ელეონორა გურჩიანი: „მშვიდობის ელჩზე უკეთესი რა შეიძლება გერქვას?“
თარიღი:
65 წლის ელეონორა გურჩიანი დევნილი ორჯერ გახდა: პირველად 1992 წელს, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, მეორედ კი 2008-ში, როცა მშობლიურ სოფელში დაბრუნებულს, სახლის დატოვება ისევ მოუწია. ახლა ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროში, დედასა და ძმასთან ერთად ცხოვრობს.
„აფხაზეთში, კოდორის ხეობაში დავიბადე და გავიზარდე. მერე სოხუმში გადავედი. ბუღალტერია შევისწავლე და სპეციალობით ვმუშაობდი. სულ 7 დედმამიშვილი ვართ. ყველანი უმეტესად სოხუმში ვცხოვრობდით, თუმცა 1992 წელს, როგორც კი ომი დაიწყო, მშობლიურ სოფელში, გენწვისში დავბრუნდით. სოხუმის დაცემის შემდეგ, ქართულმა ჯარმა ხეობა რომ დატოვა, ხალხი პანიკამ მოიცვა. ადგილობრივების უმეტესობა იმ ღამესვე წამოვედით. დარჩა მხოლოდ მამა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გენწვისში ცხოვრობდა და სახლს პატრონობდა. ის აგვისტოს ომამდე, 2007 წელს გარდაიცვალა. მეორე დევნილობას არ მოსწრებია“, - ჰყვება ელეონორა.
1993 წლის 27 სექტემბერს, როცა ქალაქი სოხუმი დაეცა, ელეონორასა და მისი ოჯახის წევრების მსგავსად, ათიათასობით დევნილი საკენი-ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგა. ადამიანებს, მათ შორის ბავშვებსაც, ფეხით სიარული ურთულეს პირობებში უწევდათ. თანაც, უჩვეულოდ ნაადრევად მოთოვა და დევნილების მდგომარეობა ამინდმა კიდევ უფრო დაამძიმა. დღემდე უცნობია მათი რიცხვი, ვინც უღელტეხილზე გადმოსვლისას დაიღუპა.
ელეონორა იხსენებს, რომ მოულოდნელმა თოვლმა უღელტეხილის ახალგაჭრილი გზა მთლიანად აატალახა. მანქანიანებმა მიწაში ჩაფლული ტრანსპორტი იქვე დატოვეს, სიმწრისა და დაღლილობისგან, ზოგმა ავტომობილი ხრამში საკუთარი ხელით გადაჩეხა.
„ჯოჯოხეთს გავდიოდით. ადამიანები ჩვენ თვალწინ შიმშილით, სიცივითა და დაღლილობით იხოცებოდნენ. ვნახეთ 11 ცხედარი, რომელთა წასვენებაც ოჯახის წევრებმა ვერ მოახერხეს და მერე, როგორც გავიგე, მიწას ჭუბერელებმა მიაბარეს. შევესწარით, როგორ წაიქცა და ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, მოვისმინეთ ორსული გოგოს ამბავი, რომელიც მშობიარობის შემდეგ, ღამე ბავშვთან ერთად გაიყინა. საშინელება იყო იმ სასოწარკვეთილი ქალების ყურებაც, რომლებიც ზედმეტ ბარგად ქცეულ ძვირფას ჭურჭელს ქვებზე ამტვრევდნენ, თეთრეულსა და ბალიშებს ხევდნენ“, - ჰყვება ელეონორა.
სოფელ ჭუბერში ჩამოსულები, მამიდაშვილებმა შეიფარეს. მოგვიანებით ძმები მამასთან, გენწვისში დაბრუნდნენ, დებმა კი ქმრებითა და შვილებით სხვა რეგიონებში გადაინაცვლეს. ელეონორა, უმცროსი ძმა და დედა ჯერ ჭუბერში დარჩნენ, შემდეგ კი ქუთაისში, დევნილთა თავშესაფარში გადავიდნენ.
