მეწარმე ქალები საქართველოდან ახალ ცოდნასა და შესაძლებლობებს იღებენ

თარიღი:

პროექტის “მეწარმე ქალთა მხარდაჭერა საქართველოში” ერთ-ერთი მონაწილე სალი კალანდაძე. ფოტო: სალის პირადი არქივი
პროექტის “მეწარმე ქალთა მხარდაჭერა საქართველოში” ერთ-ერთი მონაწილე სალი კალანდაძე. ფოტო: სალის პირადი არქივი

164 მეწარმე ქალი საქმიანობას ახალი ცოდნითა და უნარებით გააგრძელებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ბიზნესებს სხვადასხვა სფეროში უძღვებიან, პროექტი “მეწარმე ქალთა მხარდაჭერა საქართველოში” განახორციელა.

ინიციატივა 2024 წლის იანვარში დაიწყო. ბიზნესის დიაგნოსტირების ინსტრუმენტების დახმარებით, თავდაპირველად მეწარმე ქალების ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, სემინარები, ინდივიდუალური და ჯგუფური მენტორობის პროგრამები შემუშავდა. შედეგად, მონაწილეები ბრენდინგში, ციფრულ მარკეტინგში, ელექტრონულ კომერციაში, ბიზნესის მართვასა და გაყიდვებში გადამზადდნენ. ამას გარდა, მათ საფინანსო და საგადასახადო ინსტრუმენტების შესახებ ღირებული ცოდნა მიიღეს და დაამყარეს სასარგებლო კავშირები, რომლებიც ბიზნესების გაფართოებასა და განვითარებაში დაეხმარებათ.

29 წლის სალი კალანდაძე ინიციატივის ერთ-ერთი მონაწილეა. უმაღლესი განათლება ტურიზმის მიმართულებით მიიღო, ახლა კი გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში 30-მდე სახეობის ორგანული ბოსტნეული მოჰყავს.

“ჩვენს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები ჩაგვიტარდა, მენტორებიც აქტუალურ თემებზე გვესაუბრებოდნენ. რაც მთავარია, პროექტში მონაწილეობამ გამაცნო და დამაკავშირა საერთო ინტერესების მქონე მეწარმეებთან, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალში ეს ქალები აუცილებლად ვითანამშრომლებთ და ერთად უფრო დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ ქვეყნის გასაძლიერებლად”, - ამბობს სალომე, რომელიც სოფელ ნიგოითში აგროტურისტული ობიექტის განვითარებასა და ვიზიტორების მიღებას გეგმავს.

საგულისხმოა, რომ პროექტის ფარგლებში მეწარმე ქალების ბიზნესსაქმიანობებისთვის სოციალურ ქსელებსა და ონლაინპლატფორმებზე პროფილები შეიქმნა. მონაწილეები სოციალური მედიის მართვასა და ელექტრონული კომერციის ინტერნეტრესურსებზე პროდუქტების განთავსებაშიც დატრენინგდნენ, რაც სამომავლოდ მათ ამ პროფილების დამოუკიდებლად მართვის საშუალებას მისცემს. ინიციატივა მეწარმე ქალებისთვის სასწავლო ვიზიტებსაც მოიცავდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2019 წლიდან მეწარმე ქალების გაძლიერებაზე, მათი საქმიანობების განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობაზე მუშაობს. ეს მხარდაჭერა მეწარმე ქალებისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებას, საჭირო უნარების გაძლიერებას, სასარგებლო ბიზნესკავშირების დამყარებაში დახმარებას, მენტორინგს, ონლაინგაყიდვებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. მეწარმე ქალთა გაძლიერების ის ინიციატივები, რომლებიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით განხორციელდა, წარმოადგენდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს. პროექტს ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.