ქალების ხმა ZEG Storytelling Festival-ზე

თარიღი:

ოზლემ ჩეკიჩი, პირველი მუსლიმი ემიგრანტი ქალი დანიის პარლამენტში ქალთა ლიდერობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ოზლემ ჩეკიჩი, პირველი მუსლიმი ემიგრანტი ქალი დანიის პარლამენტში ქალთა ლიდერობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 13-15 ივნისს, ZEG Storytelling Festival-ის სცენიდან ქალების ხმა კიდევ უფრო ძლიერად გაისმა. ლიდერობის, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ცვლილებების ირგვლივ გამართული სესიები თემამ "ქალების ძალა" გააერთიანა. მოწვეულმა სპიკერებმა - პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა, რომლებიც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ, აუდიტორიასთან ერთად აქტუალურ პრობლემებზე იმსჯელეს.

ფესტივალის გახსნის დღეს დანიის პარლამენტის პირველმა მუსლიმმა დეპუტატმა ქალმა, ოზლემ ჩეკიჩმა აუდიტორიას შეახსენა, რომ გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაშიც ქალები მონაწილეობენ, უფრო გონივრული, სასარგებლო და სამართლიანია. ქალებისთვის შესაძლებლობების კარის გაღება კი მთელ მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების ტალღას ნიშნავს.

დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა ადვოკატის, სარა ჰოსეინისა და ნორვეგიის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსის, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ანე ბრეივიკის დიალოგიც. სპიკერებმა იმსჯელეს უხილავ ბარიერებზე, რომლებიც ქალებს დღემდე არ აძლევს საშუალებას, დაიკავონ კუთვნილი ადგილი გადაწყვეტილებების მიღების მაგიდასთან.

ფემინისტი მკვლევარი დოქტორ ერჟებეტ ბარათი მეთიუ პაისთან დიალოგისას საუბრობს იმ მზარდი წინააღმდეგობის შესახებ, რომელსაც გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი გლობალური მასშტაბით აწყდება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ფემინისტი მკვლევარი დოქტორ ერჟებეტ ბარათი მეთიუ პაისთან დიალოგისას საუბრობს იმ მზარდი წინააღმდეგობის შესახებ, რომელსაც გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი გლობალური მასშტაბით აწყდება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ფესტივალის ბოლო დღეს ფემინისტმა მკვლევარმა, დოქტორ ერჟებეტ ბარათმა მეთიუ პაისთან დიალოგისას ისაუბრა იმ მზარდი წინააღმდეგობის შესახებ, რომელსაც გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი გლობალური მასშტაბით აწყდება. სპიკერებმა აუდიტორიას დაუტოვეს მკაფიო გზავნილი, რომ თანამედროვე სამყაროში გენდერული თანასწორობის დაცვა დემოკრატიის დაცვას ნიშნავს. ამავე დღეს საერთაშორისო ჟურნალისტური კვლევითი ცენტრის (ICFJ) წარმომადგენლებმა, ჯული პოზეტიმ და ნაბილა შაბბირმა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევაზე — ინტერნეტსივრცეში ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული აქცენტი ჟურნალისტ ქალებზე გააკეთეს. სპიკერებმა აუდიტორიას რეალური ისტორიები უამბეს და აღნიშნეს, რომ ქალები, რომლებიც ხმას იმაღლებენ, კიდევ უფრო მეტად ხდებიან შეურაცხყოფის, მუქარისა და ზეწოლის სამიზნეები.

„სპიკერების ნაამბობმა ძალიან დიდი ინსპირაცია მომცა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა ქალების ლიდერობის შესახებ ნორვეგიული გამოცდილების მოსმენა. ვფიქრობ, ასეთი არაფორმალურიფორმატის განხილვები ჩემს თაობაში მეტ დაინტერესებას იწვევს, ყურადღებასაც იქცევს და ჩვენს გულებამდეც უფრო ახლოს მოდის. ამას გარდა, ძალიან აქტუალური თემები „ბაბლს“ გარეთ გააქვს და სრულიად განსხვავებულ, მრავალფეროვან აუდიტორიას აფიქრებს ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ძირითადად დახურულ კარს მიღმა, კონფერენციებზე განიხილავენ ხოლმე“, - აღნიშნა 22 წლის ელენე გურეშიძემ, რომელიც „ქალების ძალის“ თემის ფარგლებში გამართულ სესიებს ესწრებოდა.

ZEG Storytelling Festival ადგილობრივი და გლობალური აქტუალური თემების ირგვლივ პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს, გამოფენებს, ქალაქის ტურებს, კინოჩვენებებსა და სხვა შემოქმედებით აქტივობებს მოიცავს. ფესიტვალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური ღონისძიება 2019 წლიდან ტარდება და აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც აუდიტორიას შთა¬მა¬გო¬ნე¬ბელ, უნი¬კა¬ლურ ამ¬ბებს უზიარებენ. მას წელსაც უამრავი სტუმარი ჰყავდა.

საერთაშორისო ჟურნალისტური კვლევითი ცენტრის (ICFJ) წარმომადგენლები ჯული პოზეტიმ და ნაბილა შაბბირი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევაზე -  ინტერნეტსივრცეში ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
საერთაშორისო ჟურნალისტური კვლევითი ცენტრის (ICFJ) წარმომადგენლები ჯული პოზეტიმ და ნაბილა შაბბირი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევაზე - ინტერნეტსივრცეში ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ZEG Storytelling Festival-ის თანამშრომლობა მიზნად ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატირებას ისახავდა. ამ მიმართულებით პარტნიორობის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება.

თემის "ქალების ძალა" ფარგლებში გამართული სესიები და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ZEG Storytelling Festival-ის პარტნიორობა მხარდაჭერილი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სკანდინავიის ქვეყნების მინისტრთა საბჭოს მიერ.