„ძალიან გვიჭირდა, თუმცა მხოლოდ ჩვენ არა, მთელ საქართველოში ასე იყო. ჩვენ რომ დევნილობის დახმარებას ვიღებდით, ზოგ ადგილობრივს ის პურიც კი არ ჰქონდა. მერე დრო გავიდა და კოდორის ხეობაში დაძაბულობამ იკლო. მეც ჩემს თავს შემოვუძახე, გული გავიმაგრე და სამხედრო ვერტმფრენით გენწვისში ჩავედი. 1997 წლიდან სოფელში სხვა დევნილებიც დაბრუნდნენ, მაგრამ მაინც სულ შიშში ვიყავით. გმირობას უტოლდებოდა იქ ცხოვრება. ერთი ის იყო, რომ ჩემი სახლი და ეზო კიდევ უფრო შემიყვარდა, ყველაფერს — საქონელს, ფრინველს, მცენარესა თუ ფუტკარს განსაკუთრებულად ვუვლიდი“, - ამბობს ელეონორა.
მეორე დევნილობა
2008 წელს, როგორც კი კოდორის ხეობა დაიბომბა, მოსახლეობამ გენწვისის დატოვება დაიწყო. 8 აგვისტოს ელეონორა, დედასა და ძმებთან ერთად, კვლავ ფეხით წამოვიდა.
„გზად მეზობელი დიდი ტრაქტორით შემოგვეშველა, მერე სამხედრო მანქანაზე გადავსხედით და თბილისში ისე ჩამოვედით. გორის ბაზა რომ იბომბებოდა, მაგისტრალი სწორედ მაშინ გამოვიარეთ. ჩვენ თვალწინ მოხდა ყველაფერი“, - ჰყვება ის.
დევნილებს საცხოვრებელი თავდაპირველად ერთ-ერთ სკოლაში გამოუყვეს, მერე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, რამდენიმე თვეში კი წინწყაროში დასახლება შესთავაზეს. მაშინ სოფელში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა იყო: არც წყალი მოდიოდა და არც ბუნებრივი აირის გაყვანილობა არსებობდა, თუმცა ელეონორამ, დედასა და ძმასთან ერთად, წინწყაროში დარჩენა არჩია. სახლს ხელი შეავლეს, იშრომეს, მერე კი მოსავალიც მოიყვანეს და სიცოცხლის ახალი კერა გააჩინეს. თანდათან მათ სხვა დევნილებმაც მიბაძეს და ჩამოსახლება დაიწყეს. დღეს აქ უკვე კოდორის ხეობიდან წამოსული 70-მდე ოჯახია. მათთან ერთად წინწყაროში აჭარიდან და ლენტეხიდან ჩამოსული ეკომიგრანტები, ეთნიკური ბერძნები და აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ.
ქალები სოფლისთვის ზრუნავენ
წინწყაროს ქალების ცხოვრებაში სიახლის სხივი პირველად 2010 წელს, „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. ელეონორას დღემდე ახსოვს ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელის მარინა თაბუკაშვილის ნათქვამი, თუ სოფელში რაღაც გაკლიათ, მის შევსებაზე თავადაც შეგიძლიათ იზრუნოთო. „ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა, როგორც კი შეკრება დასრულდა, შვიდი ქალი გავერთიანდით, პირველი თვითდახმარების ჯგუფი შევქმენით და ადგილობრივების პრობლემებზე ზრუნვა დავიწყეთ. ხან გამოგვდიოდა და ხან — არა, მაგრამ მთავარია, სახლებში არ ვისხედით, ვსწავლობდით და ვიბრძოდით. მას შემდეგ ქალები სულ ერთმანეთს ვეზიდებით, მხარში ვუდგავართ“, - ამბობს ელეონორა.
