საცდელი ნამცხვრიდან კაფე-საკონდიტრომდე

35 წლის ნანიკო იარალიშვილი, მეუღლესა და 8 წლის შვილთან ერთად, მაღალმთიან რაჭაში, ქალაქ ონში ცხოვრობს და კაფე-საკონდიტრო „ნიტას“ უძღვება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ტრენინგებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ციფრული უსაფრთხოების, დეზინფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის, ასევე, ფინანსური წიგნიერებისა და მეწარმეობის საკითხებზე სწორედ ამ სივრცემ უმასპინძლა. შეხვედრებს, ადგილობრივ ქალებთან ერთად, თავად ნანიკოც აქტიურად ესწრებოდა. ტრენინგები გაეროს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი გაეროს ერთიანი თემატური ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.

თარიღი:

მეწარმე ნანიკო იარალიშვილი. ნანიკო მაღალმთიან რაჭაში, ქალაქ ონში ცხოვრობს და კაფე-საკონდიტრო „ნიტას“ უძღვება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
მეწარმე ნანიკო იარალიშვილი. ნანიკო მაღალმთიან რაჭაში, ქალაქ ონში ცხოვრობს და კაფე-საკონდიტრო „ნიტას“ უძღვება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ნანიკო იარალიშვილი 4 წლის იყო, როცა მისი დედ-მამა რაჭიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, თუმცა ოჯახს მშობლიურ კუთხესთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. „ზაფხულობით დასასვენებლად ყოველთვის სიხარულით ჩამოვდიოდით. ამ სიყვარულმა მომცა ბიძგი, რომ 26 წლის ასაკში უკან დაბრუნებაზე მეფიქრა“, - იხსენებს ნანიკო.

ყველაფერი სამსახურის ძებნით დაიწყო. ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, რაჭაში, ქალაქ ონში, მოლარე-ოპერატორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი წარმატებით გაიარა და ახალი ამბავი ოჯახს შეატყობინა. „მშობლებს დიდად არ გახარებიათ. დედა მეუბნებოდა, მთის ყოველდღიურობა ძალიან რთულია და გაგიჭირდებაო, თუმცა საბოლოოდ თავადაც აქ დაბრუნდა“, - ამბობს ნანიკო.

ონში გადასვლის შემდეგ მალევე დაქორწინდა. უკვე ორსულად იყო, როცა დასასვენებლად ჩასულ კონდიტერ დედას სთხოვა, ნამცხვარი გამოეცხო და ადგილობრივ მაღაზიაში გაეყიდა. ნახელავი ყველას ძალიან მოეწონა. „მხოლოდ პატარა ღუმელი და ხელის მიქსერი გვქონდა, ასე დავიწყეთ კაფე-საკონდიტრო „ნიტას“ ისტორია“,- იხსენებს ნანიკო.

საქმიანობა ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარეს: ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ჯერ საკონდიტრო მოაწყვეს, მერე კი კაფეც გახსნეს. ნანიკო, რომელიც ბანკში აღარ მუშაობდა, დედას ყველაფერში ეხმარებოდა. „ეს გრანტები იყო პატარა ნაპერწკლები, რომლებმაც გაგვზარდა, ამ წარმატებამდე მოგვიყვანა. იმედი მაქვს, ასეთი შესაძლებლობები კიდევ გვექნება“, - აღნიშნავს ის.

ნანიკო იარალიშვილი კაფე-საკონდიტრო „ნიტას“ სამზარეულოში სტუმრებისთვის ადგილობრივ კერძს, ხაჭაპურს ამზადებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ნანიკო იარალიშვილი კაფე-საკონდიტრო „ნიტას“ სამზარეულოში სტუმრებისთვის ადგილობრივ კერძს, ხაჭაპურს ამზადებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ნანიკოს დედა ორი წლის წინ ტრაგიკულად გარდაეცვალა. დღეს ის კაფე-საკონდიტროს უკვე მარტო უძღვება. ამბობს, რომ საქმის გაგრძელება მომხმარებლების სიყვარულმა გადააწყვეტინა და, რა თქმა უნდა, სურვილმა — არ შეეწყვიტა გზა, რომელიც დედასთან ერთად დაიწყო. პარალელურად, ნანიკო არც მეორე პროფესიას ივიწყებს: სახლის ეზოში სახელოსნო აქვს და „ნანარტონის“ ბრენდით ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის. ხშირად სამკაულებსა და ნივთებს რაჭული ყვავილებით აფორმებს და აქ მოსულ ტურისტებს მშობლიური კუთხის ნაწილს ატანს.

