გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საერთაშორისო კონფერენცია „გოგოების გზა ტექნოლოგიებში — სწავლიდან ლიდერობამდე“ გამართა
თარიღი:
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო თვის აღსანიშნად, 29-30 აპრილს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებითა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისმა პირველ საერთაშორისო კონფერენციას „გოგოების გზა ტექნოლოგიებში — სწავლიდან ლიდერობამდე“ უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სპიკერები, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, ბიზნესასოციაციების, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური ინდუსტრიის პროფესიონალები, სტარტაპერები, მეწარმე ქალები, ინოვატორები და სტუდენტები. კონფერენცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, თიბისისა და თეგეტასთან პარტნიორობითა ჩატარდა.
ღონისძიების გახსნას დაესწრნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ლუჩია დი ტროია, საქართველოში ნორვეგიის ელჩის მოადგილე რებეკა ლი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.
გახსნით სიტყვაში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ განაცხადა: “მიდგომა — „უწყვეტი დიალოგის პლატფორმის შექმნა და გამოცდილების გაზიარება“ — გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, ხოლო ჩვენი საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ჩაერთოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივებში, მათ შორის დღევანდელი აქტივობის მსგავს ღონისძიებებში”.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუჩია დი ტროიამ კი აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოში ევროკავშირის პრიორიტეტია. „ადამიანზე ორიენტირებულმა ციფრულმა ტრანსფორმაციამ ადამიანზე ორიენტირებულმა ციფრული ტრანსფორმაციამ ახალი ასპარეზი უნდა გაუხსნას ქალებს, როგორც ინოვატორებს, მკვლევრებს, ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს. ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის გაზრდა მხოლოდ სამართლიანობის საკითხი არ არის, ის ეკონომიკური აუცილებლობაცაა”, - განაცხადა მან.
კონფერენციის თემატური სესიები მიეძღვნა ტექნოლოგიებში თანასწორობისა და ჩართულობის მნიშვნელობას, მრავალფეროვანი გუნდების როლს ინოვაციებსა და ბიზნესების წარმატებაში, გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც ქალები ტექნოლოგიებში გენდერული სტერეოტიპების გამო აწყდებიან, მათი დაძლევის გზებსა და წარმატებულ მაგალითებს. ამას გარდა, ყურადღება გამახვილდა STEM-ისა და ციფრული განათლების ხელმისაწვდომობაზე, უნივერსიტეტების როლზე, ქალების მიერ დაფუძნებულ და მართულ სტარტაპებზე, ტექნოლოგიებში ქალების დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაზე. კონფერენციის ნაწილი დაეთმო საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერების სამოტივაციო გამოსვლებსა და პრაქტიკულ სესიებს ხელოვნურ ინტელექტზე, კოდინგზე, სტარტაპების შექმნაზე, განვითარებასა და ინვესტიციების მოძიებაზე.
„ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა, როცა ხედავ, როგორ ვითარდებიან მეწარმე ქალები, განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, როგორ ერთიანდებიან ეკოსისტემის მონაწილეები ქალთა მეწარმეობისა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა კონფერენციის შემდგომ ერთ-ერთმა სპიკერმა და ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის საბჭოს წევრმა, ოდრა შალალმა. გოგოებს, რომლებსაც ტექნოლოგიებში საკუთარი გზის გავლა სურთ, მან საგანგებო გზავნილიც დაუტოვა: “უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, ფიქრობდე მიზანზე და ყველა ნაბიჯს მისკენ დგამდე. საჭიროა, ამ გზაზე გულანთებულმა და მოტივირებულმა იარო”, - დასძინა მან.
ტექნოლოგების სფეროში, რომელიც პრაქტიკულად ყველა სექტორის ინოვაციურობასა და პროდუქტიულობას განსაზღვრავს, ქალების გლობალური წარმომადგენლობა კვლავაც დაბალია. საქართველოში STEM პროფესიებში ქალების მხოლოდ 12%-ია დასაქმებული. დარგში მაღალია გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობაც: ქალები საშუალოდ კაცების ხელფასის 74%-ს იღებენ. ამგვარი უთანასწორობა ხელს უშლის ქალებს, სრულფასოვნად ჩაერთონ ტექნოლოგიებში, რაც არა მარტო მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, არამედ თავად დარგის განვითარებასაც აფერხებს.
კონფერენცია სწორედ ამ რეალობას ეხმიანებოდა. მან შექმნა საერთაშორისო პლატფორმა დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე მსჯელობისთვის. ამავდროულად, ღონისძიებამ წარმოაჩინა ის ეფექტიანი გლობალური პროგრამები და მოდელები, რომლებიც ტექნოლოგიებში ქალების მხარდაჭერას ემსახურება. შედეგად, კონფერენციამ ხელი შეუწყო ქალების საჭირო ცოდნით, პრაქტიკული უნარებითა და სასარგებლო კავშირებით გაძლიერებას, წარმატებული, შთამაგონებელი მაგალითების ჩვენებასა და გოგოების წახალისებას, რათა მათ განათლების, კარიერისა თუ მეწარმეობისთვის სწორედ ტექნოლოგიები აირჩიონ. ამასთან, კონფერენცია დაეხმარა აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს, სტარტაპებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის პარტნიორობების ჩამოყალიბებას, რომლებიც ქალებისთვის ტექნოლოგიებში ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
საგულისხმოა, რომ ღონისძიებაზე დაფუძნდა საერთაშორისო ჰაბი, რომლის საქმიანობა ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის დაძლევა და ქალებისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა იქნება.
დანიის, ნორვეგიის, იაპონიის მთავრობებისა და ევროკავშირის ხელშეწყობით, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო სფეროსთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს. ამ მიმართულებით საქართველოში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა განხორციელებული, მათ შორის „500 ქალი ტექნოლოგიებში“, „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ და „უკრაინელი ქალები ტექნოლოგიებში“, რომელთა დახმარებითაც, 1700-ზე მეტმა ქალმა საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინა, დასაქმდა და პროფესიულად განვითარდა. შარშან გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და D Block-თან თანამშრომლობით, პლატფორმა Tech Women Community შექმნა და ის ამჟამად 200-ზე მეტ ქალს აერთიანებს. ასევე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბს, რომლის მიზანი მსოფლიოს წამყვანი ინფორმატიკის ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის ეროვნული ნაკრების ხელშეწყობაა.
კონფერენცია „გოგოების გზა ტექნოლოგიებში — სწავლიდან ლიდერობამდე“ გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში. პროგრამას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.