ძიძების შრომითი უფლებები - პირველი ნაბიჯები მიზნისკენ

თარიღი:

დაჯი კოხრეიძე. ფოტო: ინა ჩარკვიანი
დაჯი კოხრეიძე. ფოტო: ინა ჩარკვიანი

დაჯი კოხრეიძე 39 წლის იყო, როცა ძიძობაზე პირველად დაფიქრდა. პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 15 წლის განმავლობაში, მუსიკალურ სტუდიაში საფორტეპიანო კლასს უძღვებოდა. საყვარელ საქმეს მცირე ანაზღაურებით, პრაქტიკულად ენთუზიაზმით ემსახურებოდა, პროფესიის შეცვლაც ამიტომ გადაწყვიტა.

„სანაცნობოში გამოჩნდა ოჯახი, რომელიც 2 თვის ბავშვისთვის ძიძას ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, თავიდან მაინც გამიჭირდა. შვილი უკვე მყავდა, მაგრამ კონკრეტულად ძიძობის გამოცდილება არ მქონდა“, - იხსენებს დაჯი, რომელიც ახლა უკვე მეშვიდე ბავშვზე ზრუნავს. „პატარა სამ წლის რომ ხდება, ჩემი სამუშაო სრულდება. რა თქმა უნდა, ეს მომენტიც რთულია. ამიტომაცაა ძიძობა პასუხისმგებლობასთან ერთად, ემოციურადაც დატვირთული შრომაც“, - დასძენს ის.

ამჟამინდელი სამსახური დაჯიმ მარტში, ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის დასაქმების სერვისის დახმარებით დაიწყო. გაერთიანების შესახებ ორი წლის წინ, ნაცნობმა ძიძამ უამბო და შეხვედრაზეც მიიწვია. პირველი შეკრების შემდეგ, როცა სხვა ქალების გამოცდილებებიც მოისმინა, დაჯი ასოციაციის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო: „მაშინ ჩემს შრომით უფლებებზე არაფერი ვიცოდი, აქ გაწევრიანებამ კი ცნობიერება ამიმაღლა, ახალი უნარები შემძინა”, - აღნიშნავს ის.

დასაქმების სერვისი ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით დანერგა. ძიძობის მსურველიცა და პოტენციური დამსაქმებელიც სპეციალურ ფორმას ონლაინ, zrunva.org-ზე ავსებს. სისტემა კი, ადგილმდებარეობისა თუ სხვა საჭიროების გათვალისწინებით, ორივე მხარეს სასურველი კანდიდატის მარტივად მოძებნაში ეხმარება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების საფასურს არა ძიძა, არამედ დამსაქმებელი იხდის. ასოციაციის მონაწილეობა ნდობის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს გაერთიანების მიერ შემუშავებული ხელშეკრულებაც, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის გარანტიას ქმნის.

16-წლიანი გამოცდილების მქონე დაჯიმ პირველად ეს ხელშეკრულება ბოლო სამსახურის დაწყებისას გააფორმა. ამბობს, რომ ახლა მისი ანაზღაურება, განრიგი, დასვენების დღეები, შვებულების ოდენობა თუ სხვა საკითხები წერილობით, დეტალურადაა გაწერილი, რაც მასაც და დამსაქმებელსაც უხერხული მომენტებისა თუ გაუგებრობებისგან აზღვევს.

“ხელშეკრულების გარეშე, მხოლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა ნიშნავს, რომ ანაზღაურების ფიქსირებული სისტემა, სამართლებრივი და სოციალური გარანტიები არ გაქვს, ვერც შრომის ინსპექციას მიმართავ. როცა ხელშეკრულებას აფორმებ, თავს ბევრად დაცულად გრძნობ. თანაც იცი, რომ ვადის დასრულების შემდეგ პირობები გადაიხედება და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, ეს შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება“, - ამბობს დაჯი.

საქართველოში ოჯახში დასაქმება არაფორმალური შრომაა. კანონმდებლობით ის აღიარებული არ არის. საგულისხმოა, რომ ქვეყანას რატიფიცირებული არ აქვს ოჯახში დასაქმებულების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2011 წელს მიღებული კონვენციაც. შესაბამისად, ოჯახში დასაქმებულები, რომელთა უმეტესობა ქალია, ადგილობრივი შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაზისო უფლებებით ვერ სარგებლობენ.

არსებული რეალობის ცვლილებებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციასთან, რომელმაც პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 2020 წელს გადადგა. ამ პერიოდიდან დაიწყო ძიძებისთვის წერილობითი ხელშეკრულების ფორმის შემუშავება და შრომის უფლებებზე კონსულტაციების გამართვაც. იურიდიულად ასოციაცია 2023 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა. მიმდინარე წლის ივნისში კი გაერთიანებამ საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფესიული კავშირიც ჩამოაყალიბა, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი დაჯი კოხრეიძეცაა.

“ძალიან მინდა, ჩვენი შრომა ფორმალიზდეს და იქცეს ცალკე სპეციალობად, რომელსაც სახელმწიფოც აღიარებს. ჯერ ამ მიზნისკენ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ”, - ამბობს ის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის თანამშრომლობა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია. პროექტი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.