ცოდნის გაზიარება და სოლიდარობა მეწარმე ქალების გაძლიერებისთვის

ნანიკო იარალიშვილი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც თებერვალში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ფინანსური წიგნიერებისა და მეწარმეობის შესახებ ტრენინგები გაიარეს. შეხვედრების მიმდინარეობისას მონაწილეებმა ბიზნესგეგმების დაწერისა და იდეების წარდგენის, ბიუჯეტის შედგენის, ხარჯების განსაზღვრის, მოგება-ზარალის გაანგარიშების, ბაზრის სეგმენტაციისა და მომხმარებლების ანალიზის შესახებ მნიშვნელოვანი ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეს. საგულისხმოა, რომ ამ თემებზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქვემო და შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სულ 500-მდე ქალი გადამზადდა. შეხვედრები ახალი აზროვნების ინსტიტუტთან, ქართულ მედია ჯგუფთან, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმსა” და ფონდ “აფხაზინტერკონტთან” პარტნიორობით ჩატარდა.

ტრენინგები გაეროს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი გაეროს ერთიანი თემატური ფონდის ხელშეწყობით, გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, ქვემო და შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელდა.

საგულისხმოა, რომ ონში ჩატარებულ ტრენინგებს ნანიკოს კაფე-საკონდიტრომ უმასპინძლა. ის შეხვედრებში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა. „ბევრი ისეთი ნიუანსი მოვისმინე, რომლებიც მანამდე არ ვიცოდი. მაგალითად, როგორ განვსაზღვრო ხარჯები და მოგება, დავგეგმო წელი. ღირებული იყო შესაძლებლობებზეც მსჯელობაც. გავიგე, რომ თურმე შემიძლია, ჩემს საკონდიტროსა თუ სახელოსნოში ყოველდღიური ფუსფუსი სპეციალურ ტურად და შემოსავლის მომტან საქმიანობად ვაქციო. ასეთი მიმართულებების ჩვენება ძალიან ღირებულია“, - აღნიშნავს ნანიკო.

ნანიკო იარალიშვილი, ადგილობრივ ქალებთან ერთად, ესწრება ფინანსური წიგნიერებისა და მეწარმეობის შესახებ ტრენინგს, რომელსაც მისმა კაფე-საკონდიტრომ უმასპინძლა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ნანიკო იარალიშვილი, ადგილობრივ ქალებთან ერთად, ესწრება ფინანსური წიგნიერებისა და მეწარმეობის შესახებ ტრენინგს, რომელსაც მისმა კაფე-საკონდიტრომ უმასპინძლა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის „საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ბარიერები და შესაძლებლობები“ მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გერმანული ფონდის “შპარკასე საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (DSIK) ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მეწარმე ქალებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან ბარიერად რჩება, რაც არასაკმარისი ფინანსური ცოდნითაცაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური წიგნიერების სიმცირე, როგორც ქალთა მეწარმეობის შემაფერხებელი ფაქტორი, გამოიკვეთა შეხვედრებზეც, რომლებიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, 2025 წელს, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ჩატარდა. შეხვედრები ადგილობრივი პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას მიეძღვნა. მათ ოთხივე რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი და სათემო ლიდერი დაესწრო. არსებული რეალობის გათვალისწინებით, პროექტმა მიზნად დაისახა, ქალებს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებოდა.

„მეწარმე ქალებისთვის ფინანსური თუ პროფესიული ცოდნის გაზიარება და სოლიდარობის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. მეც, როგორც კი ცოტა დრო და შესაძლებლობა გამომიჩნდება, ვცდილობ, სხვებსაც ვასწავლო. ადგილობრივი ქალებისთვის პერიოდულად სულ მაქვს ხოლმე მასტერკლასები. ვეხმარები მათ, რომ ხელნაკეთი აქსესუარები შექმნა თავადაც შეძლონ“, - ამბობს ნანიკო.

პროექტი „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტების მხარდაჭერას, სამოქალაქო ჩართულობისა და დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა. პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მჭიდროდ ითანამშრომლა რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ხელი შეუწყო მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა სამომავლოდაც ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონებისა და იქ მცხოვრები ადამიანების განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი როლის შესრულება განაგრძონ.