ქართველი ახალგაზრდების ხმა გლობალური მშვიდობის მშენებლობაში
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მშვიდობის ახალგაზრდა მშენებელმა და „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრმა, თიკო ლაგვილავამ ევროკავშირის ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მეორე კონფერენციაზე საქართველო წარადგინა.
კონფერენცია, რომელიც 10-14 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა, გაეროს უშიშროების საბჭოს #2250 რეზოლუციის მიღებიდან 10 წელს მიეძღვნა და მას მთელი მსოფლიოდან მშვიდობის მშენებლობაში ჩართული 120-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. ღონისძიება მიზნად ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესის გაანალიზებასა და ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების სამომავლო დღის წესრიგის შემუშავებას ისახავდა.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ევროკომისიის პლატფორმაზე პირდაპირ გადაიცემოდა, თიკომ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად აუცილებელია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში. „ახალგაზრდები მხოლოდ მომავალს არ წარმოადგენენ. ჩვენ დღეს ვქმნით მშვიდობას“,- ხაზგასმით აღნიშნა მან და აუდიტორიას მოუწოდა, ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩაერთონ და მდგრადი ინვესტიცია განახორციელონ ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალების მიერ წამოწყებულ ინიციატივებში.
კონფერენციის ფარგლებში, თიკომ 16 თემატურ და გრძელვადიანი დაგეგმარების სესიაში მიიღო მონაწილეობა. მან ახალგაზრდობის ლიდერობის, გენდერული თანასწორობისა და მდგრადი მშვიდობის შესახებ საკუთარი პერსპექტივა წარმოადგინა. აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა დისკუსიასა და ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელთა ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებაში. დეკლარაცია წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებულ დოკუმენტს, რომელიც კონფერენციის დასასრულს იქნა მიღებული და აღიარებულია, როგორც ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ფორმირებაში ახალგაზრდების მნიშვნელოვანი წვლილი.
დეკლარაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის ინტეგრირებაზე „ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ ფარგლებში აღებულ ყველა ვალდებულებაში და ხაზს უსვამს, რომ გენდერული თანასწორობა, ქალთა ლიდერობა, ქალებისა და გოგოების დაცვა მშვიდობის მშენებლობის პოლიტიკის აუცილებელი კომპონენტები უნდა იყოს. დოკუმენტი შესაბამის მხარეებს მოუწოდებს, მიზნობრივი ინვესტიციები განახორციელონ მშვიდობის მშენებელი ახალგაზრდა ქალების მხარდასაჭერად, რაც გენდერული ძალადობისგან დაცვას, ადგილობრივ ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეებზე ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში სისტემატურ ჩართვას გულისხმობს.
ამავდროულად, დეკლარაციაში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცვლილება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის გაფართოების პროცესში ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირებისკენ მოუწოდებს.
კონფერენციაზე თიკო ლაგვილავას მიერ დაყენებულ საკითხთა შორის ერთ-ერთი მომავალზე ორიენტირებული ინიციატივა იყო. კერძოდ კი, ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების კოალიციის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომელიც ამ სახელმწიფოების ახალგაზრდულ ქსელებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. კოალიცია გახდება პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ადვოკატირების კოორდინაცია და უზრუნველყოფა, რომ ევროკავშირის დონეზე აღებული ვალდებულებები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ხელშესახებ ქმედებებად იქცეს. არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო, თავისი აქტიური ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი გუნდით და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინიციატივებში ინტენსიური ჩართულობით, წამყვან როლს შეასრულებს როგორც ამ კოალიციის ჩამოყალიბებაში, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების ხელშეწყობაში.
„ევროკავშირის „ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაში მონაწილეობა ჩემთვის ტრანსფორმაციული გამოცდილება იყო. მივიღე პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე. ამას გარდა, შევისწავლე ინოვაციური მიდგომები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდული პერსპექტივების მშვიდობის მშენებლობაში ინტეგრირება. ვგეგმავ, ეს გამოცდილება საქართველოში ახალგაზრდული ქსელების გაძლიერების კუთხით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების კოალიციის შექმნაში მონაწილეობით გადმოვიტანო“, - აღნიშნავს თიკო.
ევროკავშირის „ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ მეორე კონფერენციამ თავი მოუყარა ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი სახელმწიფოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული ქსელების წარმომადგენლებს, რომლებმაც ერთობლივად იმსჯელეს მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მომდევნო ფაზის შესახებ. დისკუსიების მთავარ თემებს შორის იყო ინკლუზიური მმართველობა, კლიმატთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები, გენდერული თანასწორობა და ახალგაზრდების ხელმძღვანელობით განხორციელებული ინიციატივების მდგრადი რესურსებით მხარდაჭერა. კონფერენციის ბოლოს შეიქმნა საგზაო რუკა, რომელშიც აისახა „ევროპის გუნდის“ კოორდინირებული ხედვა ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისთვის, რათა ახალგაზრდები გლობალური მშვიდობის მშენებლობაში მთავარ პარტნიორებად დარჩნენ.
თიკოს სამშვიდობო აქტივიზმსა და მონაწილეობას მხარს უჭერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამა „ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის”, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი. ეს ინიციატივები საფუძველს უქმნის თიკოსა და სხვა ახალგაზრდების მუდმივ ძალისხმევას, რომ ინკლუზიური მმართველობისა და სამშვიდობო პროცესების განხორციელებაში ახალგაზრდა ქალების მონაწილეობას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭებოდეს.