ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩები ქალთა გაძლიერების რეგიონულ ინიციატივებს გაეცნენ

თარიღი:

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ქალებმა, რომლებიც სოფელ საზანოში სოციალურ მობილიზაციაში არიან ჩართულები, შეხვედრის შემდეგ ჯგუფური ფოტო გადაიღეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ქალებმა, რომლებიც სოფელ საზანოში სოციალურ მობილიზაციაში არიან ჩართულები, შეხვედრის შემდეგ ჯგუფური ფოტო გადაიღეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, დონორებსა და პარტნიორებთან ერთად, ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის, საქართველოს რეგიონებში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამ ინიციატივებმა ბევრი ქალის ცხოვრებაში ახალი ელფერი შეიტანა, ხელი შეუწყო ქალთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მუშაობას, გააუმჯობესა არა მარტო ქალების, არამედ მთლიანად სოფლების ყოველდღიურობა.

ამ ღირებულ საქმიანობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციას მრავალი წელია, მხარს უჭერენ ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის მთავრობები, რომელთა დაფინანსებებმა ხელშესახები ცვლილებების მიღწევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მიღწეული შედეგების გაცნობას ემსახურებოდა 6-7 მაისის ვიზიტი, რომლის დროსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი, დანიის ელჩი საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენი, ესტონეთის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლიეტუვის ელჩი საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასი შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებს ეწვივნენ. ისინი ქალთა გაძლიერების ინიციატივებს უშუალოდ ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტი დაიწყო გორში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ძალადობაგამოვლილთა თავშესაფარში სტუმრობით, რომელიც 2010 წელს შვედეთის მთავრობის ხელშეწყობითა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, გაიხსნა და უწყვეტად ფუნქციონირებს. შემდეგ კი სტუმრები ადგილობრივ მეწარმეს, ნინო წიქარიძეს ეწვივნენ. ნინო მცირე სასტუმროსა და რესტორანს უძღვება და მონაწილეობს მეწარმე ქალთა მხარდამჭერ პროექტში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მიერაა დაფინანსებული.

შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი და ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხში იძულებით გადაადგილებულ ქალებს ხვდებიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი და ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხში იძულებით გადაადგილებულ ქალებს ხვდებიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

6 მაისსვე ელჩები ზესტაფონში, სოფელ საზანოში შეხვდნენ ქალებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის და „ფონდი ტასოს“ სოციალური მობილიზაციის კომპონენტში არიან ჩართულები. მათ სტუმრებს თვითდახმარების ჯგუფების ინიციატივები გააცნეს, ისაუბრეს პროექტის დახმარებით მიღებულ ახალ ცოდნასა თუ უნარებზე და შედეგად წამოწყებულ მცირე ბიზნესსაქმიანობებზე. ქალებმა ყურადღება არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზეც გაამახვილეს. სოცილური მობილიზაციის კომპონენტი სოფელ საზანოში ნორვეგიისა და დანიის მთავრობების მიერაა დაფინანსებული.

„სოციალურმა მობილიზაციამ ყოველდღიურ რუტინას მოგვწყვიტა. ის რამდენიმე ერთად გატარებული საათი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკვე დავინახეთ ერთმანეთის ძალა და გვერდით დგომა. ვირწმუნეთ, რომ საზანოში მცხოვრებ ქალებსაც შეგვიძლია ვაკეთოთ ბევრი სიკეთე და ამას საქმითაც ვამტკიცებთ“, - აღნიშნა შეხვედრაზე თვითდახმარების ჯგუფის „მიზანდასახული დიასახლისების“ ერთ-ერთმა წევრმა, დარინა შავგულიძემ. ჯგუფში სულ ცხრა ადგილობრივი ქალია გაერთიანებული.

7 მაისს ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით გაგრძელდა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე მუშაობენ, ელჩებს იქაური კონტექსტი და პრიორიტეტები წარუდგინეს. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობასა და მხარდაჭერის შესაძლებლობებს. მოგვიანებით ელჩები სოფელ რუხში იძულებით გადაადგილებულ ქალებს შეხვდნენ, რომლებმაც სტუმრებს საკუთარი ისტორიები უამბეს და არსებული საჭიროებებიც გააცნეს.

დანიის ელჩი საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენი სოფელ კახათში, სტუმრად ადგილობრივ მეწარმესთან, ნათია ღურწკაიასთან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
დანიის ელჩი საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენი სოფელ კახათში, სტუმრად ადგილობრივ მეწარმესთან, ნათია ღურწკაიასთან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ამავე დღეს ელჩები სოფელ კახათში, მეწარმე ნათია ღურწკაიასთან იმყოფებოდნენ. ნათია ფერმერთა საველე სკოლების მონაწილეა და ძროხების ფერმას უძღვება. მან შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ყველის იტალიური ტექნოლოგიით დამზადების, მეწარმეობის, ლიდერობის, ქალთა უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ტრენინგები გაიარა და ამჟამად საქმიანობას ახალი გამოცდილებით აგრძელებს. დედაქალაქში გამომგზავრებამდე ელჩები იმყოფებოდნენ საოჯახო სასტუმრო “მწვანე სახლშიც”, რომელსაც ადგილობრივი მეწარმე თიკა დიდიშვილი მართავს. თიკა ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთი მონაწილე იყო, ახლა კი ის უკვე სხვა მეწარმე ქალებს უწევს მენტორობას.

ვიზიტის დროს აღმოჩენილი ადგილობრივი ქალების შესაძლებლობების, გამბედაობისა და მნიშვნელოვანი, პოზიტიური ცვლილებების მაგალითები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. საქართველოში ქალთა გაძლიერების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დონორებთან თანამშრომლობას კვლავაც განაგრძობს.