ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების მხარდაჭერა ტესტერების საერთაშორისო დღის მნიშვნელოვან გზავნილად იქცა

8-9 სექტემბერს თბილისში საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭომ (GeoSTQB) ტესტერების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ტექნოლოგიების სფეროში ქალებისა და გოგოებისთვის ბარიერების შემცირება, ინდუსტრიაში მათი ჩართულობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა იყო. ტესტერების საერთაშორისო დღის აღნიშვნასა და გოგოების მხარდამჭერ ინიციატივებს წელს გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკვე მესამედ შეუერთდა. გაეცანით მთავარ, საინტერესო გზავნილებს GeoSTQB-ის ღონისძიებებიდან.

თარიღი:

ტესტერების საერთაშორისო დღის აღსანიშნად, თბილისში მასშტაბური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინრები, დეველოპერები და ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები გააერთიანა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 5 გოგო დაესწრო. ფოტო: GeoSTQB
ტესტერების საერთაშორისო დღის აღსანიშნად, თბილისში მასშტაბური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინრები, დეველოპერები და ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები გააერთიანა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 5 გოგო დაესწრო. ფოტო: GeoSTQB

ტექნოლოგიებში ქალებისთვის შეუძლებელი ამოცანები არ არსებობს

ტესტერების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ჰაკათონით დაიწყო, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ჩატარდა. დარგის საუკეთესო პროფესიონალები ერთმანეთს პროგრამული პროდუქტების ხარისხის შემოწმებაში, ხარვეზების აღმოჩენასა და უსაფრთხო ტესტირების სტრატეგიების შემუშავებაში ეჯიბრებოდნენ. ჰაკათონში, რომელიც ტესტერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და პროფესიული ზრდის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გოგოების გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.

გუნდის წევრები — გურანდა ლემონჯავა, ანანო თოფურია, გვანცა შაქარაშვილი, ლანა გოგუა და თამარ ქურციკაშვილი — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულები არიან. მათ ციფრული პროდუქტების ტესტირება და დეველოპერობა წარმატებით შეისწავლეს, ახლა კი Tech Women Community-ს წევრებს წარმოადგენენ — პლატფორმის, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და D Block-ის პარტნიორობის ფარგლებში, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებული ქალებისა და გოგოებისთვის გასულ წელს შეიქმნა.

ჰაკათონის მიმდინარეობისას გოგოებმა 4 საათის განმავლობაში სოციალური მედიის ერთ-ერთი მზა პროდუქტის ტესტირებაზე იმუშავეს, მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს, ხარვეზები აღმოაჩინეს და მათი ტიპებისა თუ კრიტიკულობის შესახებ დეტალური ანგარიშები მოამზადეს.

“ახალგაცნობილ ადამიანებთან მუშაობა დიდი გამოწვევაცაა და შესანიშნავი შესაძლებლობაც, უკეთ განივითარო გუნდურობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარები. გოგოების უმეტესობა ჰაკათონში პირველად ვმონაწილეობდით და ის მართლაც საინტერესო აღმოჩნდა, თითოეულმა უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ და შედეგითაც კმაყოფილები დავრჩით. ეს ცოდნა პირდაპირ აისახება ჩვენს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობასა და კარიერულ ზრდაზე”, - აღნიშნა ჰაკათონის დასრულების შემდეგ გუნდის კაპიტანმა, გურანდა ლემონჯავამ და დასძინა, რომ ამგვარ ღონისძიებებში გოგოების მონაწილეობის მხარდაჭერა თანასწორობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია: “ეს ინიციატივები ქალებს გვეხმარება, ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლობები, არ შევუშინდეთ გამოწვევებს და დავამსხვრიოთ არსებული სტერეოტიპები. რაც მთავარია, ისინი გვარწმუნებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში ქალებისთვის შეუძლებელი ამოცანები არ არსებობს”.

გოგოების გუნდი, რომელიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჰაკათონში მონაწილეობს, სოციალური მედიის ერთ-ერთი მზა პროდუქტის ტესტირებაზე მუშაობს. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გოგოების გუნდი, რომელიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჰაკათონში მონაწილეობს, სოციალური მედიის ერთ-ერთი მზა პროდუქტის ტესტირებაზე მუშაობს. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ტექნოლოგიებში მომუშავე ქალებსა და გოგოებს მუდმივად უწევთ მტკიცება, რომ ამ სფეროში ყოფნას იმსახურებენ

ქალებმა გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი კვლავაც არაერთ გამოწვევას აწყდებიან. რა დაბრკოლებები არსებობს ქალებისთვის და როგორია მათი დაძლევის გზები — ამ აქტუალურ თემებს შეეხებოდა შეხვედრა, რომელიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, Tech Women Community-ს წევრებისთვის კომპანია “უილტ დისნეის” ხარისხის ინჟინერიის დირექტორთან, ჯანა ლოფლერთან შედგა.

