ყველა ქალისა და გოგოსთვის: ნანა გოგოხია საქართველოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ქალების მონაწილეობასა და სოლიდარობაზე

#ForAllWomenAndGirls პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 30-ე წელს კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს აქტიურობისკენ. დამოუკიდებელი კონსულტანტი გენდერული თანასწორობისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების საკითხებში ნანა გოგოხია ქალთა უფლებებზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ამ საქმიანობით ის აძლიერებს და ეხმარება ქალებს, საკუთარი შესაძლებლობები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის გამოიყენონ.

თარიღი:

დამოუკიდებელი კონსულტანტი გენდერული თანასწორობისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების საკითხებში ნანა გოგოხია ქალთა უფლებებზე მუშაობს. ის აძლიერებს და ეხმარება ქალებს, საკუთარი შესაძლებლობები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის გამოიყენონ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
დამოუკიდებელი კონსულტანტი გენდერული თანასწორობისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების საკითხებში ნანა გოგოხია ქალთა უფლებებზე მუშაობს. ის აძლიერებს და ეხმარება ქალებს, საკუთარი შესაძლებლობები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის გამოიყენონ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

დევნილობა, როგორც პასუხისმგებლობა

პროფესიით სამართალმცოდნე, 43 წლის ნანა გოგოხია აფხაზეთიდან დევნილია. მე-5 კლასში იყო, ომის გამო მშობლიური კუთხის დატოვება რომ მოუხდა. 2004 წელს, როცა უნივერსიტეტი დაამთავრა, საქმიანობა სწორედ დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს დაუკავშირა, მოგვიანებით კი ქალთა უფლებების დაცვაშიც ჩაერთო.

სხვადასხვა დროს ნანა ქალებს სამართლებრივ კონსულტაციებსა და იურიდიულ დახმარებას უწევდა, მუშაობდა სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე, დასაქმების ხელშეწყობაზე, მუნიციპალური სერვისების განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობაზე. ახლა ის ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალების რეინტეგრაციასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მუშაობს, რადგან მიაჩნია, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქალებს რეალიზებაში უწყობს ხელს.

ნანა ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, გამოცდილებები, რომლებსაც იძენს, სურს, ერთ დღეს აუცილებლად აფხაზეთში გამოიყენოს. „დევნილობა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს“, - აღნიშნავს ის.

თუ ქალების ხმა არ ისმის, მათი გამოწვევები ვერ გვარდება

ნანას დღემდე ახსოვს 10 წლის წინ, ერთ-ერთი სოფლის კრებაზე ადგილობრივი ქალების გულდაწყვეტით ნათქვამი — ჩვენს საბავშვო ბაღში მარტივი სათამაშოებიც არ არის, ბავშვებს ვერ ვაჩერებთ და უკან, სახლში მოგვყავსო. „ეს ნიშნავდა, რომ მათ დრო არც საკუთარი თავისთვის ჰქონდათ, არც - სახლს გარეთ შრომისთვის, არც - გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობისთვის“, - ამბობს ის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გულშემატკივრობს მუნიციპალურ დონეზე ისეთი პროგრამების შექმნას, რომლებიც აუცილებლად ადგილობრივი ქალების მონაწილეობით შემუშავდება და მათ საჭიროებებს სრულად დაფარავს.

„როცა ამ სფეროში ხვდები, ცხადად ხედავ და გესმის, როგორ ჩაგრავენ ქალებს, როგორ არ იმჩნევენ, აკნინებენ, უფლებებს უზღუდავენ. ეს უსამართლობა ძალიან მტკივნეულია, თუმცა თან ნათლად გაჩვენებს, რომ თუ ქალების ხმა არ ისმის, მათი გამოწვევები ვერ გვარდება“, - აღნიშნავს ნანა.

ცვლილებების პროცესში ქალები განზე არ უნდა იდგნენ

ქალების როლი, ლიდერობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა რომ გაძლიერდეს, უპირველესად განათლება, სწორი ინფორმირებულობა და ცნობიერების ცვლილებაა საჭირო. ნანა ამბობს, რომ ცნობიერების ცვლილება ჯანსაღ ღირებულებებს აჩენს, ურთიერთპატივისცემას გვასწავლის და პასუხისმგებლობაზე გვაფიქრებს. ასეთ დროს კი უკვე მნიშვნელოვანი არა ადამიანის სქესი, არამედ მისი უნარები და შესაძლებლობები ხდება.

