მეწარმე ქალები ციფრულ გაყიდვებს ავითარებენ
თარიღი:
ფარქოსაძის მეღვინეობა საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიხას ყველაზე მაღალ წერტილში, მთის ძირას მდებარეობს. 60 წელზე მეტია, ფერდობებზე შეფენილ ვენახებში დაკრეფილი ყურძნით ფარქოსაძეების ოჯახი ცქრიალა, წითელ და თეთრ ღვინოებს ამზადებს.
„2022 წლიდან გვაქვს ეტიკეტირებაც - „ფარქოსაძეების ღვინო“, რომელზეც ჩვენი საგვარეულო გერბია დატანილი. წარმოშობით რაჭიდან ვართ და ვენახში განსაკუთრებულად ვინახავთ ყურძნის იქაური ჯიშის, ალექსანდროულის უძველეს ნერგს, რომელიც ჩვენმა წინაპარმა რაჭიდან ჩამოიტანა. ახლა მისი გემო ფარქოსაძეების ევროპული და ტრადიციული იმერული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოებს დამატებით ელფერს სძენს“, - ჰყვება 34 წლის მარიამ ფარქოსაძე, პროფესიით იურისტი და მევენახეობა-მეღვინეობის სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც ოჯახის საგვარეულო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.
მარიამი პროექტის „მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“ ერთ-ერთი მონაწილეა. ინიციატივა მეწარმე ქალებს ეხმარება, ახალი ცოდნა და უნარები შეიძინონ, სასარგებლო ბიზნესკავშირები დაამყარონ, პროდუქცია ელექტრონული კომერციის პლატფორმებით სულ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახადონ ხელმისაწვდომი და საკუთარი საქმიანობები ფართოდ განავითარონ. მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის ნაწილს წარმოადგენს პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდ ქართულ ონლაინპლატფორმასთან, alcoshop.ge-სთან თანამშრომლობაც. ამ პარტნიორობის შედეგად, ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე მეწარმე ქალების ღვინოების სპეციალური განყოფილება შეიქმნა და მასზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მეღვინე ქალების 20-ზე მეტი პროდუქტი უკვე განთავსდა. მათ შორის მარიამ ფარქოსაძის ღვინოებიცაა.
„მეღვინე ქალებისთვის ონლაინსივრცეში გაყიდვების შესაძლებლობა ნიშნავს სწრაფ, ეფექტიან და მოკლე პერიოდის შედეგზე ორიენტირებულ შანსს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის წარმატებისა და მეღვინე ქალების გაძლიერებისთვის. ეს საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ ცნობადობა, გაყიდვების რაოდენობა და ვიყოთ მაგალითები სხვა ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპზე არიან“, - აღნიშნავს მარიამ ფარქოსაძე.
საგულისხმოა, რომ დღესდღეობით საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ გაყიდვების ალტერნატიული სივრცეების ათვისება და რეალიზაციის დისტანციური არხების განვითარებაა. შესაბამისად, ონლაინპლატფორმებთან პარტნიორობას მათ საქმიანობებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია. სამომავლოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, alcoshop.ge-ზე 20-მდე მეღვინე ქალის ნაწარმი განთავსდება.
კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მეწარმე ქალების პროდუქტების პოპულარიზაციისთვის გადადგა, ონლაინპლატფორმა VELI.store-ისთან პარტნიორობაა. ამჟამად ონლაინმაღაზიაში 150-ზე მეტი მეწარმე ქალის მიერ შექმნილი ტექსტილი, სამკაულები, აქსესუარები, ღვინო და სხვა პროდუქტებია წარმოდგენილი. მათ შორისაა ის 6 მეწარმე ქალიც, რომლებიც VELI.store-ს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დააკავშირა და ონლაინმაღაზიის სტანდარტების შესაბამისი ფოტოგადაღებებით უზრუნველყო. ყველა მათგანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მონაწილეა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალთა მეწარმეობის განვითარებას, თავად მეწარმე ქალების ხელშეწყობას, ახალი საქმიანობების დაწყებასა და არსებული ბიზნესების გაფართოებაში მათ მხარდაჭერას მოიცავს.
მეწარმე ქალების ციფრული გაყიდვების ხელშემწყობი ინიციატივები წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.