თანდათან მათ საქმიანობას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფების რაოდენობა კი 5-მდე გაიზარდა. მიღებული გრანტებით პირველად გახსნეს ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც სოფლის ადმინისტრაციის შენობაში ოთახი საკუთარი ხელით გაარემონტეს, შეიძინეს წიგნები, კომპიუტერები, პრინტერები და ავეჯი. მერე საბავშვო ბაღზეც იზრუნეს და ინვენტარი უყიდეს, ღია სივრცეში ტრენაჟორები დაამონტაჟეს, დევნილ ქალებს სამკერვალოს გასახსნელად მანქანები გადასცეს.
მოგვიანებით ჯგუფებმა საქმიანობა უკვე სათემო ფონდ „კოდორი 2013“-ის სახელით განაგრძეს. შეიძინეს შენობაც, სადაც წინწყაროსა და მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებისთვის სანტექნიკის, მეფუტკრეობის, თექაზე მუშაობის, ჭრა-კერვისა და კულინარიის არაერთი სასწავლო კურსი ჩაატარეს. ქალებმა მსურველებს იურისტისა და ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციებიც შესთავაზეს. ეს შეკრებები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის მქონე მოსახლეობას ერთმანეთის კულტურების უკეთ გაცნობაშიც ეხმარებოდა და მათ კიდევ უფრო აახლოებდა.
„ამ გზაზე ცხვრის ფარა გადაჰყავდათ ხოლმე, რის გამოც სულ ანტისანიტარია იყო. ჩვენი დიდი ძალისხმევით მივაღწიეთ, რომ მწყემსები უკვე სხვა მიმართულებით გადაადგილდებიან. ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიის გამრიცხველიანება არ გვქონდა, საბავშვო ბაღსაც განახლება სჭირდებოდა, სასმელ წყალს ხელით ვეზიდებოდით ან ვყიდულობდით. დღეს ეს ყველაფერი მოგვარებულია. შეიძლება ისედაც აპირებდა თვითმმართველობა, მაგრამ ძალები რომ არ დავიშურეთ, ამან პროცესი ძალიან დააჩქარა. ჩვენი, ქალების გარეშე ოჯახში, სოფელსა თუ ქვეყანაში შენება და გაძლიერება წარმოუდგენელია “, - ამბობს ელეონორა.
მშვიდობის ელჩი
ელეონორა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზეც მუშაობს, არის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრი. მისი ინიციატივით, გასულ წელს წინწყაროს ბიბლიოთეკის თაროებს ახალი ავტორები შეემატა. ნაწარმოებები ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეარჩიეს, წიგნების შეძენა კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით მოხერხდა.
„თუნდაც ერთ ადამიანსაც დღე რომ გავუხალისო, ახალი ცოდნის მიღებაში დავეხმარო, მიხარია. მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის წევრი რომ ვარ, ესეც მიყვარს. მშვიდობის ელჩზე უკეთესი რა შეიძლება გერქვას“, - ამბობს ელეონორა და დასძენს, რომ ქალების პოტენციალი ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული: „მთავარი სამშვიდობო ხიდების გადება ჩემნაირ, ჩვეულებრივ ქალებს შეგვიძლია. ნება თუ იქნება, ჩვენ ბევრ რამეს მოვაგვარებდით“, - აღნიშნავს ის.
ელეონორა გურჩიანი აქტიურად მონაწილეობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“, რომელიც 2024-2025 წლებში, ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობდა და შემდგომ, 2025-2026 წლებში, ახალი პროექტით „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ გაგრძელდა. ორივე მათგანი კონფლიქტით დაზარალებული და გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის, ადგილობრივი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მონაწილეები თემების საჭიროებებს იკვლევდნენ, პრიორიტეტებს სახავდნენ და მოსახლეობის ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა სათემო ინიციატივას გეგმავდნენ. საბოლოოდ, 36 მცირე პროექტი განხორციელდა და 10 000-ზე მეტი ადამიანის ცხოვრებაში ახალი მუხტი შეიტანა. ერთ-ერთი მათგანი წინწყაროს ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემაც იყო.
ორივე პროექტი და, ასევე, მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის ჩამოყალიბება გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობასთან”, ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმთან” პარტნიორობით განახორციელა.