თბილისმა მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას მეოთხედ უმასპინძლა
თარიღი:
13-14 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მეწარმე ქალების პროდუქციის ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, თბილისმა წელს მეოთხედ უმასპინძლა.
200-ზე მეტ ქალს მთელი საქართველოდან შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ნაწარმი გამოფენის სტუმრებისთვის გაეცნო და ადგილზევე გაეყიდა. კვლავაც მრავალფეროვანი აღმოჩნდა მათ მიერ წარდგენილი პროდუქცია, რომელთა შორის საკვები, ღვინო და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები იყო. გამოფენამ არა მარტო მეწარმე ქალების პროდუქტების პოპულარიზაციას, არამედ მათთვის გაყიდვების ახალი შესაძლებლობების შექმნასა და თავად მონაწილეთა შორის სასარგებლო კავშირების დამყარებასაც შეუწყო ხელი.
გამოფენაზე პირველად იყო პროფესიით ფსიქოლოგი ანა ხუბუა — 25 წლის მეწარმე თბილისიდან, რომელმაც დეკორაციების დამზადება COVID-19-ის პანდემიისას დაიწყო. საკუთარ ნაწარმს ანა ძირითადად სოციალური ქსელების პლატფორმებით ყიდის, წელს კი მან საკუთარი ხელით შექმნილი სარკეები, რომლებზეც სამოტივაციო ფრაზებია დატანილი, გამოფენაზეც წარადგინა.
„მინდოდა, ჩემ მიერ დამზადებულ დეკორაციებს განსაკუთრებული ღირებულება ჰქონოდა, ამიტომ გადავწყვიტე, სარკეებზე ისეთი ფრაზები დამეწერა, რომლებიც ქალებს თავდაჯერებას შემატებდა. გარეგნობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები ძალიან გავრცელებულია. ვფიქრობ, ეს ფრაზები ქალებს დამატებით სტიმულს მისცემს“, - აღნიშნა ანამ. როგორც მან თქვა, თავად მეწარმეების მოტივაციისთვისაც ამგვარ გამოფენებს გამორჩეული როლი აქვს: „რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებები ჩვენი პროდუქციის ცნობადობას გვიზრდის, თუმცა უპირველესად მაინც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამდენი ქალი ერთმანეთს ვეცნობით, მხარს ვუჭერთ, გამოცდილებებს ვუზიარებთ და სტიმულს ვაძლევთ“, - დასძინა ანამ.
გამოფენას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ბელენ სანზ ლუკე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრეინოს დრაკინოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“მეწარმე ქალების ყოველწლიური გამოფენა მთელ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ტრადიციად იქცა. ეს ღონისძიება განვითარების პარტნიორებისა და კერძო სექტორის ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, თუმცა მისი მთავარი სულისჩამდგმელები არიან მეწარმე ქალები, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს, გაგვიზიარეს თავიანთი გამოწვევები და ახლაც საკუთარი განსაკუთრებული ხედვებით აგრძელებენ ამ პლატფორმის განვითარებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი დასაქმების ადგილებს ქმნიან, ოჯახებისა თუ თემებისთვის შემოსავალი მოაქვთ, ეკონომიკისთვის კი — ინოვაციები და მდგრადობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფინანსებზე, ბაზრებსა და საჭირო კავშირებზე წვდომის პროცესში ბარიერებს აწყდებიან. ამ გამოფენის მსგავსი ინიციატივების დახმარებით, მზად ვართ, შევამციროთ ეს ბარიერები და შევქმნათ მომავალი, სადაც ქალთა მეწარმეობა ინკლუზიური ზრდის მამოძრავებელი ძალა იქნება”, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (Norad) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), თიბისისთან, მიკრობანკ „კრისტალთან“, მიკრობანკ „ემბისისთან“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ექსპო ჯორჯიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
"მეწარმე ქალების მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დონორების თანადგომით, აქტიურად ვზრუნავთ, რომ მათ როგორც დაფინანსებაზე წვდომა, ისე ბიზნესის განვითარებისა და გაფართოებისთვის საჭირო საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობა გაუმარტივდეთ. გამოფენაში მონაწილე ქალებმა თავიანთი შრომითა და მონდომებით შეძლეს იდეების განხორციელება და წარმატებული ბიზნესის შექმნა. მათი გამოცდილება კარგი მაგალითია არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ ყველა იმ მეწარმისა და ახალგაზრდისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს და საკუთარი საქმის განვითარება სურს”, - აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ალკის ვრეინოს დრაკინოსმა.
საგულისხმოა, რომ წელს გამოფენის მონაწილეთა შორის იყვნენ ძალადობაგამოვლილი, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და უკრაინიდან ლტოლვილი მეწარმე ქალებიც. აქცენტი გაკეთდა მწვანე პროდუქტებზე, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. პარალელურად, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და გასართობი სივრცეები. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პანელური დისკუსიაც, რომლის მიმდინარეობისას საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და მეწარმე ქალების მხარდაჭერაში კერძო სექტორის როლს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს.
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.