ბიზნესად ქცეული საყვარელი საქმე: ფიქრია კოტორაშვილის ახალი ცხოვრება

თარიღი:

ფიქრია კოტორაშვილი ახალ შეკვეთაზე მუშაობის დროს. ფოტო: ფიქრია კოტორაშვილის პირადი არქივი
ფიქრია კოტორაშვილი ახალ შეკვეთაზე მუშაობის დროს. ფოტო: ფიქრია კოტორაშვილის პირადი არქივი

40 წლის ფიქრია კოტორაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანში ცხოვრობს. ერთ დროს იურისტობას აპირებდა, თუმცა სტუდენტობისას დაქორწინდა და სწავლა ვეღარ გააგრძელა. მას შემდეგ ფიქრიას ყოველდღიურობას საოჯახო საქმეები და შვილებზე ზრუნვა წარმოადგენდა, თუმცა ორი წლის წინ მისი ცხოვრება სულ სხვაგვარი გახდა.

ფიქრიამ მეგობრისგან შეიტყო, რომ ახმეტაში, საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (იგივე კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი) დახმარებით, ჭრა-კერვის უფასო კურსი არსებობდა. მიმდინარე ნაკადის დასრულების შემდეგ კი ახალი მსურველების მიღება იწყებოდა.

„იმ დროს სახლში ჩემი დედამთილის ძველი საკერავი მანქანა მქონდა. რაღაცებს გადავაკეთებდი და გადმოვაკეთებდი ხოლმე. კერვაც მიყვარდა და ქარგვაც, ამიტომ მაშინვე ახმეტაში წავედი, კურსზე განაცხადი შევავსე და დაფინანსებაც მივიღე“, - იხსენებს ფიქრია.

მალევე მან სოციალური მობილიზაციის კომპონენტში ჩართული თანასოფლელი ქალებიც გაიცნო, თვითდახმარების ჯგუფში გაწევრიანდა და მატნის საჭიროებების ადვოკატირებაში ჩაება. 6 თვის შემდეგ, ჭრა-კერვის კურსი რომ დაასრულა, ჯგუფის წევრების დახმარებით, ფიქრიამ საგრანტო პროექტიც დაწერა, დაფინანსება მოიპოვა, ორი საკერავი მანქანა შეიძინა და შეკვეთების მიღება დაიწყო.

საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი კახეთში ადგილობრივი ქალების პროფესიულ გადამზადებას, სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსებას, ქალების გააქტიურებასა და სოციალურ მობილიზაციაში ჩართვას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2019 წლიდან ახორციელებს. პროექტის მეორე ფაზა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ფიქრიაც იყო, 2021 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან ჭრა-კერვისა და კულინარიის კურსები 96-მა ქალმა გაიარა, 118-მა ქალმა კი სამეწარმეო საქმიანობა წამოიწყო. ბიზნესინიციატივებს შორის ძირითადად სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა, რძის პროდუქტების წარმოება და საოჯახო სასტუმროები ჭარბობს. პოპულარულია ჭრა-კერვის მომსახურებაც.

“შეკვეთები ბევრია — საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და ცეკვის სტუდიებს ფორმები ხშირად სჭირდებათ. დაფინანსებისა და მანქანების გარეშე ამას ვერ შევძლებდი,“ - ამბობს ფიქრია.

ხელსაქმე მისთვის ჰობიცაა. საღამოობით თანასოფლელი ქალები რომ იკრიბებიან, ფიქრია საქარგით მიდის. კერვას კი ისე შეჰყვება ხოლმე, რომ ზოგჯერ მისი მანქანის ხმა გვიანობამდე ისმის. ნახელავი ხარისხიანი რომ იყოს და მომხმარებელიც კმაყოფილი ჰყავდეს, არც მასალას ზოგავს და არც — დროს.

„ამდენი წელი მხოლოდ საოჯახო რუტინაში ვიყავი, არსად მიმუშავია და უცებ გამომიჩნდა შესაძლებლობა, საყვარელი საქმე მეკეთებინა, შემოსავალი მიმეღო. წარმოიდგინეთ, ეს შანსი ჩემთვის რამხელა ბედნიერებაა. საკუთარი ფული მაქვს და რაზეც მინდა, იმაზე ვხარჯავ. აი, ახლა ტელევიზორი შევიძინე. ჩემს ქმარს უნდა ეყიდა, მაგრამ სიურპრიზი გავუკეთე და დავახვედრე. რაც დრო გადის, მით მეტი სტიმული მეძლევა, რომ ახალ-ახალი რამეები მოვიფიქრო, სხვა ქალებსაც მაგალითი მივცე“, - ამბობს ფიქრია.

გეგმების რეალიზებისთვის განაცხადები უკვე დაწერა: სურს, დამატებით 6-თვიანი კურსი გაიაროს, კერვა მეტად დახვეწოს, ქარგვის მანქანა შეიძინოს, შეკვეთები კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს და სხვა ქალებიც დაასაქმოს. დაფინანსებას ელოდება მისი სათემო პროექტიც: თვითდახმარების ჯგუფის წევრები ახლა ერთმანეთის სახლებში იკრიბებიან, ამიტომ მიღებული თანხით შეხვედრების ადგილის მოძიება და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა სურთ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდთან პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.