გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს რეგიონებში ქალებსა და გოგოებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სახელმწიფო სერვისებსა და მუნიციპალურ პროგრამებზე ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. 800-მდე ქალმა, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელმა, ასევე, მაღალმთიან სოფლებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებმა, შესაბამისი ტრენინგები უკვე გაიარა. ტრენინგები გაეროს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი გაეროს ერთიანი თემატური ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.
თარიღი:
„ძალიან განვიცადე, როცა მოვისმინე, როგორი რთულია ძალადობის მსხვერპლობა, როცა წასასვლელი არსად გაქვს და იძულებული ხარ, მთელი ეს სიმძიმე მოითმინო. თუმცა, გავიგე ისიც, როგორ იცვლება ქალის ცხოვრება, როცა ის საკუთარი უფლებების დაცვას იწყებს. რაღაცნაირად ძალა მომეცა და თავი იმედიანად ვიგრძენი, რომ თურმე მსხვერპლი ქალებისთვის რაღაცები არსებობს“, - 35 წლის სოფო ბელთაძე იმ შთაბეჭდილებაზე ჰყვება, რომელიც მასზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ტრენინგმა დატოვა.
სოფო იმერეთის რეგიონში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ქმარსა და შვილთან ერთად ცხოვრობს. ბოლო წელია საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობს და მათ არაერთ ინიციატივაშია ჩართული. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ტრენინგზეც ასე მოხვდა.
სოფოს ჩათვლით, ფონდმა „სოხუმმა“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სერვისებისა თუ მუნიციპალური პროგრამების შესახებ იმერეთში 50 ქალი გადაამზადა. შემდეგ კი მონაწილეებმა მიღებული ინფორმაცია სხვა ქალებსაც გაუზიარეს. ინიციატივა გაეროს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
ტრენინგზე მოსმენილი სოფომ უკვე სხვებსაც გაუზიარა. “სკოლასა თუ სამეზობლოში ქალები რომ დავსხდებით ხოლმე და ერთმანეთს გულს გადავუშლით, მათაც ვუყვები, რაც იმ შეხვედრაზე გავიგე. ასე ვცდილობ, ცნობიერება ავუმაღლო, გავაძლიერო და დავაიმედო ისინი, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. სერვისებსა და საკუთარ უფლებებზე ყველა ქალმა რომ იცოდეს, ბევრის ცხოვრება შეიცვლებოდა”, - ამბობს სოფო.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის 2022 წლის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, 38.2%-ს გადატანილი ძალადობის შესახებ არავისთვის უთქვამს, დახმარება კი მხოლოდ 22,8%-მა ითხოვა.
ამავე კვლევის მიხედვით, მსხვერპლთა დახმარების სერვისების ირგვლივ ინფორმირებულობა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში პრობლემად რჩება. თავშესაფრების შესახებ — ქალების 65,1%-მა, კრიზისული ცენტრების შესახებ კი 34.4%-მა იცის ინფორმაციას ცხელი ხაზზე (116 006) ქალების 50,1% ფლობს.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები მხარდამჭერ სერვისებზე ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია ყველა ქალისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთი მათგანისთვის მოძალადესთან განქორწინების მთავარი ფაქტორი სწორედ მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღება აღმოჩნდა.
ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, სოფო ბელთაძე სოლიდარობის მნიშვნელობაზეც საუბრობს: „მე რასაც ვაკვირდები, ქალები მაინც თავს იკავებენ, კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ დგამენ. ზოგი არც ამხელს, რომ ძალადობის მსხვერპლია. ვფიქრობ, მიზეზი ისიცაა, რომ გვერდით არ ჰყავთ ადამიანი, ვინც ბიძგს მისცემდა, მხარს დაუჭერდა. ინფორმაციის მიღება აუცილებელია, მაგრამ ძალადობასთან ბრძოლაში ქალების ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთის გვერდით დგომაც მნიშვნელოვანია. რომ გავიგებთ, ვინმეს ეს პრობლემა აქვს და მარტოს არ შეუძლია გადალახვა, მისთვის იმედისა და ძალის მიმცემები უნდა ვიყოთ. ვუთხრათ, რომ შეგვიძლია, დავეხმაროთ, სამშვიდობოზე გავიყვანოთ“, - ამბობს სოფო ბელთაძე.
საგულისხმოა, რომ ზოგადად ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე, სახელმწიფო სერვისებისა და მუნიციპალური პროგრამების შესახებ დაბალი ცნობიერება გამოიკვეთა შეხვედრებზეც, რომლებიც პროექტის “„სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, 2025 წელს, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ჩატარდა. შეხვედრები ადგილობრივი პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას მიეძღვნა. მათ ოთხივე რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი და სათემო ლიდერი დაესწრო. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ირგვლივ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრებიც სწორედ ამ საჭიროებების შესაბამისად დაიგეგმა.
ტრენინგები იმერეთის გარდა, შიდა და ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც განხორციელდა. ტრენინგები ,,ახალი აზროვნების ინსტიტუტთან”, ,,ქართულ მედია ჯგუფთან”, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმსა” და ფონდ “აფხაზინტერკონტთან” პარტნიორობით ჩატარდა. პროექტის შედეგად, სულ ოჯახში ძალადობისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაცია 800-მდე ქალმა მიიღო.
პროექტი „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის” გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით ზემოაღნიშნულ რეგიონებში განხორციელდა. ის ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტების მხარდაჭერას, სამოქალაქო ჩართულობისა და დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა. პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მჭიდროდ ითანამშრომლა რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ხელი შეუწყო მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა სამომავლოდაც ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონებისა და იქ მცხოვრები ადამიანების განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი როლის შესრულება განაგრძონ.