Ნანა გოგოხია კონფლიქტით დაზარალებული ქალების უფლებების შესახებ შეხვედრას ატარებს. ფოტო: პირადი არქივი
Ნანა გოგოხია კონფლიქტით დაზარალებული ქალების უფლებების შესახებ შეხვედრას ატარებს. ფოტო: პირადი არქივი

„ცვლილებების მიღწევაში ყველას საკუთარი როლი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ქალებს ახსოვდეთ, რომ როცა საკითხი მათ ცხოვრებას ეხება, განზე აღარასდროს გადგნენ, ახლა ამის ფუფუნება აღარ გვაქვს, თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა და შემართება მნიშვნელოვანია. 17 წლის გოგო მყავს. დედას ქცევას ახლა განსაკუთრებით ის აკვირდება, ამიტომ ჩემი ბრძოლა იმედიანი და შემართებითია“ , - ამბობს ნანა.

გაზრდილი გამოწვევების მიუხედავად, ქალებზე მხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს. მათ სწორედ ახლა უნდა დაინახონ, რომ მარტონი არ არიან. „მოველი, რომ გლობალურადაც აქტივისტი ქალების ბევრი ქსელი შეიქმნება. რაც მეტნი ვიპოვით ერთმანეთს, სოლიდარობაც გაიზრდება. ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ამგვარ ინიციატივებს უფრო ინტენსიურად უნდა შეუწყონ ხელი, შესაძლებლობების შექმნით დაგვეხმარონ“, - ამბობს ნანა.

სოლიდარობის მაგალითს ნანა თავადაც ქმნის, მათ შორის იმ ქალებთან ერთად, რომლებიც „ქალთა ლიდერობის აკადემიაში“ გაიცნო. ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრთან მრავალპარტიული დემოკრატიისთვის პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ლიდერ ქალთა მხარდასაჭერად განახორციელა. მისი მონაწილეები დღეს უკვე თავად ცდილობენ სხვა ქალების დახმარებას.

„ამ პროექტმა ერთ გუნდად შეგვკრა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? როცა რომელიმე ქალს ვეხმარები და კომპეტენცია არ მყოფნის, მაგალითად, ფსიქოლოგი, ადვოკატი ან სხვა პროფესიონალი მჭირდება, იმ ქალებს ვუკავშირდები, ვინც აკადემიაში იყო. ჩვენი კომპეტენციებით ქალების მხარდასაჭერად ხომ ვერთიანდებით, მაგრამ თან გვჯერა, რომ ერთმანეთს ყოველთვის შევეხიდებით“, - აღნიშნავს ნანა.

პეკინის დეკლარაციის მნიშვნელობა დღეს

„ქალები დღითიდღე შორდებიან განვითარების პროცესებს. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას? - ჩემთვის ახლა ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნანა და ერთ-ერთ სახელმძღვანელოდ სწორედ პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმას ასახელებს.

„საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ეს დეკლარაციაც, ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული, კიდევ უფრო ხშირად ნახსენები, რადგან სხვადასხვა საზოგადოებაში მცხოვრებმა ადამიანებმა, მათ შორის გულგრილად ან პესიმისტურად განწყობილებმა, დაინახონ, რომ საერთაშორისო სივრცეშიც რაღაც ხდება. ქალებმა იგრძნონ, რომ მათ იცავენ. ვფიქრობ, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს 30 წლის წინ მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობას“, - ამბობს ნანა.

ყველა ქალისა და გოგოსთვის

„როცა ქალებთან ვმუშაობ, ვცდილობ, გავუძლიერო რწმენა და თავდაჯერება, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ. უცხო ადამიანისგან ასეთი მხარდაჭერის ჩვენება ძალიან ღირებულია. საზოგადოებამაც უნდა გააცნობიეროს, რომ ქალების მხარდაჭერა, მათი უფლებების დაცვა და პატივისცემა მხოლოდ ქალებზე ზრუნვა არ არის. მათი ხმის გათვალისწინება, მთლიანად საზოგადოების სიძლიერისა და სიმწიფის საზომია“, - ამბობს ნანა და სურს, ყველა ქალს ჰქონდეს მხარდამჭერი მექანიზმები და სივრცე, სადაც მათი საჭიროებები დანახული და გათვალისწინებული იქნება.