამედ მთლიანად ინდუსტრიის დღის წესრიგის ნაწილად აქცია: „ჩემთვის ეს ამ პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. საგულისხმო ცვლილებაა ისიც, რომ თემა უკვე აღარ არის კონკრეტული ინიციატივა ან კამპანია, რომელსაც Ad Black Sea ყოველწლიურად აკეთებს. ინდუსტრია მუდამ ელოდება, რა სიახლე გვექნება ამ მიმართულებით, ჩნდება სულ უფრო მეტი საინტერესო ნამუშევარი, შეიცვალა საუბრის მასშტაბი და ჩვენი ხედვაც. ამ პარტნიორობამ გვასწავლა, უფრო კრიტიკულად განვიხილოთ, ვის ვიწვევთ გენდერულ თემაზე სასაუბროდ, როგორ წარმოვაჩენთ ქალებს და რა გავლენას შეიძლება ახდენდეს კრეატივი საზოგადოების მიერ გენდერული როლების აღქმაზე“, - აღნიშნავს თამარ ცინცაძე.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პროფესიული პლატფორმის, Ad Black Sea-ს პარტნიორობა წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს. პროგრამა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.