როლური თამაშით “იყავი მის ადგილას” სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება
თარიღი:
“მე ლენა ვიყავი, 24 წლის უკრაინელი გოგო, რომელიც სიყვარულს ეძებდა, ოცნებობდა, თუმცა საბოლოოდ ძალადობის წინაშე მარტოდ დარჩენილმა, მხარდაჭერა ვერ იპოვა და ფემიციდს ემსხვერპლა. ეს ამბავი გულთან განსაკუთრებით ახლოს მივიტანე, რადგან დავინახე, ადამიანები როგორი სასტიკები შეიძლება იყვნენ“, - ასე აფასებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ უფროსი სუპერვაიზერი ბარბარე ჩხიკვაძე ცნობილ როლურ თამაშში „იყავი მის ადგილას“ მონაწილეობას. სცენარებად ქცეული მსხვერპლების გზა მან 18 თანამშრომელთან ერთად გაიარა.
როლური თამაში „იყავი მის ადგილას“ ინოვაციური მეთოდია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად, სხვადასხვა აუდიტორიასთან 2021 წლიდან იყენებს. ის განსხვავებული განათლების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობისა და საჭიროებების მქონე ძალადობის მსხვერპლი ქალების ცხოვრების შესახებ 8 სცენარს აერთიანებს. თითოეულის დასაწყისი წინასწარაა ცნობილი, დასასრულს კი განსაზღვრავენ მონაწილეები, რომლებიც გზას ძალადობისგან თავის დასაღწევად პერსონაჟთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან — ცდილობენ შესაბამისი სერვისებისა და მხარდაჭერის მიღებას, წინააღმდეგობების გადალახვას, ეცნობიან, რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის დაძლევაში თითოეული ადამიანის როლი და მეტად ემპათიურები ხდებიან.
თამაში სრულდება დისკუსიით, რომლის დროსაც მონაწილეები ტრენერის ფასილიტაციით განიხილავენ თითოეულ სცენარს, ოპტიმალურ გამოსავალსა და ხერხებს მსხვერპლის მხარდასაჭერად. შედეგად, იღებენ ინფორმაციას ძალადობის ფორმების, მისი წამახალისებელი სტერეოტიპების, მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ოჯახისა და საზოგადოების როლის შესახებ.
“დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ძალადობაზე არასდროს თვალი არ უნდა დახუჭო, არ მოითმინო, რადგან ის ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს. მანიპულატორული ქცევა თუ საზოგადოების აზრი მეორე ხარისხოვანია. თუმცა, დღეს ისიც აღმოვაჩინე, რომ თურმე დიდი სიმამაცე გჭირდება, რომ შენი გაიტანო და, სამწუხაროდ, საზოგადოებაც ხშირად სოლიდარული არ არის, უჭირს მსხვერპლის გაგება”, - ამბობს ბარბარე.
“აჭარა ჯგუფმა”, რომელიც “ჰოლიდეი ინნ თბილისს” მართავს და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია, როლური თამაში “იყავი მის ადგილას” მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის ჩაატარა. სცენარები გათამაშდა “ეიპიემ ტერმინალს ფოთშიც”, რომელიც ასევე ამ პრინციპების ხელმომწერია. საგულისხმოა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებელი ინოვაციური მეთოდით კერძო სექტორის გარდა, წელს აქტიურად დაინტერესდა საგანმანათლებლო სფეროც: როლურ თამაშს უმასპინძლეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა. ამას გარდა, პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, “იყავი მის ადგილას” 11 საჯარო და სკოლაში, უფროსკლასელებისა და მასწავლებლებისთვისაც ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლების განმავლობაში ინიციატივამ მოიცვა ეთნიკური უმცირესობებიც და იძულებით გადაადგილებული თუ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაც, რომელთათვისაც ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საგულისხმოა, რომ როლურ თამაშში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები. სულ მიმდინარე წელს „იყავი მის ადგილას“ თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში 60-ჯერ ჩატარდა, ჯამში კი მას 1208 მონაწილე დაესწრო.
„იყავი მის ადგილას“ წარმოადგენდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მე-2 ფაზა) ნაწილს. პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.