ტრიალი მინდვრიდან მარადიულ სოფლამდე
ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მცხოვრები ქალები სათემო ინიციატივების განხორციელებაზე განსაკუთრებული ენთუზიაზმით ზრუნავენ. მათ შორისაა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 53 წლის ლამარა ბოლქვაძეც. იგი აქტიურად მონაწილეობს სოციალური მობილიზაციის კომპონენტში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამჟამად პროექტით „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
თარიღი:
1989 წელს მაღალმთიან აჭარაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ათასობით ადამიანი ეკომიგრანტად აქცია. მშობლიური კუთხის დატოვების შემდეგ ნაწილი ქვემო ქართლში, სოფელ მარადისში დასახლდა. მათ შორის იყო ლამარა ბოლქვაძეც.
„არავის არაფერი გაგვაჩნდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ამ ფაქტორმა გაგვაერთიანა. ყველა სახლი თავად ავაშენეთ. საკვებსაც ერთად ვამზადებდით, ბავშვებსაც ასე ვზრდიდით. ამ ერთიანობამ გადაგვარჩინა“, - იხსენებს ლამარა.
ლამარამ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. გაჭირვების გამო, სწავლის პროცესი შეუფერხდა, თუმცა უნივერსიტეტი მაინც დაასრულა. ახლა ის, წამყვანი მასწავლებლის სტატუსითა და 30-წლიანი გამოცდილებით, ქართულ ენასა და ლიტერატურას მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლებში ასწავლის.
2019 წელს, როცა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, „ფონდ ტასოსთან” პარტნიორობით, სოციალური მობილიზაციის განხორციელება დაიწყო, ლამარა თვითდახმარების ჯგუფების საქმიანობაში ენთუზიაზმით ჩაერთო. იმ პერიოდში სოციალური მობილიზაცია პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
თავდაპირველად ლამარამ მარადისის საჯარო სკოლაში ახალგაზრდული ეკოკლუბი და კინოკლუბი ჩამოაყალიბა, მერე კი, სხვა ქალებთან ერთად, სოფელში ბიბლიოთეკა და სათბური გახსნა, დააარსა ადგილობრივი ფესტივალები, რომელთა დიდი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებით ტარდება. ჯამში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ქალებმა სოფელში 90-მდე ინიციატივა განახორციელეს.
სოციალურ მობილიზაციაში ჩართულობამ და გადამზადებამ თავად ქალებსაც ღირებული ცოდნა და უნარები მისცა: ზოგმა პროფესიული განათლება მიიღო და ახლა სხვებს უკვე თავად ასწავლის. ქალების როლი და მათი საქმიანობის შედეგები მარადისში დღეს ბევრად დაფასებულია.
2023 წლიდან მარადისში სოციალური მობილიზაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაგრძელდა. ამ ეტაპმა მარადისელი ქალების სოლიდარობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გააძლიერა. ამჟამად სოფელში 3 თვითდახმარების ჯგუფი ფუნქციონირებს და ჯამში ისინი 35-მდე ქალს აერთიანებს.
„სიტყვა “ჩვენ” აღმოჩნდა მთავარი და არა — “მე”. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად მე რა სარგებელი მაქვს, არამედ ჩვენ რას ვაკეთებთ და როგორ ვეხმარებით ერთმანეთს”, - ამბობს ლამარა.
პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს ქალთა სათემო აკადემია, რომლის დახმარებითაც სოციალურ მობილიზაციაში ჩართული ქალები ეცნობიან დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, სოციალურ პროცესებსა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას, სათემო საჭიროებების კვლევისა და ანალიზის მიდგომებს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას. ამას გარდა, სწავლობენ, როგორ დაწერონ პროექტები, ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, იქვნენ აქტიური მოქალაქეები, მონაწილეობა მიიღონ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაში, დაგეგმონ და განახორციელონ სათემო ინიციატივები და ა.შ.
ამ ცოდნის გაზიარებამ პირველი შედეგები უკვე მოიტანა: ქალებმა საკუთარ სოფლებში საჭიროებების კვლევა ჩაატარეს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები განსაზღვრეს და მათ განხორციელებას ერთობლივად შეუდგნენ. თავდაპირველად ქალებმა სათემო ცენტრში, რომელიც ასევე მათი ძალისხმევით ფუნქციონირებს, ბიბლიოთეკის მოწყობა გადაწყვიტეს.
„კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა ჩვენი სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე არ არის. მას სხვა დატვირთვაც აქვს: აქ იბადება და იხვეწება იდეები, იგეგმება პროექტები და სხვადასხვა აქტივობა. რაც მთავარია, სივრცე ღია და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც თემის განვითარებაში წვლილის შეტანა სურს“,- ამბობს ლამარა.
პოზიტიური ცვლილებების პარალელურად, მარადისში კვლავაც რჩება პრობლემები, რომლებიც აქაური ქალების მთავარი საზრუნავია: სოფელში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, რის გამოც პატარებს მარნეულამდე ყოველდღიურად ტრანსპორტით უწევთ მგზავრობა. ქალები ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას განაგრძობენ. მათ სამომავლო გეგმებში კი სკვერისა და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა, ბიბლიოთეკის, კინოკლუბისა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეების ტექნიკითა თუ სხვა დამატებითი რესურსებით უზრუნველყოფა, ახალი პროექტებით ადგილობრივი ქალების გაძლიერება და ადგილობრივი ღონისძიებების გაგრძელებაც შედის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, „ფონდი ტასოსა“ და საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდთან პარტნიორობით პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, სოციალური მობილიზაციის კომპონენტი, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ხორციელდება. მასში სულ 600-ზე მეტი ქალია ჩართული.