ცხოვრება ახალი ფურცლიდან
თარიღი:

45 წლის ანა შაბალინა თბილისში დედასთან, ქმარსა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ოჯახი იძულებით გადაადგილებული ორჯერ გახდა: პირველად ყირიმის ოკუპაციის დროს და მეორედ, 2022 წლის მარტში, როცა კიევიდან თბილისამდე რთული გზა გამოიარა.
„2014-ში ვერ ვიჯერებდით, რომ ჩვენი ტერიტორიის მითვისება ასე მარტივად შეეძლოთ. ვფიქრობდით, ყველაფერი შეიცვლებოდა. დიდხანს ველოდით უკეთესობას, მაგრამ, როცა ბოლო იმედიც ამოიწურა, კიევში გადავედით. 2022 წელს, ომი რომ დაიწყო, თბილისში წამოსვლა გადავწყვიტეთ. აქ ბიძაშვილი ცხოვრობდა და ჩვენი არჩევანი ამანაც განაპირობა“, - იხსენებს ანა.
ამჯერადაც სჯეროდათ, რომ ომი მალე დასრულდებოდა და სტუმრად დარჩენა დიდხანს არ მოუწევდათ. ორი თვის შემდეგ მიხვდნენ, რომ ცდებოდნენ, ამიტომ მოკრძალებული სახლი იქირავეს და ახალი ცხოვრების დაწყებაზე დაფიქრდნენ.
ანა ფსიქიატრია და წლების განმავლობაში საკუთარი პროფესიით მუშაობდა. დამთავრებული აქვს სახელმწიფო ჯანდაცვის მართვის ფაკულტეტიც. საქართველოში ჩამოსვლამდე, პანდემიის გამო, კოლეგებს კოვიდპაციენტების მართვაში ეხმარებოდა. თბილისში აღმოაჩინა, რომ ამ პროფესიებს ვერაფერში გამოიყენებდა.
„ეს იყო ძალიან მძიმე დაბნეულობის პერიოდი. ენა არ ვიცოდი, თავადაც რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი და კონსულტაციას ვერავის ვუწევდი, ამიტომ სახლის საქმეების დამხმარედ დავიწყე მუშაობა. მერე იმ ოჯახში გავიცანი ქალი, რომელსაც წვეულებების გასაფორმებლად ასისტენტები სჭირდებოდა. ასე მოვხვდით მე და ჩემი ქმარი სრულიად ახალ სფეროში“, - ამბობს ანა.

სადღესასწაულო სივრცეების გაფორმებაში, მოსართავებისა და სხვადასხვა ფუნქციის ზონების მოწყობაში თანდათან ძალიან გაიწაფნენ. პარალელურად, ანა ქართულ-უკრაინული პლატფორმის ღონისძიებებშიც ჩაერთო. იმ პერიოდში პლატფორმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობითა და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, ახალ პროექტს ახორციელებდა. ინიციატივა 87 უკრაინელი ქალისთვის მენტალური ჯანმრთელობის, პროფესიული და პიროვნული განვითარების, განათლებისა და დასაქმების კუთხით მხარდაჭერას გულისხმობდა. მონაწილეები ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიულ სეანსებს გადიოდნენ, საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდნენ, დასაქმების უნარებს იღრმავებდნენ და ბიზნესის დაწყებისა თუ განვითარებისთვის საჭირო ცოდნას იღებდნენ. პროექტი მონაწილეების ბიზნესიდეების დაფინანსებასაც ითვალისწინებდა.
„გადავწყვიტე, მეცადა. მე და ჩემს ქმარს ღონისძიებებს საკუთარი ინსტრუმენტები და ხელსაწყოები არ გვქონდა, ამიტომ თხოვნა ან ქირაობა გვიწევდა ხოლმე. ჩემი ბიზნესპროექტი სწორედ მათი შეძენისთვის საჭირო დაფინანსებას შეეხებოდა. ძალიან გამიხარდა, როცა იდეა მომიწონეს და იმ 12 ქალს შორის მოვხვდი, ვინც გრანტი მიიღო“, - ამბობს ანა.
ხელსაწყოების შეძენის შემდეგ ანას შრომა შეუმსუბუქდა. ახლა უფრო მეტ და რთულ შეკვეთებს ასრულებს, დამკვეთების კმაყოფილებაც გაეზარდა და შემოსავალიც თითქმის გაუორმაგდა.
„საკუთარი ხელით არასდროს არაფერი მიკეთებია, ამიტომ დღემდე მიჭირს დაჯერება, რომ ამას თავად ვამზადებ. როცა პოზიტიურ გამოხმაურებებს ვიღებ, თავდაჯერება მეზრდება. ვგრძნობ, რომ შვილებიც ჩემით ძალიან ამაყობენ. ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ ფინანსურად კი არ გიწყობს ხელს, არამედ საჭირო ცოდნასა და უნარებს გაძლევს, ახალ ადამიანებს გაცნობს, რთულ რეალობაში მყოფს ორიენტაციაში გეხმარება. ეს უდიდესი სტიმულია“, - აღნიშნავს ანა, რომელიც უკვე ღონისძიებების გაფორმების საკუთარი სააგენტოს გახსნაზე ფიქრობს. ამბობს, რომ დროა, საქმეს დამოუკიდებლად გაუძღვეს, თუმცა არც ფსიქიატრის პროფესიას შორდება: თანამემამულეებს უფასო კონსულტაციებს უწევს და უკრაინულ საბავშვო ბაღში არტთერაპევტად მუშაობს.
ქართულ-უკრაინულ პლატფორმასთან თანამშრომლობით განხორციელებული ინიციატივები წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების მდგრადობის გაძლიერება მასპინძელ ქვეყნებში” ნაწილს, რომელსაც იაპონიის მთავრობა აფინანსებდა.