„გადაინაწილე ზრუნვა“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის შესახებ
თარიღი:

საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ეს კი წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიარდი საათი და 10 მილიარდი ლარია. ამგვარი უსამართლო გადანაწილება უპირველესად ქალების პროფესიულ რეალიზებასა და ცხოვრების ხარისხზე აისახება ნეგატიურად, თუმცა მათი შრომა უმეტესად შეუმჩნეველი რჩება. პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მის შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაა და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კამპანია „გადაინაწილე ზრუნვა“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მარტში წამოიწყო და ივნისის თვეში დასრულდება. კამპანია დაეყრდნო საქართველოში დროის გამოყენების კვლევის მონაცემებსა და მიგნებებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „ყველა ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა.
მულტიმედია მასალებითა და ინფლუენსერების მონაწილეობით, „გადაინაწილე ზრუნვა“ ყურადღებას აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის მნიშვნელობასა და მისი გადანაწილების აუცილებლობაზე ამახვილებდა. საგულისხმოა, რომ ინიციატივას შეუერთდა კერძო სექტორის ნაწილიც: ონლაინმაღაზია Veli Store, ტექნიკის მაღაზია “ალტა” და ფარმაცევტული კომპანია “ფარმადეპო”. კომპანიებმა აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის შესახებ საინფორმაციო მასალები მომხმარებლებს შორის გაავრცელეს და ამგვარად შეუწყვეს ხელი პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ კამპანიას სოციალურ და მეინსტრიმ მედიებში საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა. სატელევიზიო გადაცემებით, ნიუსებითა თუ კრეატიული ქვიზით მას 11 პოპულარული მედიასაშუალება გამოეხმაურა. „გადაინაწილე ზრუნვის“ ფარგლებში შექმნილი კონტენტი კი თითქმის 5 მილიონჯერ იყო ნანახი, რაც მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი შედეგია.
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილების მიზეზი უპირველესად გენდერული სტერეოტიპებია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის „გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა საქართველოში“ აჩვენებს, რომ ყოველი მე-2 ადამიანის აზრით, ბავშვების დაბანა, კვება, მათთვის საფენის გამოცვლა უფრო დედის პასუხისმგებლობაა. ამას გარდა, 71% მიიჩნევს, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და ოჯახზე ზრუნვას მეტ დროს უთმობდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში ყველა ოჯახს არ მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღებზე, დღის ცენტრებზე, გახანგრძლივებულებსა და შინ მოვლის მომსახურებებზე. შესაბამისად, კამპანიის „გადაინაწილე ზრუნვა“ ამოცანებს სტერეოტიპების ირგვლივ დისკუსიის დაწყება, ზრუნვის შრომის გადანაწილების პოპულარიზაცია და შესაბამისი პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობაც წარმოადგენდა.
“აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილება მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა და ის განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვისაც. მისი გადაჭრისთვის უპირველესად ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ჩვენი კამპანიით "გადაინაწილე ზრუნვა" სწორედ ეს მიზანი გვქონდა. მან აუდიტორიას პრობლემის სიმწვავე პოზიტიური, ემოციური ხერხებით დაანახა და შთამბეჭდავი გამოხმაურებაც მოიპოვა. იმედი გვაქვს, რომ კამპანია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის თანაბარი და სამართლიანი გადანაწილებისკენ გადადგმული ღირებული ნაბიჯი იქნება”,- აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.
კამპანიის ფარგლებში, ივნისში გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების მოწყობა ახალგაზრდებთან. თემატური ღონისძიებები 5 უნივერსიტეტში გაიმართება და აუნაზღაურებელი შრომის ირგვლივ მსჯელობას მიეძღვნება. კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად განახორციელა.
„გადაინაწილე ზრუნვა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.