ყველა ქალისა და გოგოსთვის: ელენე მჭედლიშვილი შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებზე საქართველოში

#ForAllWomenAndGirls პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 30-ე წელს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს. 33 წლის ელენე მჭედლიშვილი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თავმჯდომარე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ლიდერ ქალთა აკადემიის“ კურსდამთავრებულია. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის ქალებისა და გოგოების უფლებებზე მუშაობს და ცდილობს, მათი საჭიროებები რაც შეიძლება ფართოდ იყოს დანახული.

თარიღი:

თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თავმჯდომარე ელენე მჭედლიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის ქალებისა და გოგოების უფლებებზე მუშაობს და ცდილობს, მათი საჭიროებები რაც შეიძლება ფართოდ იყოს დანახული. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თავმჯდომარე ელენე მჭედლიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის ქალებისა და გოგოების უფლებებზე მუშაობს და ცდილობს, მათი საჭიროებები რაც შეიძლება ფართოდ იყოს დანახული. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საყვარელი საქმის ძიებიდან უფლებადამცველობამდე

ელენე მჭედლიშვილი საქართველოში 21 წლის ჩამოვიდა. ტრავმის გამო, მშობლებმა ქვეყნიდან სამკურნალოდ ადრეული ასაკიდანვე წაიყვანეს. თელავის მუნიციპალიტეტში არც ისე მარტივი გარემო დახვდა, თუმცა სულ სჯეროდა, რომ რეალიზებას შეძლებდა. პროფესიით ტურიზმის სპეციალისტმა, ცოტა ხანს ადგილობრივ სასტუმროში საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით იმუშავა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საყვარელი საქმე არ იყო და ძიება გააგრძელა.

„საქართველოში კიდევ ერთი რთული ოპერაცია გავიკეთე. 1 წელი წოლითი რეჟიმი მქონდა, მაგრამ პასიურად არც მაშინ ვყოფილვარ. ინგლისურ და რუსულ ენებში ვამზადებდი ბავშვებს, ყურადღებაც გადამქონდა და მათთან ურთიერთობაც მომწონდა“, - იხსენებს ელენე.

2020 წელს, USAID-ის დაფინანსებით, საქართველოში დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა დაიწყო. 6 მუნიციპალიტეტში იქმნებოდა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირებაზე, ადვოკატირებასა და სერვისების მიწოდებაზე იმუშავებდნენ. თანაც, ყველა მათგანში შშმ პირები და მათი ოჯახების წევრები დასაქმდებოდნენ. როცა ელენემ გაიგო, რომ ერთ-ერთი ასეთი ცენტრი თელავშიც ყალიბდებოდა, მის ფუნქციონირებაში ჩართვა გადაწყვიტა, 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე ინტენსიური ტრენინგები გაიარა და საქმიანობას შეუდგა. 1 წლის შემდეგ ის ცენტრის თავმჯდომარედ აირჩიეს.

შშმ ქალებისა და გოგოების განსაკუთრებული საჭიროებები

თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი შშმ პირების საჭიროებებს იკვლევს და შემდგომ ამ თემების ადვოკატირებას ეწევა, ავრცელებს ინფორმაციას სერვისებზე, მუშაობს შშმ პირების, მათი ოჯახებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. ელენე ამბობს, რომ ორგანიზაციის კარი თითქმის არ იხურება: აქ ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ მოდიან, რომ სურთ, ვინმეს საკუთარი განცდები გაუზიარონ და მხარდაჭერა მიიღონ.

„ჩვენს ბაზაში 1000-ზე მეტი შშმ პირია რეგისტრირებული. ვცდილობთ, მათი საჭიროებები პრიორიტეტული იყოს. არც ისე დიდი ხნის წინ ეს ადამიანები იმდენად არ ჩანდნენ, რომ ბევრს ეგონა, საერთოდ არ არსებობდნენ. თუმცა, ხილვადობა ჯერ კიდევ გამოწვევაა, განსაკუთრებით შშმ ქალებისა და გოგოების, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები აქვთ და მეტი სტერეოტიპის გადალახვა უწევთ“, -ამბობს ელენე.

