ყველა ქალისა და გოგოსთვის: თეკლე ბრეგვაძე კატასტროფების რისკის შემცირებაში ქალების მონაწილეობასა და როლზე

#ForAllWomenAndGirls პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 30-ე წელს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს. 25 წლის თეკლე ბრეგვაძე ქალთა ეროვნული ლიგის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. საგანმანათლებლო ინიციატივებითა და ტრენინგებით, ის აქტიურადაა ჩართული კატასტროფების რისკის შემცირებაში ქალების როლის გაზრდაზე და ცდილობს, ამ კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებში საკუთარი წვლილიც შეიტანოს.

თარიღი:

ქალთა ეროვნული ლიგის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თეკლე ბრეგვაძე. ფოტო: თეკლე ბრეგვაძის პირადი არქივი
ქალთა ეროვნული ლიგის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თეკლე ბრეგვაძე. ფოტო: თეკლე ბრეგვაძის პირადი არქივი

პირველი ნაბიჯები აქტივიზმში

თეკლე 21 წლის იყო, როცა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონში“ მოხალისედ მივიდა და დაწყებითი სამხედრო მომზადება გაიარა. სწორედ იქ აღმოაჩინა, თუ როგორ შეუძლია ერთგულებასა და ერთიანობას კრიზისების დროს ადამიანების გადარჩენა. საკუთარი ორგანიზაციის შექმნის იდეაც მაშინ გაუჩნდა და ერთი წლის შემდეგ, 3 გოგოსთან ერთად, რომლებიც ამავე ლეგიონში გაიცნო, ქალთა ეროვნული ლიგა დააფუძნა.

ქალთა ეროვნული ლიგა, ტრენინგებითა თუ სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებით, ეროვნული თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში ქალებისა და ბავშვების ჩართულობას ემსახურება. თეკლე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ამავდროულად, პროფესიით იურისტი, ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში სპეციალობით მუშაობს, ალტე უნივერსიტეტში კი, როგორც სტუდენტური ომბუდსმენი, სტუდენტების უფლებებს იცავს.

პროფესიული საქმიანობის მიღმა თეკლეს განსაკუთრებული ინტერესი კლიმატის ცვლილების საკითხები და ის მნიშვნელოვანი როლია, რომელსაც კატასტროფების რისკის შემცირებაში ქალები ასრულებენ.

“ერთ-ერთი პროექტის დროს, როცა იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან ვმუშაობდი, მათი გამოცდილებების მოსმენისას, ნათლად დავინახე, თუ როგორ ეფექტიანად შეუძლიათ ქალებს კრიზისების მართვა. რისკის აღმოჩენა იქნება, თუ ოჯახის ან თემის დაცვა — ისინი ყველა ეტაპზე ინარჩუნებენ ლიდერულ თვისებებს. ქალები პირველები ამჩნევენ საფრთხეს და არ უშინდებიან მას, კრიტიკულ სიტუაციებში რაციონალურად აზროვნებენ და იღებენ პასუხისმგებლობას ოჯახის, ბავშვებისა და თემის დაცვაზე, კრიზისის დროს კი არა მხოლოდ გადარჩენაზე, არამედ ორგანიზებასა და აღდგენით პროცესებზეც ფიქრობენ. რაც მთავარია: ქალები ასეთ დროს ძალიან სოლიდარულები არიან”, - ამბობს თეკლე და ამ მნიშვნელოვან როლზე ყურადღების გამახვილებას მუდმივად ცდილობს.

ქალების გარეშე რეალური პროგრესის მიღწევა შეუძლებელია

კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაში ქალების როლის წარმოჩენა და მათი მონაწილეობის მხარდაჭერა სულ უფრო აქტუალური ხდება. თეკლეს აზრით, ქალების ჩართულობა წარმატებული არაერთი მიმართულებით შეიძლება იყოს. როგორც ოჯახებისა და თემების წევრები, ისინი ყოველდღიურად მიღებული თუნდაც მცირე გადაწყვეტილებებით ადამიანებში კრიზისებისთვის მზაობას ზრდიან.

„მნიშვნელოვანია ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაც, რადგან ბავშვების, ხანდაზმულებისა და სხვა ჯგუფების საჭიროებები დღის წესრიგში უფრო ხშირად სწორედ მათ შემოაქვთ, ზრუნავენ კატასტროფების რისკის შემცირების სტრატეგიაში ამ საჭიროებების გათვალისწინებაზე. გარდა ამისა, ქალები კარგად ახერხებენ საზოგადოებების გაერთიანებასა და თანამშრომლობების გაღრმავებას, რაც აუცილებელია კლიმატის ცვლილებების გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - აღნიშნავს თეკლე.

მნიშვნელოვანი როლისა და პოტენციალის მიუხედავად, ქალები არაერთ გამოწვევას აწყდებიან: გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისინი ნაკლებად ჩართულები არიან, მათ შეხედულებებსა და გამოცდილებებს კი სათანადო ყურადღება არ ექცევა. ამავდროულად, ქალებს ხელი არ მიუწვდებათ რესურსებსა და ფინანსებზე, რომლებიც შესაბამისი პროექტების განსახორციელებლადაა აუცილებელი, საზოგადოებაში კი კვლავაც გავრცელებულია გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც წვლილის აღიარებას უშლის ხელს.

თეკლე ფიქრობს, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს: „საჭიროა ტრენინგებისა და მენტორინგის პროგრამების განვითარება, რაც ქალებს სათანადო ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია მათთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდაც, თუმცა, ცხადია, ამ ყველაფრის ქვაკუთხედი პოლიტიკური ნებაა, რომ ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სათანადო დონეზე და რეალური უფლებამოსილებით იყვნენ წარმოდგენილები. აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაც. თუ საზოგადოება არ აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილება ყველას განსხვავებულად ეხება და ქალების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეალური პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნება”, - აღნიშნავს თეკლე.

თეკლე ბრეგვაძე მონაწილეობს მე-8 გლობალური პლატფორმაში კატასტროფის რისკების შემცირებისთვის. ფოტო: FG UNDRR-ისთვის
თეკლე ბრეგვაძე მონაწილეობს მე-8 გლობალური პლატფორმაში კატასტროფის რისკების შემცირებისთვის. ფოტო: FG UNDRR-ისთვის

სივრცეები ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებების გასაზიარებლად

ახალგაზრდა აქტივისტი მუდმივად მართავს საგანმანათლებლო შეხვედრებსა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში ატარებს ტრენინგების ციკლს "თემის შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულად მგრძნობიარე კატასტროფის რისკების შემცირების მიმართულებით", მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებებში, სადაც საქართველოს გამოცდილებაზე საუბრობს.

ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენდა მე-8 გლობალური პლატფორმა კატასტროფის რისკების შემცირებისთვის, რომელსაც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2025 წლის 1-6 ივნისს, ქალაქ ჟენევაში თეკლეც დაესწრო. ის ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფიც წევრიც იყო და აღსანიშნავია, რომ თეკლეს მონაწილეობით შეიქმნა „ბავშვებისა და ახალგაზრდების დეკლარაცია მდგრადი მომავლისთვის მედეგობის გაძლიერების შესახებ“.

“ჩემთვის ეს გამოცდილება განსაკუთრებული ძალაა. მან დამარწმუნა, რომ ქალებს შეუძლიათ იყვნენ როგორც ცვლილების ინიციატორები, ისე გამაერთიანებლები. დეკლარაციის ფორმირებაში ჩემი მონაწილეობა ჩვენი ხმის უფრო მკაფიოდ გაჟღერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო”, - ამბობს თეკლე.

პეკინის დეკლარაციის მიღწევები და გამოწვევები

პეკინის დეკლარაციის მიღებიდან 30 წლის შემდეგ, მიღწეული პროგრესის შეფასებისას, თეკლე აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების კონტექსტში წინსვლა ნამდვილად შეიმჩნევა. დღეს უკვე ფართოდაა აღიარებული, რომ კლიმატის ცვლილების შედეგები არათანაბრად აისახება მოსახლეობაზე, ქალები კი ხშირად უფრო მოწყვლადები არიან.

“თუმცა, სტაგნაცია შეინიშნება რესურსების არათანაბარი განაწილებისა და ქალების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღმა დატოვების კუთხით. დეკლარაცია არ არის „დასრულებული საქმე“, პირიქით, ეს არის ცოცხალი ბერკეტი, რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებასა და ახალ კონტექსტებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებების თემაზე მორგებას”, - დასძენს თეკლე.

ყველა ქალისა და გოგოსთვის

თეკლე ამბობს, რომ ქალები კრიზისების დროს მხოლოდ დაუცველ ჯგუფს არ წარმოადგენენ, ისინი მართვის პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან. “თქვენ გაქვთ ძალა და ლიდერული თვისებები, რომელთა გამოყენებაც მდგრადი და უსაფრთხო სამყაროს შექმნისთვის აუცილებელია”, - ასეთია მისი გზავნილი ყველა ქალისა და გოგოსთვის.