წინწყაროს ბიბლიოთეკა — ადგილი, სადაც თაობები ერთიანდებიან
თარიღი:
როცა სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ირეკება და გაკვეთილები სრულდება, ბევრი მოსწავლე ბიბლიოთეკისკენ მიიჩქარის. ადგილობრივი სათემო ფონდის შენობაში წიგნებისთვის დიდი ოთახია გამოყოფილი, იქვეა საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშები და ფაზლები, რომლებიც განსაკუთრებით უმცროსკლასელებს მოსწონთ.
წინწყაროში ახალგაზრდებისთვის მხოლოდ ეს ერთი შემეცნებითი და გასართობი სივრცეა, ამიტომ ზაფხულის არდადეგებზე, სამეცადინოდ თუ უბრალოდ ცუდ ამინდში ბავშვები ამ ადგილას ხშირად იკრიბებიან: კითხულობენ, მერე საყვარელ ნაწარმოებებსა თუ ავტორებს არჩევენ და ერთმანეთს მოსაზრებებს უცვლიან. ისინი კი, ვინც ახალგაზრდული ეკოკლუბის წევრები არიან, ხან დასუფთავების აქციებს გეგმავენ, ხანაც — გამწვანების.
მეგი შანიძე და თამარ გურჩიანი ბიბლიოთეკაში გახსნის დღიდან დადიან. ორივენი 17 წლისები არიან, ერთ კლასში სწავლობენ და მეგობრობენ კიდეც. გოგოები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც თაროებს ახალი წიგნები შეემატა, აქ ბევრად მეტი ახალგაზრდა მოდის.
„ამ ამბავმა ლიტერატურით კიდევ უფრო მეტი ბავშვი დააინტერესა, აზროვნება შეგვიცვალა. მაგალითად, მე ისეთი წიგნები წავიკითხე ქალებზე, თუნდაც ელიფ შაფაქის ნაწარმოებები, რომ ვფიქრობ, მათ ბევრი რომ ეცნობოდეს, ძალადობაც შემცირდებოდა “, - ამბობს მეგი.
„მანამდე ერთად ასეთი სიხშირით არ ვიკრიბებოდით, ახლა კი ბიბლიოთეკაში უკვე მესამე და მეოთხეკლასელებიც დადიან. წიგნებმა პატარებიცა და დიდებიც გაგვაერთიანა“ - დასძენს თამარი.
წიგნები წინწყაროს ბიბლიოთეკას სათემო ინიციატივის ფარგლებში გადაეცა — ადგილობრივი ქალების მონდომებით, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ლოკალიზაციაში მონაწილეობდნენ. 65 წლის ელეონორა გურჩიანიც ერთ-ერთი მათგანია.
ელეონორა კოდორის ხეობიდან დევნილია, წინწყაროში გადმოსახლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოუწია. და სათემო მობილიზაციაში მალევე ჩაერთო და პირველი ბიბლიოთეკაც სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მაშინ გახსნა. მოგვიანებით მან, სხვა ქალებთან ერთად, სათემო ფონდი „კოდორი 2013“ დააფუძნა და ის შენობა შეიძინა, სადაც ახლა ბიბლიოთეკაა განთავსებული.
„როცა გავიგე, რომ ლოკალიზაციის პროექტით სათემო ინიციატივების განხორციელება შეგვეძლო, პირველ რიგში, წიგნების შეძენაზე ვიფიქრე. მოსწავლეები შევკრიბეთ და ვკითხეთ, რომელი ავტორების ნაწარმოებები სურდათ, სიაც მათ შეადგინეს. სულ 50-მდე წიგნი იყო, ყველა მათგანი ამ თაროებზეა. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, მადლობლები არიან. ისე უვლიან, რომ სპეციალურ ჟურნალში წიგნების გატანასა და დაბრუნებას თავადვე აკონტროლებენ“, - ამბობს ელეონორა.
წინწყარო ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქაურობა შერეული ოჯახებითაა დასახლებული: მოსახლეობის ნაწილი აჭარელი ეკომიგრანტია, ნაწილი — ლენტეხიდან ჩამოსული, ნაწილი კი — კოდორის ხეობიდან დევნილი. ადგილობრივებს შორის ეთნიკური ბერძნები და აზერბაიჯანელებიც არიან. საჯარო სკოლაშიც, სადაც 300-მდე ბავშვი სწავლობს, ასეთი მრავალფეროვანი გარემოა. ელეონორა ამბობს, რომ ბიბლიოთეკა მოსწავლეებს ერთმანეთის განსხვავებული კულტურების გაცნობაშიც ეხმარება და სოფლის ყოველდღიურობასაც აცოცხლებს.
სწორედ ამგვარი სათემო ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“, რომელიც 2024-2025 წლებში, ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობდა და შემდგომ პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში 2025-2026 წლებშიც გაგრძელდა. ის კონფლიქტით დაზარალებული და გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის, ადგილობრივი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მონაწილეები თემების საჭიროებებს იკვლევდნენ, პრიორიტეტებს სახავდნენ და მოსახლეობის ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა სათემო ინიციატივას გეგმავდნენ. საბოლოოდ, 36 მცირე პროექტი განხორციელდა და 10 000-ზე მეტი ადამიანის ცხოვრებაში ახალი მუხტი შეიტანა. ერთ-ერთი მათგანი წინწყაროს ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემაც იყო.
მეგი და თამარი ახლა ამ წიგნების ნაწილს მისაღები გამოცდებისთვის იყენებენ. მეგი სწავლის გაგრძელებას სამართალზე აპირებს, თამარს კი — სამედიცინოზე. ამბობენ, რომ მასალის დიდი ნაწილი უკვე გაიარეს. გამოცდებს რომ ჩააბარებენ და სტუდენტები გახდებიან, ტრადიციას გააგრძელებენ და ბიბლიოთეკას მომდევნო კლასების მოსწავლეებს გადააბარებენ. წინწყაროზე ზრუნვას გააგრძელებს ელეონორაც, რომელიც „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ წევრია.
ქსელის ჩამოყალიბება, როგორც მთლიანად გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობასთან”, ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმთან” პარტნიორობით განხორციელდა.