წისქვილი ქვემო ნიქოზში — როგორ ცვლის მცირე ინიციატივა თემის ცხოვრებას

თარიღი:

შორენა მეტრეველი მეზობელთან, ელზა ბაციკაძესთან სიმინდის დასაფქვავად მიდის. საფქვავი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში სათემო ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდა. ადგილობრივი მოსახლეობა მას უსასყიდლოდ იყენებს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
შორენა მეტრეველი მეზობელთან, ელზა ბაციკაძესთან სიმინდის დასაფქვავად მიდის. საფქვავი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში სათემო ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდა. ადგილობრივი მოსახლეობა მას უსასყიდლოდ იყენებს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

კვირაში ორჯერ ქვემო ნიქოზელი შორენა მეტრეველი მეზობლის, ელზა ბაციკაძის ჭიშკარს აღებს და მაშინაც კი, როცა მასპინძელი სახლში არაა, ეზოში დამონტაჟებული პატარა წისქვილით სიმინდს უსასყიდლოდ ფქვავს.

შორენა 50 წლისაა. ძირითადად საოჯახო მეურნეობისა და შვილის მოვლითაა დაკავებული. საქონელი, ღორები და შინაური ფრინველები ჰყავს, ამიტომ მათ საკვებზე ზრუნვაც უწევს. დაფქულ სიმინდს სწორედ ამ მიზნით იყენებს. შორენას გარდა, წისქვილისთვის ელზას ეზოს სისტემატურად 80-მდე ადგილობრივი აკითხავს.

„სიმინდი სულ მოგვყავდა, მაგრამ მთლიან მარცვალს შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის ვერ ვიყენებდით, ამიტომ ან გორში მიგვქონდა დასაფქვავად ან — კარალეთში, ან პირდაპირ დაფქულს ვყიდულობდით. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ფულსა და დროს გვახარჯვინებდა. ახლა ყველაფერი უფრო მარტივადაა. როცა გვიხერხდება, მაშინ მოვდივართ. ელზა ელექტროენერგიის ფულსაც არ გვახდევინებს“, - ამბობს შორენა.

ქვემო ნიქოზი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობს. სოფლისთვის წისქვილის შეძენის იდეა ელზა ბაციკაძეს 2 წლის წინ გაუჩნდა: ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციაში ჩაერთო, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მხარდაჭერით, ჯერ ტრენინგები გაიარა, მერე კი შეიტყო, რომ, ამავე პროექტის დახმარებით, ადგილობრივი სათემო ინიციატივისთვის დაფინანსების მიღებაც შეეძლო.

„ბევრი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, ზოგიც მარტოხელა ქალია. სიმინდის დაფქვაზე ძალიან წვალობდნენ, არადა შინაური ფრინველი ყველას ჰყავდა. კონკურსი რომ გამოცხადდა, ვიფიქრე, მოდი, წისქვილზე დავწერ, თუ გაამართლა, ცოტათი მაინც შევეშველები ამ ხალხს-მეთქი. მერე გავიკითხე კიდეც და იდეა ყველას ძალიან მოეწონა“, - იხსენებს ელზა.

ელზა ბაციკაძე და შორენა მეტრეველი სათემო წისქვილთან. წისქვილი ელზას ეზოშია განთავსებული. შორენას გარდა, სიმინდის დასაფქვავად, ელზას ეზოს  80-მდე ადგილობრივი აკითხავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ელზა ბაციკაძე და შორენა მეტრეველი სათემო წისქვილთან. წისქვილი ელზას ეზოშია განთავსებული. შორენას გარდა, სიმინდის დასაფქვავად, ელზას ეზოს 80-მდე ადგილობრივი აკითხავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ინიციატივა დაფინანსდა. რადგან საერთო სარგებლობის სივრცე არ ჰქონდათ, ელზამ თანასოფლელებისთვის წისქვილი საკუთარ ეზოში, თვალსაჩინო ადგილას დაამონტაჟა. „ყველანი მადლიერები ვართ. ადრე 10 წიწილი მყავდა ხოლმე, მეტის საკვები არ მქონდა, ახლა უკვე 20 გავზარდე. გოჭის მოვლაზეც ძალიან ვწვალობდი, წელს კი ერთი გავყიდე და მეორე თავად დავიტოვე. მე მგონია, ქალი მაინც სხვანაირად მიხვდა, სოფელს რა სჭირდებოდა“, - ამბობს შორენა, რომელიც ელზასთან ახლაც სიმინდის დასაფქვავადაა მოსული.

ქვემო ნიქოზელებმა იციან, რომ წისქვილით სარგებლობა უფასოა. ელზას კი მათი მადლიერება დამატებით მოტივაციას აძლევს. „სულ იმას ვფიქრობ, ნეტავ, კიდევ მომეცეს შესაძლებლობა, რომ თანასოფლელებს დავეხმარო“, - აღნიშნავს ის.

