მოტივაცია ახალი წარმატებებისთვის - მეწარმე ქალების სასწავლო ვიზიტი დასრულდა

თარიღი:

სასწავლო ვიზიტის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
სასწავლო ვიზიტის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

„აქ იმიტომ ვარ, რომ გამოცდილება და რესურსი შევაგროვო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარი სახლის ეზოში სანერგე გავხსნა და ვაქციო სიმბოლოდ, თუ როგორ შეიძლება ომისგან განადგურებულ ადგილას სიცოცხლისა და განვითარების ცენტრი შექმნა”, - ასე დაიწყო სტამბოლში, ადგილობრივ მეწარმე ქალებთან გამართულ შეხვედრაზე საკუთარი ისტორიის მოყოლა 46 წლის ესმა მინდიაშვილმა.

ესმა მინდიაშვილი შიდა ქართლის რეგიონიდანაა. მეუღლესა და სამ შვილთან ერთად სოფელ ცერონისში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს და რთული ყოველდღიურობის მიუხედავად, აგროტურიზმს დიდი შრომითა და სიყვარულით ავითარებს. მეწარმე ქალს ტურისტული სივრცე საკუთარ ეზოში აქვს მოწყობილი. ცერონისის სტუმრებს ტრადიციულ ადგილობრივ კერძებსა და ბებიის რეცეპტით დამზადებულ ოსურ ლუდს სთავაზობს. პარალელურად, ვაშლის, ატმისა და ქლიავისგან ნატურალურ ჩირებს აწარმოებს, რომლებსაც გამოფენებსა და ბაზრობებზე ყიდის. სურს, რომ სამომავლოდ ამ პროდუქციას ჩურჩხელაც დაამატოს. თუმცა, ეს ყველაფერი არის: ესმა ყვავილებსაც ზრდის და მომხმარებლებს ნერგებსა და ულამაზეს კომპოზიციებს სთავაზობს.

„ჩემი საქმიანობა მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული არ არის. მას სოციალური მიზანიც აქვს: ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, სოფლის ცხოვრების პოპულარიზაცია და იმედის გაღვივება ადამიანებში, რომლებიც კონფლიქტის შედეგებს დღემდე განიცდიან“, - აღნიშნავს ესმა.

10 მეწარმე ქალი მთელი საქართველოდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ესმაც იყო, 14-16 აპრილს, სტამბოლში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. ინიციატივა წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“ ნაწილს, რომელსაც საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებენ. ვიზიტის დროს მონაწილეები აგრობიზნესისა და აგროტურიზმის წარმატებულ პრაქტიკებს, ინოვაციურ მიდგომებსა და მაგალითებს გაეცნენ. სამომავლო პარტნიორობების დამყარების მიზნით, მათ შეხვედრები ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებსა და მეწარმე ქალებთანაც გამართეს, ახალი გამოცდილებები მოისმინეს და საკუთარი საქმიანობების ისტორიები გააზიარეს, იმსჯელეს პერსპექტიულ ბიზნესიდეებზე, რომელთა ადაპტირება და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებაც ეფექტიანადაა შესაძლებელი. მონაწილეებმა მოინახულეს ეკოლოგიური ფერმა და სასტუმრო Narköy, რომელიც მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ქალთა კოოპერატივის წარმატებული მაგალითია.

ესმა ახლა უკვე სამშობლოშია. სასწავლო ვიზიტის შეჯამებისას ამბობს, რომ სტამბოლში მოგზაურობა მისთვის აღმოჩენებითა და შთაგონებით იყო სავსე: „იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ადამიანები, რომლებსაც შევხვდი და ვესაუბრე, დიდხანს მემახსოვრება. თურქი ტრენერების თითოეულმა სიტყვამ დამარწმუნა, რომ წარმატება უბრალოებით, გულწრფელობითა და მუშაობით მოდის. მათი ნაამბობი - როგორ დაიწყეს არაფრიდან და როგორ არ დანებდნენ - ეს სწორედ ის გზავნილია, რაც მჭირდებოდა იმ რეალობიდან გამომდინარე, სადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ. დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვარ. ეს ცოდნა და მოტივაცია როგორც პიროვნულ განვითარებაში, ისე ჩემი საქმიანობის გაძლიერებაში დამეხმარება”, - დასძენს ის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა, რაც მეწარმე ქალთა მხარდაჭერასა და მათი საქმიანობების ხელშეწყობას გულისხმობს. 2024 წლის იანვრიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული 164 მეწარმე ქალი ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ესწრება, მონაწილეობს მენტორობის პროგრამებსა და სხვადასხვა აქტივობაში, რაც მათ სასარგებლო ბიზნესკავშირების დამყარებაში, ფინანსებსა და ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე წვდომაში ეხმარება. ინიციატივები წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.