კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად

თარიღი:

კრეატიული დირექტორი, სპიკერი და პლატფორმის Get Sh*t Done დამფუძნებელი რებეკა როუნთრი Ad Black Sea-ის სცენაზე, საკუთარი გამოსვლის ბოლოს სამახსოვრო ფოტოს იღებს. ფოტო: Ad Black Sea
კრეატიული დირექტორი, სპიკერი და პლატფორმის Get Sh*t Done დამფუძნებელი რებეკა როუნთრი Ad Black Sea-ის სცენაზე, საკუთარი გამოსვლის ბოლოს სამახსოვრო ფოტოს იღებს. ფოტო: Ad Black Sea

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea-ის სცენიდან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ აქტუალური გზავნილები ტრადიციულად წელსაც გაისმა. 11-13 სექტემბერს, ბათუმში გამართულ სამდღიან ღონისძიებაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ორგანიზატორებმა სარეკლამო და შემოქმედებითი სფეროების წარმომადგენლებს ქალთა საკითხებზე კვლავაც საინტერესო ინიციატივები მოუმზადეს.

ფესტივალის გახსნის დღეს სტუმრების წინაშე კრეატიული დირექტორი, სპიკერი და პლატფორმის Get Sh*t Done დამფუძნებელი რებეკა როუნთრი შთამაგონებელი გამოსვლით წარსდგა. რებეკა როუნთრი ცნობილი გლობალური ბრენდების შემოქმედებით მიმართულებებს ხელმძღვანელობდა და ქმნიდა სოციალურ თემებზე ფოკუსირებულ ნარატივებს, რომლებიც სხვადასხვა საზოგადოებაში კულტურის ნაწილად იქცა. სწორედ ის არის შთამბეჭდავი და გახმაურებული #Wombstories-ის ერთ-ერთი შემქმნელი — კამპანიის, რომელმაც ქალების ჯანმრთელობაზე, მათ შორის ტაბუდადებულ თემებზე ხმამაღლა საუბარი წამოიწყო. რებეკა როუნთრიმ სტუმრებს #Wombstories-ის ფარგლებში შექმნილი მასალები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

აღსანიშნავია, რომ რებეკა როუნთრი ამჟამად ხელოვნურ ინტელექტსა და ამ მიმართულებით არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირებაზე მუშაობს. კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართული პრაქტიკული შეხვედრისთვისაც, რომელიც ფესტივალის მესამე დღეს შედგა, მან სწორედ ეს თემა შეარჩია. რებეკა როუნთრიმ მონაწილეებს გააცნო, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ინდუსტრიას საკუთარი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ გააგონონ.

კრეატიული დირექტორი, სპიკერი და პლატფორმის Get Sh*t Done დამფუძნებელი რებეკა როუნთრი Ad Black Sea-ის სტუმრებს საკუთარი გამოცდილების შესახებ უყვება. ფოტო: Ad Black Sea
კრეატიული დირექტორი, სპიკერი და პლატფორმის Get Sh*t Done დამფუძნებელი რებეკა როუნთრი Ad Black Sea-ის სტუმრებს საკუთარი გამოცდილების შესახებ უყვება. ფოტო: Ad Black Sea

„უკვე წლებია, ხელოვნური ინტელექტით ფაქტობრივად ყოველდღიურად ვსარგებლობ, თუმცა მხოლოდ ზედაპირულად, იდეების გენერაციისთვის. მინდოდა, მეტად სიღრმისეული ინფორმაცია მიმეღო და გამეგო, როგორ შემეძლო ხელოვნური ინტელექტის სამსახურებრივი თუ ყოველდღიური ამოცანებისთვის უფრო პროდუქტიულად გამოყენება. ამ მხრივ რებეკა როუნთრისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: ვისწავლე ხელოვნური ინტელექტის დამატებითი უპირატესობები, მაგალითად, როგორ შევქმნა ჩემი პირადი GPT და მისი დახმარებით, მარტივი დავალებები სწრაფად შევასრულო“, - ამბობს თიბისის ერთგულების პროგრამის ბრენდ მენეჯერი და სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ანა ორბელაძე.

სარეკლამო და კრეატიული ინდუსტრიის ნამუშევრები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევისა და პოზიტიური ცვლილებების მძლავრი იარაღია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დარგის პროფესიონალებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. Ad Black Sea-სთან — რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებასთან პარტნიორობაც ამ მიმართულების ნაწილია და ის ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში ჯანსაღი ღირებულებების პოპულარიზაციას, მის პროგრესულ განვითარებას ემსახურება.

„ფესტივალისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობა, რომელიც უკვე მეოთხე წელს ითვლის, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი და შედეგიანი თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითია. ერთად ვცდილობთ, ყოველ მომდევნო ჯერზე პროგრამა კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ, გენდერულად დავაბალანსოთ და დიდი სცენიდან ისეთ თემებზე ვისაუბროთ, რომლებსაც საკმარისი დრო და სივრცე ჯერ კიდევ არ ეთმობა“, - აღნიშნავს ფესტივალ Ad Black Sea-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ცინცაძე.

კრეატიული დირექტორი, სპიკერი და პლატფორმის Get Sh*t Done დამფუძნებელი რებეკა როუნთრი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკულ შეხვედრას მართავს. ფოტო: Ad Black Sea
კრეატიული დირექტორი, სპიკერი და პლატფორმის Get Sh*t Done დამფუძნებელი რებეკა როუნთრი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკულ შეხვედრას მართავს. ფოტო: Ad Black Sea

საგულისხმოა, რომ წელს ფესტივალს დაემატა ახალი პლატფორმა — „Ad Black Sea გენდერული თანასწორობისთვის“, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ჯილდო „შემოქმედებითი ინიციატივები გენდერული თანასწორობისთვის“ დაწესდა. ჯილდოს მიზანია, წაახალისოს ინდუსტრიის ის წარმომადგენლები, რომელთა ნამუშევრებიც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგაა მიმართული. მისი ნომინანტები ფესტივალის სხვადასხვა კატეგორიის პრიზიორებიდან სახელდება, გამარჯვებულს კი ჟიური ირჩევს.

„წლევანდელი გამარჯვებული სააგენტო „სუპერმარკეტის“ ვიდეორგოლი „ქალებს გაძლიერება არ სჭირდებათ“ გახდა. ჟიურიმ ის არასტანდარტული იდეით გამოარჩია. საინტერესო იყო ვიდეოს გზავნილიც, რომელიც აუდიტორიას პრობლემას განსხვავებულად აჩვენებდა. ჯილდო კონკურსის ნაწილად სამომავლოდაც დარჩება. ამას გარდა, პლატფორმის „Ad Black Sea გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლებიც ინდუსტრიის წარმომადგენლებს დაეხმარება, ყოველდღიურ საქმიანობაში ამოიცნონ და დაძლიონ გენდერული სტერეოტიპები",- აღნიშნავს Ad Black Sea-ის კონკურსის დირექტორი სოფო კეჩხოშვილი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და Ad Black Sea-ს პარტნიორობა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში. პროგრამა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.