მშვიდობის ელჩი სოფლის საჭიროებებისთვის

ელზა ბაციკაძე 44 წლისაა. ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, ტახტისძირში დაიბადა და აქ ქორწინების შემდეგ გადმოვიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა ქვემო ნიქოზი მთლიანად დაიცალა, ბევრი მოსახლე უკან აღარც დაბრუნდა. ელზა და მისი მეუღლე, წლინახევრის პატარასთან ერთად, მშობლიურ ეზოში შემოდგომაზე ჩამოვიდნენ. სახლი სულ დაზიანებული დახვდათ, თუმცა საკუთარი ხელით შეარემონტეს და ცხოვრება განაგრძეს. ახლა მათ უკვე ორი შვილი ჰყავთ.

ელზა პროფესიით პედაგოგია, გავლილი აქვს ექთნის კურსებიც, თუმცა ამჟამად მისი ძირითადი საქმე მეწარმეობაა: „ნიქოზელას“ ბრენდით, სხვადასხვა სახეობის სადეგუსტაციო ყველს ამზადებს, საკუთარი ნაწარმით ადგილობრივი ღვინის მარნებს ამარაგებს და გამოფენებშიც ხშირად მონაწილეობს.

ელზა სოფლის ცხოვრებასა და მოხალისეობაში აქტიურადაა ჩართული: დაარსების დღიდან ის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ წევრია — გაერთიანების, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ ადგილობრივი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის გაზრდას ემსახურება. ელზა ამბობს, რომ ქსელის შეკრებები და ქალების გამოცდილებების გაზიარება მისთვის განსაკუთრებით შთამაგონებელია.

44 წლის ელზა ბაციკაძე ზემო ნიქოზში, სახლის წინ. ელზა სოფლის ცხოვრებასა და მოხალისეობაში აქტიურადაა ჩართული: დაარსების დღიდან ის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ წევრია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
44 წლის ელზა ბაციკაძე ზემო ნიქოზში, სახლის წინ. ელზა სოფლის ცხოვრებასა და მოხალისეობაში აქტიურადაა ჩართული: დაარსების დღიდან ის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ წევრია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

„რომ მოვისმენ ხოლმე რამე ახალს, მერე სულ იმაზე ვფიქრობ, ჩემს სოფელს როგორ მოვარგო, გეგმებს ვაწყობ. ამ შეხვედრებზე ჩანს, რომ ქალების ჩართულობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მათი ხედვა უფრო სიღრმისეულია, შესრულებული საქმე კი - შედეგიანი და ნაყოფიერი. გრძელვადიანი მიზნები ქალების გარეშე არ მიიღწევა“, - დასძენს ის.

2024-2025 წლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობასთან”, ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმთან” პარტნიორობით, პროექტი „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ მიმდინარეობდა. ის კონფლიქტით დაზარალებული და გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციას, ადგილობრივი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას ემსახურებოდა. ტრენინგებისა და ადვოკატირების დახმარებით, მონაწილეები თემების საჭიროებებს იკვლევდნენ, პრიორიტეტებს სახავდნენ და მოსახლეობის ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა სათემო ინიციატივას გეგმავდნენ. 2024-2025 წლებში სულ 36 ამგვარი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის იყო ქვემო ნიქოზელებისთვის წისქვილის შეძენაც.

პროექტის შედეგად, არაერთი პრობლემა გადაიჭრა: ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის, საარსებო წყაროების, განათლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის, რეკრეაციისა და კეთილდღეობის მიმართულებებით გადადგმულმა ნაბიჯებმა დადებითი გავლენა 10 000-ზე მეტ ადამიანზე მოახდინა.

„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ შექმნაც ამავე პროექტის ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე დასრულდა, ქსელის წევრი ქალები და ახალგაზრდები საქმიანობას განაგრძობენ. მათ შორის ელზაც, რომელიც თემის საჭიროებების ადვოკატირებაზე კვლავაც მუშაობს. „ქსელის წევრობა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. სოფელში რამე რომ გაფუჭდება, სულ ვცდილობ, შესაბამის პირებამდე მივიტანო, პრობლემების გადაჭრის გზები მოვძებნო“, - ამბობს ის. ძალიან უნდა, ქვემო ნიქოზში სილამაზის სალონი და სამკერვალო გაიხსნას. აქ არც ერთია და არც — მეორე, ადგილობრივებს კი მომსახურებებისთვის წასვლა სხვა სოფლებში უწევთ. შესაბამისად, ახალი მიზნების მიღწევა მოსახლეობისთვისაც სასარგებლო იქნება და ქალების დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.