ყარაჯალელი ქალების ახალი ცხოვრება ახალი შესაძლებლობებით

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ მობილიზაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით, 2019 წლიდან მუშაობენ. სხვადასხვა ინიციატივა იმ სოფლებშიც ხორციელდება, რომლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები ცხოვრობენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ყარაჯალაა - ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი, რომელშიც პროექტმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ არა მარტო ქალებისთვის, არამედ მთლიანად თემისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობები შექმნა.

თარიღი:

ამალია ყურბანოვა. ფოტო: ნატა ბექაური
ამალია ყურბანოვა. ფოტო: ნატა ბექაური

„ახლა მეტი თავისუფლება გვაქვს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“ , - ამალია ყურბანოვა, 48 წლის მეწარმე ყარაჯალიდან

ამალია ყურბანოვა თანასოფლელი ქალების შეკრებებით 2 წლის წინ დაინტერესდა. როცა საბავშვო ბაღის შენობაში, შეხვედრაზე პირველად მივიდა, მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. ნაადრევად დაქორწინებული, ჯერ შვილების აღზრდით, შემდეგ კი დიასახლისის ყოველდღიური შრომით იყო დაკავებული. „სიახლე და მრავალფეროვნება მინდოდა. ვიფიქრე, რამე სხვა საქმესაც გავაკეთებ-მეთქი“,- იხსენებს ამალია.

სხვა საქმე 46 წლის ასაკში, შეკრებებზე აღმოაჩინა, როცა გაიგო, რომ მის სოფელში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტს ახორციელებდნენ. პროექტის ერთ-ერთი ნაწილი კი მეწარმეობის შესახებ ტრენინგების გავლა და შემდგომი დაფინანსება იყო. ამალიას საკუთარი ბიზნესიდეა სწორედ კურსის გავლის დროს გაუჩნდა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნით საგრანტო განაცხადი დაწერა და გაიმარჯვა კიდეც. მერე კი სახლის ეზოში თონე გახსნა და თანასოფლელებს ახალგამომცხვარი პური შესთავაზა.

„ზედ გზის პირზე ვცხოვრობ, ამიტომ ადგილიც ხელს მიწყობდა. მართალია, პურის ცხობა არ ვიცოდი, მაგრამ შვილთან ერთად ვისწავლე, ოჯახიც გვერდით დამიდგა. დილის 7 საათზე რომ ვდგები, ყავას დავლევ თუ არა, თონეს ვხსნი, ცომს ვზელ, ჩემი ვაჟი კი პურის ცხობას იწყებს. თონეს საღამოს ცხრა საათამდე ვამუშავებთ.ს. ყოველდღიური შემოსავალი უკვე გვაქვს“, - ამბობს ამალია.

აღნიშნავს, რომ პროექტის შედეგი მხოლოდ ბიზნესსაქმიანობის დაწყება არ ყოფილა. მან ადგილობრივი ქალების სოციალიზაციასა და პიროვნულ განვითარებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. „გვიხაროდა, რომ ტრენინგებზე სხვადასხვა სოფლის ქალები ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსწავლობდით და ვვითარდებოდით. ახლა მეტი თავისუფლება გვაქვს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“, - ამბობს ამალია და ბიზნესის განვითარებასთან ერთად, სწორედ ამ თავისუფლების მხარდაჭერას გეგმავს.

ხეირან რასულყიზი. ფოტო: ნატა ბექაური
ხეირან რასულყიზი. ფოტო: ნატა ბექაური

„არაფერია გვიანი, არცერთ ასაკში. მთავარია, მოინდომო“,- ხეირან რასულყიზი, 63 წლის ფერმერი სოფელ ყარაჯალიდან

63 წლის ხეირან რასულყიზი დიდი ხნის განმავლობაში ყარაჯალაში ერთადერთი მკერავი იყო. მარტოხელა დედამ ორი შვილი სწორედ კერვიდან მიღებული შემოსავლით გაზარდა, მოგვიანებით კი კიდევ ერთი საქმე - მებოსტნეობაც დაიმატა.

ახალი შესაძლებლობები ხეირანის ცხოვრებაში 2019 წელს გაჩნდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტში ჩართვის შემდეგ ასაკით ყველაზე უფროსმა მონაწილემ ჭრა-კერვისა და ქსოვის კურსები გაიარა, მერე ქართული ენაც უკეთ შეისწავლა და თარჯიმნობა დაიწყო. ბოლოს კი საგრანტო განაცხადიც დაწერა და მიღებული დაფინანსებით, მებოსტნეობისთვის განვითარებისთვის საჭირო ხელსაწყოები შეიძინა. შედეგად, შრომაც შეიმსუბუქა და წარმოებაც გაზარდა.

„საკუთარ თავზე სულ უნდა ვიმუშაოთ, არაფერია გვიანი, არცერთ ასაკში. მთავარია, მოინდომო. პროექტში ჩემი მონაწილეობით სურვილი მქონდა, ქალებისთვის ეს მეჩვენებინა, მათთვის მოტივაცია მიმეცა. ასეთ ინიციატივებში რაც უფრო მეტი ქალი ჩაერთვება, ისწავლის, ბიზნესს დაიწყებს და ეკონომიკურად გაძლიერდება, თემს უფრო წაადგება“, - აღნიშნავს ხეირანი და სამომავლოდ დამხმარეების აყვანასა და თანასოფლებების დასაქმებასაც გეგმავს.

ხეირანის ცხოვრება პროექტმა სხვა მხრივაც შეცვალა: იგი სოციალურ მობილიზაციაშიც აქტიურად ჩაერთო, სოფლის საჭიროებები კარდაკარ შეაგროვა და ადგილობრივ თვითმმრთველობას წარუდგინა. ამ საკითხების ადვოკატირებას ხეირანი ახლაც აქტიურად აგრძელებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.