ჯანა ლოფლერს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის სფეროში მრავალფეროვან პროდუქტებზე მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. დამსწრეებს ის საკუთარ პროფესიულ გზასა და იმ სტრატეგიებზე ესაუბრა, რომლებიც საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე კარიერულ წინსვლაში დაეხმარა. ამას გარდა, მან გოგოებს გაუზიარა რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევებიც, თუ როგორ გაიძლიერონ თავდაჯერება, იმოქმედონ საკუთარი ინტერესებისა თუ შესაძლებლობების დასაცავად, გადალახონ სპეციფიკური ბარიერები და წარმატებით განაგრძონ განვითარება.

“წლების განმავლობაში მეგონა, მუდმივად უნდა დამემტკიცებინა, რომ ამ სფეროში ჩემი ადგილი მაქვს. სანამ სიმართლე არ გავაცნობიერე: მე ჭკვიანი და საკმარისად კარგი ვიყავი. მინდა, რომ დარბაზში მყოფმა თითოეულმა ქალმა და გოგომ იცოდეს — საკუთარი თავის რწმენისთვის სხვისი ნებართვა არ გჭირდებათ, თქვენი შეფასება უკვე საკმარისია”, - აღნიშნა გამოსვლის ბოლოს ჯანა ლოფლერმა.

ტესტერი გოგოების მხარდაჭერა — მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის შემცირებისთვის

კომპანია “უილტ დისნეის” ხარისხის ინჟინერიის დირექტორი ჯანა ლოფლერი Tech Women Community-ს წევრებისთვის შეხვედრას მართავს და მათ საკუთარ პროფესიულ გზასა და გამოწვევებზე ესაუბრება. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
კომპანია “უილტ დისნეის” ხარისხის ინჟინერიის დირექტორი ჯანა ლოფლერი Tech Women Community-ს წევრებისთვის შეხვედრას მართავს და მათ საკუთარ პროფესიულ გზასა და გამოწვევებზე ესაუბრება. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიებში კარიერის დაწყებისა თუ განვითარების კუთხით არაერთ ბარიერს აწყდებიან, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ტესტირება ხშირად ამ ინდუსტრიაში ჩართვის ყველაზე ხელმისაწვდომია ნაბიჯია. სწორედ ამიტომ, წლებია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოსთან თანამშრომლობს და მხარს უჭერს მის სხვადასხვა წამოწყებას, რათა უფრო მეტ ქალსა და გოგოს მიეცეს შესაძლებლობა, გაიცნოს ეს პროფესია, მიიღოს პრაქტიკული ცოდნა, გაიფართოოს პროფესიული კავშირები და ტექნოლოგიების სფეროში სხვა მიმართულებებითაც განვითარდეს.

ამ მიზანს ემსახურებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივ სასწავლო პროგრამებში მონაწილე 5 გოგოს 9 სექტემბერს, ტესტერების საერთაშორისო დღის აღსანიშნად გამართულ მასშტაბურ კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა.

ღონისძიებამ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინრები, დეველოპერები და ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები გააერთიანა. კონფერენციაზე განხილული იყო ინდუსტრიის აქტუალური გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები, საერთაშორისო პროექტების გამოცდილება და ა.შ. შესაბამისად, გოგოებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ მნიშვნელოვანი პროფესიული ინფორმაცია, გაცნობოდნენ დარგის უახლეს ტენდენციებს და დაემყარებინათ სასარგებლო კავშირები.

საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნათია სირბილაძე ტესტერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე. ფოტო: GeoSTQB
საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნათია სირბილაძე ტესტერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე. ფოტო: GeoSTQB

საგულისხმოა, რომ საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭო სისტემატურად ატარებს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ბაზრის კვლევას და ავლენს იმ უთანასწორობას, რაც სფეროში გენდერული ნიშნით არსებობს. ბოლო კვლევა, რომლის შედეგების პრეზენტაციაც ამავე კონფერენციაზე შედგა, აჩვენებს, რომ სექტორში გენდერული უთანასწორობა სახელფასო სხვაობისა და კარიერული დაწინაურების მიმართულებებით ვლინდება. თუკი საწყის საფეხურებზე გენდერული ბალანსი შედარებით დაცულია და ქალები დაბალი პოზიციების 45%-ზე მეტს იკავებენ, მაღალ პოზიციებზე ეს მაჩვენებელი 25%-მდე მცირდება. საგულისხმოა ისიც, რომ იმ სპეციალიზაციებში, რომლებშიც ანაზღაურება მაღალია, კაცები დომინირებენ, რაც გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობასაც განაპირობებს. რეალობიდან გამომდინარე, არსებული უთანასწორობის შესამცირებლად, გოგოების მხარდამჭერი მცირე ინიციატივებიც კი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„წლების განმავლობაში ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს იმ სტერეოტიპების მსხვრევას, თითქოს საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროები ქალებისთვის არ არის. ჩვენი გამოცდილებების გაერთიანება ქმნის მხარდამჭერ გარემოს, სადაც დამწყებ გოგოებს აქვთ როგორც ცოდნის მიღებისა და უნარების გაძლიერების, ისე პროფესიულ ქსელებში ჩართვის შესაძლებლობა. ეს კი მათ კარიერულ ზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას ეხმარება”, - აღნიშნა საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ნათია სირბილაძემ.

საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოსთან თანამშრომლობასა და ტესტერი გოგოების მხარდაჭერას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს.


ტესტერების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მხარდაჭერა წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის” ნაწილს, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.