ახალგაზრდები პანკისიდან ცვლილებების ინიციატორები ხდებიან
გენდერული სტერეოტიპები გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად აფერხებს. სამწუხაროდ, მათი გავლენა საქართველოში კვლავაც მაღალია, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, ხელს უწყობს შესაბამის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენს საინფორმაციო შეხვედრები და ბანაკები ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი ახორციელებს.
თარიღი:
გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების 2024 წლის კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ერთ გენდერულ სტერეოტიპს მაინც იზიარებს. მოსახლეობის 75%-ს სჯერა, რომ არსებობს პროფესიები, რომელთა შესრულებაც ქალებს არ შეუძლიათ. ყოველი მეორე ადამიანი (52%) კი ამბობს, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის და ბავშვზე ზრუნვა უფრო დედის პასუხისმგებლობაა, ვიდრე მამის. ეს სტერეოტიპები ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია.
„სამწუხაროდ, სკოლაშიც ჯერ კიდევ ხშირად გაიგებთ, რომ ბიჭი ხარ, ტექნიკური გონება გაქვს და მათემატიკა აუცილებლად უნდა ისწავლო, ან გოგო ხარ და ისტორია შეგეფერება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში ეს სტერეოტიპია და მერე თანატოლებსაც ვუთხრათ: სქესი ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს არ განსაზღვრავს“, - ამბობს 23 წლის გიორგი მოკვერაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტარიდან. მის შეხედულებას ეთანხმება ახმეტის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის ლიზი ქინქლაძეც: „კლასში ასეთ საკითხებზე ნაკლებად ვლაპარაკობთ. ვფიქრობ, აუცილებელია, გვქონდეს შესაძლებლობა, სადაც მე და ჩემი თანატოლები ერთმანეთს საკუთარ აზრებს გავუზიარებთ და აღმოვაჩენთ, რომ გენდერული სტერეოტიპები ყველას გვიქმნის ბარიერებს, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად“, - ამბობს ის.
გიორგი და ლიზი იმ 175 ახალგაზრდას შორის არიან, რომლებმაც გენდერული თანასწორობის შესახებ მსჯელობის სივრცე საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინეს.
საინფორმაციო შეხვედრები — სივრცე პანკისელი ახალგაზრდების გამოცდილებების გაზიარებისთვის
საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდმა გენდერული სტერეოტიპების, ბულინგისა და კიბერუსაფრთხოების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო სერვისების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრები 2024 წლიდან დაიწყო.
„პანკისის ხეობისთვის დამახასიათებელი ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებთან კომუნიკაცია. ახსნა, რომ მათ ძალადობის შესახებ ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ და ცვლილებების ინიციატორებად იქცნენ“, - აღნიშნავს საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის პროექტის კოორდინატორი შორენა ხანგოშვილი.
ფონდის ინიციატივით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-25 წლის ახალგაზრდებისთვის, მათ შორის ეთნიკური ქისტებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ჩამოსული ეკომიგრანტებისთვის, სულ 20-მდე ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, მოეწყო 4 ბანაკიც.
„გვიხსნიდნენ, რას ნიშნავს გენდერი, გენდერული სტერეოტიპები და თანასწორობა, რა გავლენას ახდენს ძალადობა ადამიანზე და როგორ შეიძლება მას თავი დააღწიო. ბიჭებს ზოგჯერ უფრო ნაკლები მიმღებლობა აქვთ ხოლმე, თუმცა ტრენერებმა თანასწორობის მნიშვნელობა ისე დაგვანახეს, დამოკიდებულებები მალევე შეიცვალა “,- იხსენებს გიორგი.
ცვლილებები ახალგაზრდებით იწყება
საინფორმაციო შეხვედრებისა და ბანაკების მიმდინარეობისას მონაწილეებმა ერთმანეთს სხვადასხვა თემის ირგვლივ ხედვები და დამოკიდებულებებიც გაუზიარეს. გიორგი და ლიზი ამბობენ, რომ თუ წლების წინ ქისტ თანატოლებს არც კი იცნობდნენ, ახლა მათთან მეგობრობენ და სურთ, სამომავლოდ საინტერესო იდეები ერთად განახორციელონ.
“ინფორმაციის გავრცელების გარდა, ეს იყო ახალგაზრდების ინტეგრაციისა და დაახლოების, მათი შეხედულებების, კულტურისა და გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობაც. ამ ერთობლივმა აქტივობებმა მონაწილეებს საერთო შეხების წერტილები აღმოაჩენინა, მათ შორის გაუცხოება შეამცირა და დაანახა, რომ ბევრი კარგი საქმის ერთად კეთება შეუძლიათ“, - აღნიშნავს შორენა ხანგოშვილი.
გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევის ერთ-ერთი მიგნება აჩვენებს, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და მხარს უჭერენ ქალთა გაძლიერებას, თუმცა სოფლად მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შედარებით კონსერვატორული შეხედულებები აქვთ. შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ქართული და ეთნიკურად ქისტური ოჯახები ცხოვრობენ, ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. გიორგი და ლიზი ამბობენ, რომ სურთ, სხვა მონაწილეებთან ერთად, მიღებული ინფორმაცია თანატოლებში მეტად გაავრცელონ, ცნობიერების ამაღლებაში სხვებსაც დაეხმარონ და ცვლილებების ინიციატორებად იქცნენ.
ახალგაზრდებთან გამართული საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP4GE) ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით მიმდინარეობს და 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.