ყველა ქალისა და გოგოსთვის: ვენერო მელუა გენდერული სტერეოტიპების შესახებ

#ForAllWomenAndGirls პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 30-ე წელს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს. 29 წლის ვენერო მელუა ფემინისტი აქტივისტი, კონტენტის შემქმნელი, სთენდაფერი, ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი და კომიკოსი ქალების ფემინისტური კოლექტივის დაფუძნების იდეის ავტორია. იგი სოფლად მცხოვრები, დევნილი და იძულებით გადაადგილებული ქალების, ლგბტქი თემის, დეზინფორმაციისა და სოციალურ-პოლიტიკური საკითხების შესახებ აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. ვენერო, რომლის გამოსვლებსაც ვებპლატფორმებზე უამრავი ნახვა აქვს, 8 მაისს ჰელსინკიში, პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 30 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარსდგა.

თარიღი:

ფემინისტი აქტივისტი, კონტენტის შემქმნელი, სთენდაფერი, ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი და კომიკოსი ქალების ფემინისტური კოლექტივის დაფუძნების იდეის ავტორი ვენერო მელუა. ფოტო: ანა თავაძე
ფემინისტი აქტივისტი, კონტენტის შემქმნელი, სთენდაფერი, ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი და კომიკოსი ქალების ფემინისტური კოლექტივის დაფუძნების იდეის ავტორი ვენერო მელუა. ფოტო: ანა თავაძე

ბავშვობის პროტესტებიდან აქტივისტობამდე

უსამართლობის მიმართ ხმამაღალი პროტესტის გამოთქმა ვენერომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო. უყურადღებოდ არაფერს ტოვებდა: არც სასკოლო გარემოში აღმოჩენილ უთანასწორობას და არც სწავლისთვის არასათანადო პირობებს, მაგალითად, შეშის ძველ ღუმელს, რომელიც ოზურგეთის სკოლაში გათბობის ერთადერთი საშუალება იყო.

გენდერულ სტერეოტიპებსაც ბავშვობაში წააწყდა. ხშირად ეუბნებოდნენ, ტექნიკური საგნები არ გამოგდის, მაგრამ საუკეთესოდ წერო. სინამდვილეში კი, ყველაფერს, რაც აინტერესებდა, კარგად სწავლობდა. გამორჩეულად ბიოლოგია უყვარდა, თუმცა, საბოლოოდ, სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძო.

„როცა უმაღლესში ჩაბარების დრო მოვიდა, შემეშინდა: რა უნდა მექნა, თუ ხალხი მართალი აღმოჩნდებოდა და ბიოლოგიას თავს ვერ გავართმევდი? ისე გამოვიდა, რომ საკუთარი სურვილი ხმამაღლა არც მითქვამს, თითქოს უფრო დაცული პროფესიული არჩევანი გავაკეთე, რის გამოც ჩემს თავზე დღემდე ძალიან ვბრაზობ. ისიც ვიცი, კაცი რომ ყოფილიყავი, არ მეტყოდნენ, ტექნიკური საგნები არ გამოგდისო. სამწუხაროდ, ამ რეალობას მერეც არაერთხელ შევეჯახე“, - იხსენებს ვენერო.

ბიოლოგიის სიყვარულის რეალიზება მაინც შეძლო. 2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო, ქალების თემატურ ონლაინჯგუფებში აღმოაჩინა, რომ მენტალურ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ძალადობასა თუ სხვა აქტუალურ თემებზე სანდო, გადამოწმებული და განახლებადი ინფორმაცია ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ იყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ femea.ge შეექმნა — ონლაინრესურსი, რომელიც ქალებს საჭირო ცოდნას გაუზიარებდა. femea.ge-სთან ერთად, ვენეროსთვის აქტივიზმში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო.

„მაშინ ჩემს თავს აქტივისტს არც ვუწოდებდი. უბრალოდ მინდოდა, კერძო სექტორში შეძენილი უნარები სამოქალაქო სექტორში გამომეყენებინა. თუმცა, მერე მივხვდი, რომ ამ სფეროში პერსონალურ და პროფესიულ ღირებულებებს შორის ზღვარი სწრაფად იშლება. თუ შენს საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებ, აქტივისტი ხდები, მიუხედავად იმისა, გინდოდა ეს, თუ არა“, - ამბობს ვენერო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ვენერო ამჟამად მუშაობს, იძულებით გადაადგილებული და დევნილი ქალების საკითხებია. დედა აფხაზეთიდან ჰყავს, რამაც მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. „როცა ადამიანები აფხაზეთის ომს ან მის შემდგომ პერიოდს იხსენებენ, ქალების პერსპექტივიდან არასდროს ლაპარაკობენ. ეს რომ აღმოვაჩინე, გადავწყვიტე, მათი გამოცდილებები შემესწავლა და შესაბამისი დოკუმენტური ფილმები თუ სხვა მულტიმედია მასალები შემექმნა“, - დასძენს ის.