ეს სტერეოტიპები თავადაც შეხებია და მოქალაქეების სახეებზეც გაოცება არაერთხელ ამოუკითხავს: „უჭირთ წარმოდგენა, რომ შშმ ქალი შეიძლება რეალიზებული იყოს და თან - ხელმძღვანელი. მიზეზი დაბალი ცნობიერება და სტიგმებია. სამწუხაროდ, ამგვარი მცდარი წარმოდგენები შშმ ქალებს განათლების მიღებასა და დასაქმებაში ხშირად უშლის ხელს“, - აღნიშნავს ელენე და დასძენს, რომ ეთნიკური უმცირესობების თემებში, სადაც ქართულ ენას სათანადოდ ვერ ფლობენ, პრობლემა კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დგას.

„როცა ეთნიკური უმცირესობების თემებში შშმ ბავშვების საჭიროებებს ვსწავლობდით და საინფორმაციო შეხვედრებს ვმართავდით, აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთის არსებობას ოჯახი ნათესავებსაც კი უმალავდა. ცხადია, არც შშმ პირის სტატუსი ჰქონდათ და ვერც განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებს იღებდნენ. მაშინ გავიცანით 16 წლის გოგო, რომელიც სკოლაში საერთოდ არ დადიოდა. ოპერაციისთვის დაფინანსება მოვუძიეთ და რომ გავიგეთ, სტილისტობა სურდა, ამ პროფესიის მიღებაშიც დავეხმარეთ“, - ჰყვება ელენე.

ელენე მჭედლიშვილი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ოფისში, საკუთარ სამუშაო მაგიდასთან. ფოტო: პირადი არქივი
ელენე მჭედლიშვილი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ოფისში, საკუთარ სამუშაო მაგიდასთან. ფოტო: პირადი არქივი

ცვლილების მთავარი გზა შშმ ქალების აქტივიზმზე გადის

ელენე ფიქრობს, რომ შშმ პირების, მათ შორის შშმ ქალების, უფლებების დაცვაში ყველა მხარეს მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა ცვლილებების ინიციატორად მაინც ამ თემის წარმომადგენლებს მიიჩნევს, ამიტომ მუდმივად ცდილობს, შესაბამისი მაგალითები თავადაც შექმნას. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ელენემ „ლიდერ ქალთა აკადემიაში“ მიიღო მონაწილეობა - ინიციატივაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრთან მრავალპარტიული დემოკრატიისთვის პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ლიდერ ქალთა მხარდასაჭერად განახორციელა.

„შშმ პირები თავად უნდა საუბრობდნენ საკუთარ საჭიროებებზე, განსაკუთრებით ქალები, რომლებსაც, გენდერული სტერეოტიპების გამო, ხშირად შესაბამისი შესაძლებლობა არ აქვთ. როცა აქტივიზმში ჩავერთე, ვთქვი, რომ გავხდებოდი ლიდერი და გადაწყვეტილებების მიმღები, რადგან მინდა, შშმ ქალების ხმა ისმოდეს ყველგან, ყველა პლატფორმაზე, უშუალოდ მათ მიერ და ეს ხმა იყოს გათვალისწინებული. ამ მიზნის მისაღწევად, აკადემიამ კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება და მოტივაცია მომცა, გამაცნო ქალები, რომლებთან თანამშრომლობას სამომავლოდაც აუცილებლად განვაგრძობ“, - აღნიშნავს ის.

რა შედეგები გვაქვს პეკინის დეკლარაციიდან 30 წლის შემდეგ

პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის მიღებიდან 30 წლის შემდეგ შშმ ქალების უფლებების დასაცავად არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ელენე ამბობს, რომ ცვლილება საკმარისი არ არის. წინ დიდი გზა და ბევრი გადასალახი ბარიერია, რადგან შშმ ქალებს საბაზისო უფლებების მისაღებად ბრძოლა და სტერეოტიპების მსხვრევა ჯერ კიდევ უწევთ.

„უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მესმის, რომ რთულია და ზოგჯერ იმედგაცრუებაც გვიპყრობს, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი ჩართულობის გარეშე არაფერი შეიცვლება“, - ამბობს ელენე.

ყველა ქალისა და გოგოსთვის

„ჩემი გზავნილი ქალებისა და გოგოებისთვის მეტი აქტიურობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ცვლილებების ინიციატორები“, - ამბობს ის და გეგმავს, სწავლა რომელიმე უცხოური უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, ფსიქოლოოგის მიმართულებით განაგრძოს და მიღებული ცოდნით საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს.