ციფრული უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია — რეგიონებში მცხოვრები ქალები ახალ უნარებსა და ცოდნას იძენენ
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ქალებსა და გოგოებს ციფრული უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის შესახებ ცოდნითა და უნარებით აძლიერებს. 600-მდე მონაწილემ, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელმა, მაღალმთიან სოფლებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებმა ქალებმა შესაბამისი ტრენინგები უკვე გაიარეს. ინიციატივა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ნაწილს წარმოადგენდა. პროექტი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელდა.
თარიღი:
“აქტუალურ ინფორმაციას, რომელსაც დღეს გავეცანი, გაკვეთილებზეც გამოვიყენებ. მოსწავლეებისთვის მცირე აქტივობებს დავგეგმავ და მათაც მოვუყვები, ციფრულ სივრცეში უსაფრთხოება როგორ დავიცვათ. სასწავლო პროცესს კი უფრო საინტერესოსა და სასარგებლოს გავხდი ”, - აღნიშნა 56 წლის ლენა სულეიმანაშვილმა ციფრული წიგნიერებისა და უსაფრთხოების ტრენინგის დასრულების შემდეგ. ლენა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და ტრენინგზე დასასწრებად გორში სოფელ რუისიდან ჩამოვიდა.
ლენას გარდა, ციფრული წიგნიერების საკითხებზე 600-მდე ქალი და გოგო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს 4 რეგიონში — შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 2026 წლის იანვარ-თებერვალში გადამზადდა. პროექტი ახალი აზროვნების ინსტიტუტთან, ქართულ მედია ჯგუფთან, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმსა” და ფონდ “აფხაზინტერკონტთან” პარტნიორობით განხორციელდა.
ტრენინგების მიმდინარეობისას მონაწილეები ონლაინსივრცის უსაფრთხო გამოყენების წესებს, პირადი მონაცემების დაცვას, რისკების მართვას, დეზინფორმაციისა და გენდერული დეზინფორმაციის არსს, გავრცელების ფორმებს, მათი ამოცნობისა და დაძლევის მექანიზმებს გაეცნენ. შედეგად, მათ უკეთ შეუძლიათ სანდო ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი, ყოველდღიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში ციფრული პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების უსაფრთხოდ გამოყენება.
“ახალგაზრდები უფრო მარტივად ფლობენ ციფრული უსაფრთხოების უნარებს, ჩემი თაობის ქალების ცხოვრებაში კი ტექნოლოგიები გვიან შემოვიდა, ამიტომ გვიჭირს. თუმცა, გვინდა სოციალური ქსელები სწორად, მიზნობრივად და დაცულად გამოვიყენოთ. დღეს გავიგე, როგორ შემიძლია ინფორმაციის მიღება, გამოყენება და გავრცელება ისე, რომ არც მე დავზიანდე და არც სხვები დავაზიანო”, - აღნიშნა 59 წლის ლია მიქელაძემ სოფელ კოშკადან. ლია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ცხოვრობს და მისთვის ინტერნეტრესურსების გამოყენებასა და დეზინფორმაციის ამოცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
საგულისხმოა, რომ, მიღებული ცოდნის განვითარების მიზნით, მონაწილეები იმ სასარგებლო რესურსებსაც გაეცნენ, რომლებიც დაეხმარება მათ, დამოუკიდებლად გააგრძელონ ინფორმაციის მოპოვებისა და გადამოწმების, ყალბი ამბების გარჩევისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარება, გაიღრმაონ ცოდნა პროპაგანდის, გამჭვირვალობის, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების შესახებ.
ციფრული წიგნიერება ქალებისა და გოგოების უსაფრთხოებისთვის
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის “დიგიტალიზაციის ბნელი მხარე: ქალთა მიმართ ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 2023” მიხედვით, საქართველოში გამოკითხულ ყოველ მე-2 ქალს ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა გამოუცდია, ქალების 47% ინტერნეტის მოხმარებისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, 25%-ს კი ანგარიშის გატეხის გამოცდილება აქვს. ამ საფრთხეების გარდა, გენდერული დეზინფორმაციის მიზანმიმართული თუ უნებლიე გავრცელება, რაც არა მარტო ქალებისა და გოგოების, არამედ მთლიანად საზოგადოების განვითარებას აფერხებს, უმეტესად ციფრულ პლატფორმებზე ხდება. შესაბამისად, ციფრული უსაფრთხოების შესახებ მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, განაკუთრებით რეგიონებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
საგულისხმოა, რომ გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ციფრული უსაფრთხოების საკითხები პრიორიტეტებად დასახელდა შეხვედრებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, 2025 წელს, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ჩატარდა. შეხვედრები ადგილობრივი პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას მიეძღვნა. მათ ოთხივე რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი და სათემო ლიდერი დაესწრო. შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ციფრული უსაფრთხოება პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა.
პროექტი „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის” გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით ქვემო და შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელდა. ის ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტების მხარდაჭერას, სამოქალაქო ჩართულობისა და დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა. პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მჭიდროდ ითანამშრომლა რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ხელი შეუწყო მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა სამომავლოდაც ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონებისა და იქ მცხოვრები ადამიანების განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი როლის შესრულება განაგრძონ.