ვენერო მელუა ჰელსინკიში, პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 30 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლარიემელი მატიას კუსისტო
ვენერო მელუა ჰელსინკიში, პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 30 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლარიემელი მატიას კუსისტო

ყველა ქალის თავისუფალი არჩევანი პატივსაცემია

ვენერო ფიქრობს, რომ ქალების ცხოვრება მუდმივი საზოგადოებრივი მოლოდინებითაა სავსე. „ყოველთვის გაკვირდებიან, როგორი პარტნიორი, მეუღლე, დედა, შვილი თუ თანამშრომელი იქნები, როგორი კარიერა გექნება, ბავშვებს როგორ გაზრდი. სულ გიწევს მტკიცება, რომ კარგი ხარ, გემოვნებით გაცვია, ნაოჭი არ გაქვს და ა.შ.“, - ამბობს ის.

ქალების მიმართ არსებულ მოლოდინებსა და დაკვეთებზე ისაუბრა ვენერომ პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 30 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზეც. ჰელსინკიში ის გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით გაემგზავრა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვენერომ საკუთარ თავზე ლაპარაკი გადაწყვიტა. სურდა, იმ თემებზე ესაუბრა, რომლებზეც დარბაზში მყოფებს ბევრჯერ ჰქონდათ ნაფიქრი, თუმცა ხმამაღლა ნათქვამი — ნაკლებად.

„ყველანაირი დაკვეთა, თუნდაც კეთილგანწყობითა და საუკეთესო სურვილებით მოტივირებული, მაინც დაკვეთაა. ნებისმიერი ქალის არჩევანს უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება და დაე, ფემინისტური აქტივიზმის ახალი ეტაპი იყოს ერა, რომელშიც დაკვეთას კი არ გავცემთ, არამედ ყველა ქალის ყველა თავისუფალ არჩევანს პატივს ვცემთ. ეს იყო ჩემი გამოსვლის მთავარი გზავნილი საერთაშორისო პლატფორმიდან“, - ამბობს ვენერო და დასძენს, რომ თავის წვლილი ამ მიზნის მიღწევაში გულწრფელობითა და საჭირო ინფორმაციის გავრცელებით შეაქვს. ცდილობს, ძლიერი, თავდაჯერებული ქალის სტერეოტიპიც დაამსხვრიოს და აუდიტორიას ღიად მოუყვეს საკუთარ იმედგაცრუებებზე, შეცდომებზე, რომლებსაც შესაძლოა ფემინისტებიც უშვებდნენ.

პეკინის მოქმედებათა პლატფორმა თანამედროვეობაში

პეკინის კონფერენციის შემდეგ რეალობა მთელ მსოფლიოში შეიცვალა. ბევრმა საკითხმა განსხვავებული განზომილება შეიძინა და ახლებური გააზრებაც მოითხოვა. „ისევ იმ თემებზე ვმუშაობ, რომლებსაც კონფერენციაში მონაწილე ქალები დღის წესრიგში 30 წლის წინ აყენებდნენ, თუმცა მაინც მეტი პრივილეგიით, უკეთეს მდგომარეობაში. გენდერული პოლიტიკის გლობალური უკუსვლის ფონზე, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს სწორედ ეს ფაქტი მაძლევს. მთავარია, ამ ვითარებიდან გამოვიდეთ, მიღებული ზიანი აღვადგინოთ და სტრატეგიები გადავიაზროთ, რათა ასეთი უკუსვლა აღარასდროს განმეორდეს“, - ამბობს ვენერო.

ახალგაზრდა აქტივისტი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ქალთა უფლებადამცველების მუშაობა კომპლექსური და ინტერსექციური იყოს. „რაც შეიძლება ბევრ ქალს უნდა დავანახოთ, რომ მათი ადგილი ჩვენ გვერდითაა და ფემინისტობა არა გამორჩეული, არამედ ჩვეულებრივი გოგოების კლუბის წევრობაა“, - აღნიშნავს ის.

ყველა ქალისა და გოგოსთვის

„მასკულინურ საზოგადოებაში გაბრაზებული ქალები არ მოსწონთ. სურთ, რომ ისინი სევდიანები იყვნენ. სინამდვილეში კი ცვლილებების წინაპირობა სწორედ ბრაზია, სევდა ქალებს იმ სივრცეებში ტოვებს, სადაც პროგრესი და წინსვლა არ ხდება. გახსოვდეთ ძილის წინ რაზე ოცნებობთ და დილას რომ გაიღვიძებთ, მისი ახდენისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგით“, - ასეთია ვენერო მელუას გზავნილი ყველა ქალისა და გოგოსთვის.