სოფლად მცხოვრები ქალები კატასტროფების რისკის შემცირებას სწავლობენ
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კატასტროფების რისკის შესახებ ქალებისა და გოგოების ცნობიერების ამაღლებისთვის აქტიურად მუშაობს. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მიზანია, ქალები უფრო მეტად იყვნენ ჩართულები შესაბამის გადაწყვეტილებებში, აზიარებდნენ მიღებულ ცოდნას, ხელს უწყობდნენ საკუთარ თემებში კატასტროფების რისკის შემცირებას, ეფექტიან რეაგირებასა და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვას. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც კატასტროფების რისკის მიმართ კიდევ უფრო დაუცველები არიან და, ამავდროულად, რესურსებსა და საჭირო ინფორმაციაზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.
არსებული რეალობის ცვლილებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შემოდგომაზე საქართველოს რეგიონებში ტრენინგების ციკლი „თემის შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულად მგრძნობიარე კატასტროფის რისკების შემცირების მიმართულებით“ ჩაატარა. შეხვედრებს გორის, ქობულეთის, ზუგდიდის, თელავის მუნიციპალიტეტებისა და მიმდებარე სოფლებიდან 82 მონაწილე დაესწრო.
ტრენინგების მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას კატასტროფების რისკის შემცირების, კლიმატის ცვლილებების ზეგავლენისა და ამ პროცესში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. ინტერაქციულ სესიებზე მათ სათემო დონეზე არსებული კატასტროფების რისკის იდენტიფიცირება და მისი შემცირების ინიციატივებში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების გამოყენება შეისწავლეს. შედეგად, ქალებს უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ იმ ადგილობრივი საფრთხეების გამოვლენა, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება, საოჯახო თუ სათემო ევაკუაციის გეგმების შემუშავება, უსაფრთხოების ძირითადი წესების პრაქტიკაში გამოყენება, პირველადი დახმარებისა და სამედიცინო რეაგირების გაწევა, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის თემატური, გენდერულად მგრძნობიარე რეკომენდაციების მომზადება და ა.შ.
თელავში გამართულ ტრენინგს დაესწრო 44 წლის ლალი თურქოშვილი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობს. ლალიმ დაახლოებით 15 წლის წინ, მეგობრებთან ერთად, ზემო ალვანში დასუფთავებისა თუ გამწვანების აქციები წამოიწყო და ინიციატივებში ახალგაზრდებიც ჩართო. ამ საქმიანობას ის დღემდე აქტიურად აგრძელებს.
“ჩემი სოფლის მოხალისე ვარ და მომავალ თაობებზე ვფიქრობ, მათ მინდა კარგი მაგალითი მივცე. ამ ტრენინგამდე კატასტროფის რისკების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ისეთი საყურადღებო ინფორმაცია მივიღე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ. ეს თემა ყველას გვეხება, ამიტომ უკვე ვფიქრობ, რომ დავბრუნდები, როგორ ვაჩვენო პრაქტიკაში პრევენციული ზომები თანასოფლელებს ისე, რომ მიღებული ცოდნა მარტივად გავუზიარო”, - აღნიშნა მან.
სამომავლოდ იგეგმება, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს ქალთა ქსელი, რომლის წევრებიც საკუთარი ცოდნითა თუ უნარებით საფრთხეების იდენტიფიცირებასა და მათთან გამკლავებას შეძლებენ.
საგულისხმოა, რომ შეხვედრების ციკლს წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გადამზადება და ტრენერთა ტრენინგი. საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს სწორედ ამ ტრენინგის მონაწილეები — ქალთა ეროვნული ლიგის თანადამფუძნებლები უძღვებოდნენ.
ინიციატივა პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში ნაწილია. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.