როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი — სოფლად მცხოვრები ქალები მეწარმეობას სწავლობენ

საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ფინანსური წიგნიერების სიმცირეა. ცოდნისა და უნარების ნაკლებობის გამო, ბევრი ქალი საკუთარი საქმის წამოწყებას ან არსებულის გაფართოებას ვერ ახერხებს. ამ გამოწვევას ეხმიანებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის ერთობლივი პროექტი „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში 500-ზე მეტი ქალი ფინანსური წიგნიერებისა და მეწარმეობის მიმართულებებით გადამზადდა. პროექტი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელდა.

თარიღი:

ონში მცხოვრები ქალები ესწრებიან ტრენინგს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ონში მცხოვრები ქალები ესწრებიან ტრენინგს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

რა შესაძლებლობები და პროგრამები არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესების წამოწყებისა და განვითარებისთვის საქართველოში, როგორ ხდება ფინანსების დაგეგმვა, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა, ბაზრებზე წვდომა და ციფრულ სივრცეში ვაჭრობა — ამ თემებზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქვემო და შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 500-მდე ქალი გადამზადდა. მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერებისა და ბიზნესის განვითარების შესახებ ტრენინგები ახალი აზროვნების ინსტიტუტთან, ქართულ მედია ჯგუფთან, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმსა” და ფონდ “აფხაზინტერკონტთან” პარტნიორობით ჩატარდა.

ტრენინგების მიმდინარეობისას მონაწილეებმა ბიზნესგეგმების დაწერისა და იდეების წარდგენის, ბიუჯეტის შედგენის, ხარჯების განსაზღვრის, მოგება-ზარალის გაანგარიშების, ბაზრის სეგმენტაციისა და მომხმარებლების ანალიზის შესახებ მნიშვნელოვანი ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეს. ძირითადი ტრენინგის გარდა, ქალებმა მოწვეულ სპიკერს, ონლაინპლატფორმა soplidan.ge-ს დამფუძნებელს, ნათია ნინიკელაშვილსაც მოუსმინეს. ნათიამ მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გააცნო, თუ როგორ ხდება ინვესტიციების მოძიება და ინვესტორებთან ურთიერთობა.

“ტრენინგი ძალიან მომეწონა, მით უფრო, რომ ჩვენს სპიკერს სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებით ჰქონდა გამოცდილება. ეს კი ძალიან სპეციფიკური საქმეა და განსხვავებულ ცოდნას მოითხოვს. მისი გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება”, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, 47 წლის რუსუდან მითაგვარიამ, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ფლავისმანში ცხოვრობს და მეფუტკრეობითაა დაკავებული.

მოწვეული სპიკერი ნათია ნინიკელაშვილი ტრენინგის მონაწილეებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მოიზიდონ ინვესტიციები. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
მოწვეული სპიკერი ნათია ნინიკელაშვილი ტრენინგის მონაწილეებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მოიზიდონ ინვესტიციები. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ფინანსური წიგნიერების სიმცირე — ქალთა მეწარმეობის შემაფერხებელი ფაქტორი

გერმანული ფონდის, „შპარკასე საქართველოსა” და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სეგმენტაციის კვლევის “მეწარმე ქალების ფინანსებზე წვდომის” შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მეწარმე ქალებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან ბარიერად რჩება, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, არასაკმარისი ფინანსური ცოდნითაცაა განპირობებული. ქალები, განსაკუთრებით რეგიონებში, ბიზნესგეგმების შედგენისთვის საჭირო უნარებს, ინფორმაციას მხარდამჭერი პროგრამების, მექანიზმებისა და ტრენინგის შესახებ არ ფლობენ.

საგულისხმოა, რომ ფინანსური წიგნიერების სიმცირე, როგორც ქალთა მეწარმეობის შემაფერხებელი ფაქტორი, გამოიკვეთა შეხვედრებზეც, რომლებიც პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, 2025 წელს, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ჩატარდა. შეხვედრები ადგილობრივი პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას მიეძღვნა. მათ ოთხივე რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი და სათემო ლიდერი დაესწრო.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, პროექტმა მიზნად დაისახა, ქალებს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებოდა და, ამავდროულად, მათთვის საკუთარი ბიზნესიდეების რეალობად ქცევის მოტივაციაც მიეცა. საგულისხმოა, რომ მონაწილეები შეხვედრების დასრულების შემდეგ სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

“დღეს გავიგე, რას ნიშნავს პასუხისმგებლობიანი ბიზნესი. საკუთარი სახლი მაქვს და პატარა აგროტურისტული ობიექტის გახსნა მსურს. ფუტკარსაც ვაშენებ. მინდა, მიღებული ცოდნა სწორედ ამ მიზნებით გამოვიყენო“, - აღნიშნა 75 წლის რუსიკო ბუგიანიშვილმა, რომელიც მაღალმთან რაჭაში, ტურისტული პოტენციალით გამორჩეულ ქალაქ ონში ცხოვრობს.

პროექტი „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის” გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით ქვემო და შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელდა. ის ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტების მხარდაჭერას, სამოქალაქო ჩართულობისა და დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა. პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მჭიდროდ ითანამშრომლა რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ხელი შეუწყო მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა სამომავლოდაც ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონებისა და იქ მცხოვრები ადამიანების განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი როლის შესრულება განაგრძონ.