ავსტრიისა და შვეიცარიის ელჩები ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მონაწილე ქალებს შეხვდნენ
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2019 წლიდან, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მუშაობს. ამ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები ხელს უწყობს სოფლად მცხოვრებ ქალებს, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შეცვალონ ის უკეთესობისკენ, შეიძინონ ახალი ცოდნა, უნარები და პროფესიები, მიიღონ მცირე გრანტები და საკუთარ ოჯახებს შემოსავლის ზოგჯერ ერთადერთი წყარო გაუჩინონ.
ამ ქალების, მათი საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების გაცნობას ემსახურებოდა 23-25 ივნისის ვიზიტი, რომლის დროსაც ავსტრიის ელჩი საქართველოში რობერტ გერშნერი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა კახეთს, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს ესტუმრნენ.
ვიზიტი კახეთში შვეიცარიის ელჩის სტუმრობით დაიწყო. ჰაიდი გრაუ შეხვდა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც სოციალური მობილიზაციის კომპონენტში არიან ჩართულები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბიუჯეტის შედგენაში. ქალებმა ჰაიდი გრაუს მოსახლეობის საჭიროებებსა და იმ პრობლემებზე უამბეს, რომლებიც თვითდახმარების ჯგუფების აქტიურობით მოგვარდა.
შვეიცარიის ელჩი შეხვდა უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებსაც, რომლებიც პანკისის ხეობაში ქალთა უფლებებზე მუშაობენ. შემდეგ კი ჰაიდი გრაუმ სოფელ მატანში ინგა ჩოხელის ქორეოგრაფიული სტუდია მოინახულა, სოფელ ბირკიანში ლუიზა დაქიშვილის საცხობსა და კაფეს ეწვია, სოფელ ომალოში კი მარინე თოხოსაშვილის უალკოჰოლო ლუდის საწარმო დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ სამივე ქალმა საჭირო ინვენტარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის გრანტით შეიძინა და საქმიანობა განავითარა.
მომდევნო დღეს ვიზიტს ავსტრიის ელჩი რობერტ გერშნერიც შეუერთდა. დიპლომატები ქვემო ქართლში მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და სოფლებში - ახალ დიოკნისსა და არაფლოში ის სასათბურე მეურნეობები მოინახულეს, რომლებიც ადგილობრივმა ქალებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში განავითარეს. მოგვიანებით სტუმრები სოფელ მარადისში სოციალურ მობილიზაციაში ჩართულ ქალებსაც შეხვდნენ და მათი მუშაობის შედეგებს გაეცნენ.
„ელჩების ვიზიტი მთელი სოფლისთვის დიდი პატივია. სტუმრებს ჩვენს თემზე მოვუყევით. ვუამბეთ, როგორ შეიცვალა აქაური ცხოვრება პროექტის დაწყების შემდეგ - საქონლის, ყანისა და ბაღჩების მოვლაში ჩაფლულმა დიასახლისმა ქალებმა როგორ წამოვიწყეთ საქმიანობები და გავხდით ტრენერები, რომლებიც უკვე სხვა ქალებს ვაძლევთ მოტივაციასა და რჩევებს ბიზნესების დასაწყებად. ვაჩვენეთ, რამდენად წარმატებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მცირე გრანტებით განვითარებული საქმიანობები“, - აღნიშნა მარადისელმა ფერმერმა, ნაირა პაქსაძემ, რომელიც სასათბურე მეურნეობას უძღვება, სოციალურ მობილიზაციაშიც აქტიურადაა ჩართული და, სხვა ქალებთან ერთად, სოლიდარობის განსაკუთრებულ მაგალითებს ქმნის.
ნაირამ და მისმა თანასოფლელებმა ელჩებთან შეხვედრისას არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზეც გაამახვილეს ყურადღება: ქალებს სასაწყობე მაცივრისა და შესაფუთი დანადგარის შეძენა სურთ, ჭარბი მოსავალი უსაფრთხოდ რომ შეინახონ და ბაზარზე ბრენდირებული შეფუთვით გაყიდონ. „ჩვენ განვითარებას არ ვწყვეტთ. სულ სამომავლო წარმატებაზე ვფიქრობთ. გვინდა, მარადისი ევროპული სოფელი იყოს და მუდამ წინ ვიაროთ. იმედია, ამის საშუალება გვექნება“, - დასძინა ნაირამ.
ავსტრიისა და შვეიცარიის ელჩები ვიზიტის ბოლო დღეს ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს ესტუმრნენ. დიპლომატები თვითდახმარების ჯგუფებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ და მათთან ერთად იმსჯელეს გამოწვევებზე, რომლებსაც რეგიონში ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აწყდებიან. მოგვიანებით ისინი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში მზია სურმანიძეს ეწვივნენ და მისი კურდღლების ფერმა მოინახულეს, სოფელ ტოლოშში, ლარისა გვარამაძესთან ყველის წარმოება დაათვალიერეს, სოფელ ნაქალაქევში, ლია მაღრაძესთან კი წისქვილის მეურნეობას ესტუმრნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მსგავსად, ამ მეწარმე ქალებმაც საქმიანობები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მცირე გრანტებით წამოიწყეს ან განავითარეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით, პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ 2019 წლიდან, „ფონდი ტასოსა“ და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამ პერიოდიდან სოციალური მობილიზაციის კომპონენტმა სამივე რეგიონში 1600-ზე მეტი ქალი გააერთიანა. პროექტის ფარგლებში 300- მეტი მცირე გრანტი გაიცა და 900-ზე მეტი ქალი გადამზადდა. ის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.