ქალთა უფლებები და ამბების ძალა: გზავნილები თბილისის ZEG Storytelling Festival-იდან

თარიღი:

ZEG Storytelling Festival ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მწერლებს, არტისტებსა და ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ZEG Storytelling Festival ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მწერლებს, არტისტებსა და ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ZEG Storytelling Festival-ის შთამბეჭდავი სცენიდან ქალების ხმა მკაფიოდ გაისმა: 19-21 ივნისს, თბილისში გამართულმა ღონისძიებამ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე საერთაშორისო თუ ადგილობრივი სპიკერების შთამაგონებელ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა. 

“ქალები ამბის ცენტრში” — ამ გზავნილით გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ფესტივალის 1000-ზე მეტმა სტუმარმა მოისმინა ისტორიები, რომელთა მთავარ ფოკუსშიც ცვლილებების ინიციატორი, სამართლიანობისა და თანასწორობისთვის მებრძოლი, გამბედავი. წარმატებული და უბრალოდ ერთმანეთის გულშემატკივარი ქალები იყვნენ. გზავნილები და მიგნებები ZEG Storytelling Festival-იდან:

იურისტი ქერი გოლდბერგმა საუბრობს სამართლებრივ პრაქტიკაზე, რომელიც მან ქალების დასაცავად შექმნა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
იურისტი ქერი გოლდბერგმა საუბრობს სამართლებრივ პრაქტიკაზე, რომელიც მან ქალების დასაცავად შექმნა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ქალები ძალაუფლების მიღმა არიან, ამიტომ ამბის ნახევარი უხილავი რჩება

ქალების ცხოვრება მეორეხარისხოვანი არ არის, თუმცა ისინი ამბის ცენტრში ისევ ვერ ხვდებიან: მედია მათ კვლავაც მსხვერპლებად, სიმბოლოებად და დამატებით პერსონაჟებად წარმოადგენს, ისტორიის ნახევარს კი უხილავს ტოვებს. Fuller-ის მთავარმა რედაქტორმა, The Gender Beat-ის თანადამფუძნებელმა, ელიზა ანიანგვემ და ჟურნალისტმა, მკვლევარმა და AKAS-ის თანადამფუძნებელმა, ლუბა კასოვამ ZEG Storytelling Festival-ის სცენიდან იმ ქალებზე ისაუბრეს, რომელთა ხმებსაც ახალი ამბები ვერ ამჩნევს. სპიკერებმა იმსჯელეს, როგორი იქნებოდა ისტორიები, ძალაუფლების ცენტრში ქალები რომ ყოფილიყვნენ, მედიას კი ისინი ექსპერტებად, პროფესიონალებად და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებად წარმოეჩინა.

ლუბა კასოვამ აღნიშნა, რომ სოციალური ნორმები და წარმოდგენები ქალებს გლობალური ძალაუფლების მიღმა ტოვებს და ეს ყველა სფეროში ჩანს. ელიზამ ანიანგვემ კი ყურადღება მედიამასალებში ზრუნვისა და თანაგრძნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა: „თუ ცვლილება გვინდა, ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემაა“, - დასძინა მან.

ლუბა კასსოვა და ელიზა ანიანგვე მსჯელობენ, თუ როგორ ახშობს სოციალური ნორმები ქალების ხმებს ახალი ამბებიდან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ლუბა კასსოვა და ელიზა ანიანგვე მსჯელობენ, თუ როგორ ახშობს სოციალური ნორმები ქალების ხმებს ახალი ამბებიდან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

კულტურა კვლავაც ეწინააღმდეგება „რთულ“ ქალებს, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს

კულტურა, რომელიც დიდწილად კვლავაც მასკულინურია, ქალებს მხოლოდ შთაგონების, მსხვერპლებისა თუ ლამაზმანების როლებს ანიჭებს, მათ მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას კი არ წყალობს მიუხედავად ამისა, არსებობენ ქალები, რომლებსაც არ სურთ, მხოლოდ მუზები იყვნენ და უარს ამბობენ დეკორაციების როლზე — მწერალი და პოდკასტერი ნანა დარკოა სეკიამიაჰ, პიანისტი თამრიკო კორძაია, ჟურნალისტი და მედია აღმასრულებელი რეიჩელ კორპი, კომიკოსი, ამბების მთხრობელი და ფემიციდის საკითხებზე მომუშავე როზმერი დე ლა კრუზ სუაზო აუდიტორიის სწორედ ამ ქალებზე ესაუბრნენ.

