უხუცეს ქალთა საბჭო — პანკისელი ქალების ხმა

თარიღი:

უხუცეს ქალთა საბჭოს პირველი ხელმძღვანელი გულიკო ხანგოშვილი საბჭოს შეხვედრას ესწრება. ფოტო: საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი
უხუცეს ქალთა საბჭოს პირველი ხელმძღვანელი გულიკო ხანგოშვილი საბჭოს შეხვედრას ესწრება. ფოტო: საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი

პანკისის ხეობა, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ძირითადად, ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული. აქ რელიგიური ლიდერების ავტორიტეტი, ადათობრივი სამართლისა და ტრადიციების გავლენა ძალიან დიდია, რაც წლების განმავლობაში ადგილობრივი ქალების უფლებებზეც აისახებოდა.

თემში, სადაც გენდერულ თანასწორობაზე საუბარიც კი რთული იყო, უდიდეს გარღვევად უხუცეს ქალთა საბჭოს ჩამოყალიბება იქცა, რომლის შექმნაშიც, სხვა ადგილობრივ ქალებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის ხელმძღვანელმა, იზა ბექაურმა და საბჭოს პირველმა ხელმძღვანელმა, გულიკო ხანგოშვილმა შეიტანეს.

გულიკო 65 წლისაა და სოფელ დუისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მას 4 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს. პროფესიით სტომატოლოგია, ჯერ თბილისში, კბილის ტექნიკოსად მუშაობდა, 2009 წელს, სოფელში დაბრუნების შემდეგ კი საქმიანობა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდში (ახლანდელი საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი), კულინარიის პედაგოგად განაგრძო.

“კერძების მომზადება და ცხობა ყოველთვის კარგად გამომდიოდა, ამიტომ პედაგოგობას სიამოვნებით დავთანხმდი. თან ქალთა კლუბშიც ჩავერთე: აქაური ქალები ვიკრიბებოდით და ერთმანეთს საჭიროებებს ვუზიარებდით ხოლმე. სწორედ ამ შეხვედრებზე გამოვლინდა არაერთი პრობლემა. მაგალითად, ადგილობრივ ტრადიციულ სასამართლოზე, რომელსაც უხუცეს კაცთა საბჭო უძღვებოდა, თავად ქალი ვერ მონაწილეობდა, მის ნაცვლად ნათესავი კაცები ლაპარაკობდნენ. არა მარტო საჯაროდ, ქალებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი ოჯახშიც უჭირდათ. იზა ბექაურს სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, რომ უხუცეს ქალთა საბჭო შეგვექმნა, კაცების საბჭოსა და პანკისელ ქალებს შორის შუამავლის ფუნქცია შეგვესრულებინა, მათი სამართლიანი ინტერესები დაგვეცვა”, - იხსენებს გულიკო.

იდეის განხორციელებისთვის, ქალებმა ხეობის სოფლები შემოიარეს და საბჭოს 15 კანდიდატი შეარჩიეს, მერე კი ინიციატივა უხუცეს კაცებს გააცნეს. თავდაპირველად უარი მიიღეს, თუმცა ბოლოს მათი დარწმუნება მაინც შეძლეს: “ავუხსენით, რომ ქალების ხმა უკეთ მივაწვდენდით და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარებოდით. დაგვიჯერეს და უკვე 2011 წელს, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, საჯარო რეესტრში ჩვენი ორგანიზაცია დავარეგისტრირეთ”, - ამბობს გულიკო.

პირველ ეტაპზე ქალებს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, თუმცა ნელ-ნელა ყველას ნდობა მოიპოვეს და მუშაობას აქტიურად შეუდგნენ. წლების განმავლობაში მათ, დონორების ხელშეწყობით, რომელთა შორის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გაეროს ქალთა ორგანიზაციაც იყო, უმნიშვნელოვანეს შედეგებს მიაღწიეს.

საბჭოს ძალისხმევით, ქალებმა განქორწინების შემდეგ ბავშვების მეურვეობისა და საკუთრების უფლება მიიღეს, დარეგულირდა ალიმენტის საკითხი, არასრულწლოვანთა ქორწინება კი, რომელიც თემში საკმაოდ გავრცელებული იყო, რელიგიურად აღარ ფორმდება.

„განქორწინების შემდეგ ქალებს შვილებს არ ატანდნენ ხოლმე. ჩვენი მუშაობით, ახსნა-განმარტებებით, შევძელით, რომ დედებთან მცირეწლოვანი ბავშვები მაინც დაგვეტოვებინა. მერე ამ ქალებს პროფესიულ კურსებშიც ვრთავდით, დონორების დახმარებით მცირე გრანტებს ვაძლევდით, რომ ეკონომიკურად გაძლიერებულიყვნენ, შემოსავალი ჰქონოდათ და ბავშვები ერჩინათ. არავის ვტოვებდით უყურადღებოდ“, - აღნიშნავს გულიკო.

საბჭო ქალებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაშიც დაეხმარა. შეიქმნა და გავრცელდა ბუკლეტები, რომლებშიც ქალის უფლებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის, რელიგიისა და ქისტური სამართლის შესაბამისად იყო თავმოყრილი. პანკისის ხეობაში ქალების ხმა სწორედ ამ საბჭოს დახმარებით გაისმა.

„როცა ვიცი, რომ დედებს ბავშვების წაყვანა განქორწინების შემთხვევაში თავისუფლად შეუძლიათ, ზოგი მათგანი კი ეკონომიკურადაც ძლიერადაა და ამ ყველაფერში საბჭოს დიდი წვლილი აქვს, ძალიან მეამაყება. ქალებისგანაც ვგრძნობთ მადლიერებას“, - ამბობს გულიკო, რომელიც საბჭოს 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამჟამად ორგანიზაციის მუშაობა შეჩერებულია, თუმცა მისი წევრები მუშაობას მოხალისეობრივად აგრძელებენ და საჭიროების შემთხვევაში, ქალებს კვლავაც ეხმარებიან.

უხუცეს ქალთა საბჭოს მხარდაჭერას გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP4GE) ფარგლებში, შვედეთის დაფინანსებით ახორციელებდა.