პიანისტი თამრიკო კორძაია აუდიტორიას უზიარებს საკუთარ ამბავს სტიგმის შესახებ, რომელიც მან წლების წინ ქმრის გარეშე შვილის გაჩენის გამო გამოიარა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
პიანისტი თამრიკო კორძაია აუდიტორიას უზიარებს საკუთარ ამბავს სტიგმის შესახებ, რომელიც მან წლების წინ ქმრის გარეშე შვილის გაჩენის გამო გამოიარა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ნანა დარკოა სეკიამიაჰმა ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ იცვლება რეალობა, როცა ქალები ყურადღების ცენტრში საკუთარ სურვილებსა და კეთილდღეობას აყენებენ, თამრიკო კორძაიამ საკუთარი ისტორია გაიხსენა და აუდიტორიას უამბო, რამდენად მიუღებელი იყო წლების წინ საზოგადოებისთვის ქმრის გარეშე შვილის გაჩენა, რეიჩელ კორპმა კი მედიის მართვის ცვლილებაზე ისაუბრა: „ლიდერი ქალები წარმატებულები არიან არა იმიტომ, რომ კაცებივით იქცევიან, არამედ იმიტომ, რომ განსხვავებული ლიდერობა აქვთ”, - აღნიშნა მან.

ემოციური აღმოჩნდა როზმერი დე ლა კრუზ სუაზოს ისტორიაც: სპიკერმა აუდიტორიას უამბო, როგორ გახდა დედამისი ფემიციდის მსხვერპლი და რა სირთულეები გაიარა მან და მისმა ოჯახმა ამ ტრაგედიის შემდეგ. “თითოეულ მოკლულ ქალს ჰყავს ოჯახი. ათობით ადამიანი ატარებს ამ ტრაგედიის შედეგებს, თუმცა ისინი სტატისტიკაში არ ჩანან. დაგვარქვით სახელი - ფემიციდით დაზარალებული ადამიანები. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა როზმერი დე ლა კრუზ სუაზომ. მომდევნო დღეს კი ფესტივალის სტუმრებს ფემიციდის მძიმე გამოცდილებაზე დახურულ კარს მიღმაც უამბო.

მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (Kordz) უსმენს დედას, პიანისტ თამრიკო კორძაიას, რომელიც საკუთარ ამბავს ჰყვება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (Kordz) უსმენს დედას, პიანისტ თამრიკო კორძაიას, რომელიც საკუთარ ამბავს ჰყვება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ერთ გამბედავ ხმას სისტემის ცვლილება შეუძლია

როგორ იცვლება სისტემა და კანონმდებლობა, როცა გამბედავი ქალები დუმილს არღვევენ — ჟურნალისტი ნადია ბერდი ZEG Storytelling Festival-ის სცენაზე სწორედ ერთ-ერთ მათგანს, ზელდა პერკინსს ესაუბრა. ზელდა პერკინსი ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი და პირველი ქალია, რომელმაც გაუთქმელობის ხელშეკრულება საჯაროდ დაარღვია და სხვა ადამიანებსაც მისცა მოტივაცია, საკუთარ გამოცდილებაზე საჯაროდ ესაუბრათ. ზელდა პერკინსს გამბედაობა კარიერისა და ცხოვრების არაერთი წლის დაკარგვად დაუჯდა, თუმცა, საბოლოოდ, მისმა ხმამ სამი ქვეყნის კანონმდებლობა შეცვალა. მან ფესტივალის სტუმრებს სწორედ ეს ისტორია უამბო.

“ყოველთვის შეინარჩუნეთ ღირსება, მოუსმინეთ თქვენს გულსა და ინტუიციას. შინაგანი ხმა, როგორც წესი, სიმართლეს გეუბნება მაშინაც კი, როცა გარშემო ადამიანები არ გეთანხმებიან”,- ეს იყო გზავნილი, რომელიც ზელდა პერკინსმა აუდიტორიას დაუტოვა.

„ჰარვი ვაინსტინის საქმეზე და #metoo მოძრაობაზე ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა ზელდა პერკინსის საუბარი ZEG Fest-ზე ჩემთვის მაინც ძალიან საინტერესო იყო, რადგან ის ვაინსტინის საქმის უფრო გრძელვადიან გავლენას — სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებას ეხებოდა. ამ პერსპექტივიდან კარგად ჩანს, რომ ძალადობრივი, დაუსჯელობის გარემოს შეცვლა მიიღწევა არა მხოლოდ მისი გაშუქებით, არამედ ნასწავლი გაკვეთილების რეალურ ცვლილებებად გადათარგმნით და ასეთი ცვლილების მიღწევა ნამდვილად ღირს იმ მსხვერპლად, რომელიც ზელდა პერკინსმა ინდივიდუალურად გაიღო“, - აღნიშნა სესიის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მსმენელმა, ნინიკო რობაქიძემ.

ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი ზელდა პერკინსი ჰყვება, თუ როგორ გადაწყვიტა, დაერღვია გაუთქმელობის ხელშეკრულება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი ზელდა პერკინსი ჰყვება, თუ როგორ გადაწყვიტა, დაერღვია გაუთქმელობის ხელშეკრულება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

საზოგადოების ჯანსაღი ფუნქციონირება ზრუნვის შრომაზე დგას, თუმცა ის კვლავაც მეორეხარისხოვნადაა აღქმული

ზრუნვის შრომა ხშირად მეორეხარისხოვან საქმედაა აღქმული და მხოლოდ ქალების პასუხისმგებლობად მიიჩნევა. სინამდვილეში კი ნებისმიერი საზოგადოების ჯანსაღი ფუნქციონირება სწორედ მასზე დგას. ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება დისკუსიამ, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მრჩეველი ალისონ ეკბერგი, პედიატრიული ჰოსპიტალური მედიცინის ასისტენტ-პროფესორი სიმა ჯილანი, შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე და ჟურნალისტი შელი თაკრალი მონაწილეობდნენ.

„რეალობის უკეთ დასანახად, ზრუნვის შრომა უნდა დავთვალოთ და გვახსოვდეს: სანამ ადამიანი ეკონომიკაში წვლილს შეიტანს, ის ვიღაცამ უნდა გაზარდოს, ასწავლოს, გამოკვებოს”, - აღნიშნა ალისონ ეკბერგმა.

სიმა ჯილანმა კი ყურადღება გენდერულ სტერეოტიპებსა და ორმაგ სტანდარტებზე გაამახვილა: „ჩემი ზოგიერთი კოლეგა მშობიარობიდან 7 დღეში პაციენტებთან მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს ისინი საქმეს ჩამორჩნენ. სისტემა ამ გამოცდილებას ქალების წინააღმდეგ იყენებს”, - დასძინა მან. ორმაგი სტანდარტების შედეგების ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრა თეკუნა გაჩეჩილაძემაც: “ჩვენს საქმეში ყოველთვის გვიწევს არჩევანის გაკეთება: ვიყოთ კარგი დედები, თუ კარგი შეფები. სწორედ ამიტომ ამ ინდუსტრიიდან ბევრი შეფი ქალი საერთოდ ქრება”, - აღნიშნა მან.

სპიკერებმა ფესტივალის სტუმრებს მსჯელობისთვის აქტუალური შეკითხვა დაუტოვეს: რა შეიცვლება, თუკი ქალების მიერ გაწეულ ზრუნვას დავთვლით და მას არა ქველმოქმედებად ან ინსტინქტად, არამედ ღირებულ შრომად მივიჩნევთ.

მარცხნიდან მარჯვნივ: ალისონ ეკბერგი, შელი თაკრალი, სიმა ჯილანი და თეკუნა გაჩეჩილაძე პანელური დისკუსიის შემდეგ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
მარცხნიდან მარჯვნივ: ალისონ ეკბერგი, შელი თაკრალი, სიმა ჯილანი და თეკუნა გაჩეჩილაძე პანელური დისკუსიის შემდეგ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ციფრული ტექნოლოგიები ქალების გასაჩუმებლად და გასაკონტროლებლად სულ უფრო ხშირად გამოიყენება

როგორ გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები ქალების გასაჩუმებლად, გასაკონტროლებლად და დასასჯელადაც კი — იურისტმა, ქერი გოლდბერგმა ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მკვლევარმა, ჯული პოსეტისთან ამ თემაზე ისაუბრა და ZEG Storytelling Festival-ის სტუმრებს გაუზიარა სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც სწორედ ამ ქალების დასაცავად შექმნა. უამბო შთამბეჭდავი ისტორიები, თუ როგორ დაუპირისპირდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან კაცებსა და კორპორაციებს.

“მჯერა, რომ ერთ ადამიანს, მხოლოდ ერთი იურისტის დახმარებითაც კი, შეუძლია შეცვალოს ის, თუ როგორ მუშაობს მრავალმილიარდიანი პროდუქტი. ჩემი გზავნილი ქალებისთვის არის, რომ არასდროს შეწყვიტონ წამოდგომა. წინააღმდეგობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა ისევ წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელებაა“, - აღნიშნა მან.

ქერი გოლდბერგის გამოსვლა მსმენელებისთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: „როგორც ჟურნალისტ ქალს, მაინტერესებს ისტორიები და გამოცდილებები, რომლებსაც ქალები საკუთარ თავსა და სხვა ქალებზე ჰყვებიან. ხშირად ვმუშაობ ქალთა საკითხებზე, ბოლო პერიოდში კი აქტიურად ვეცნობი, როგორ იყენებენ ონლაინსივრცეს ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, ამიტომ ქერი გოლდბერგის გამოცდილება ჩემთვის მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მისი მაგალითებით არაერთი პრობლემის წარმოჩენა შეიძლება და მათ აუცილებლად გამოვიყენებ“, - აღნიშნა სესიის დამსწრემ, ელენე ზაქაშვილმა.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობა ZEG Storytelling Festival-თან მიზნად გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატირებას ისახავს. პარტნიორობა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.