სოფლად მცხოვრები ქალების ლიდერობა პოზიტიური ცვლილებებისთვის

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ სოციალური მობილიზაციის ინიციატივას სოფლად მცხოვრები ქართველი ქალებისა და მათი თემების ყოველდღიურობაში არაერთი პოზიტიური ცვლილება შეაქვს. 2019 წლიდან ამ კომპონენტის განხორციელება სამცხე-ჯავახეთშიც მიმდინარეობს. რეგიონში კი იზრდება ლიდერი ქალების რიცხვი, რომლებსაც სოციალურმა მობილიზაციამ თავდაჯერებულობა და ცოდნა მისცა, პირველი, გამბედავი ნაბიჯები გადაადგმევინა, კარიერული წარმატებისკენ გზა გაუკვალა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართო.

თარიღი:

კარინე კაჩოტიანი. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
კარინე კაჩოტიანი. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

“ვცდილობ, ადგილობრივი ქალებისა და ბავშვების პრობლემები გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიტანო“, - კარინე კაჩოტიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

30 წლის კარინე კაჩოტიანი ერთ-ერთია იმ 45 ქალს შორის, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების მაჟორიტარ წევრებს წარმოადგენენ. სულ საქართველოში მათი რაოდენობა 664-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ კარინე, კოლეგების მსგავსად, ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილების მიმღები ქალების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება.

დეპუტატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში, შვილთან ერთად ცხოვრობს. მშობლიურ კუთხეს ის სომხეთიდან ქმრის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდა. თავდაპირველად მხოლოდ მესაქონლეობითა და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი, თანასოფლელების რეკომენდაციით, ადგილობრივ საბავშვო ბაღში მზარეულად დასაქმდა და თან საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაზე შეკვეთების მიღებაც დაიწყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ ახალი პროექტის შესახებ კარინემ 2019 წელს, შემთხვევით შეიტყო. სოციალურ მობილიზაციაში მაშინვე ჩაერთო, თემის აქტიურ ქალებს შეუერთდა და ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებთან შეხვედრების მუდმივი მონაწილე გახდა.

„სათემო მობილიზაციამ თავდაჯერებულობა გამიზარდა, უნარები განმივითარა, საკუთარი თავის გამოვლენის, სურვილებისთვის ბრძოლის მოტივაცია მომცა. მივხვდი, რომ შემეძლო, ჩემი შვილის, ოჯახისა და თემის კეთილდღეობისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გამეკეთებინა“, - იხსენებს კარინე.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მით უფრო მის მაღალმთიან სოფლებში, მწირი ინფრასტრუქტურა, მკაცრი კლიმატი და სტერეოტიპული გარემო ადგილობრივებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, დამატებით გამოწვევებს ქმნის. სწორედ ამიტომ, თემის ცხოვრების გაუმჯობესებაში ქალების ჩართულობას, პოზიტიური მაგალითების შექმნას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. კარინე ახლა სწორედ ასეთი როლმოდელია.

მანამდე კი „ფონდი ტასოს“ დახმარებით, მარტოხელა დედამ სხვადასხვა ტრენინგი გაიარა, მერე ქართული ენაც შეისწავლა და პროგრამირების კურსი დაასრულა, ბოლოს კი მართვის მოწმობაც აიღო.

გასულ წელს კარინეს, როგორც თემის აქტიურ ლიდერს, არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზეს: “გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ჩემთვის და ჩემი შვილისთვის იქნებოდა უკეთესი. დავთანხმდი, არჩევნებში გავიმარჯვე და ახლა ვცდილობ, ადგილობრივი ქალებისა და ბავშვების საჭიროებები გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიტანო“, - ამბობს კარინე, რომელიც დეპუტატობის პარალელურად, საბავშვო ბაღის მენეჯერი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიცაა. იგი თვითგანვითარებაზე ზრუნვას არ წყვეტს და კარიერული წინსვლისკენ ნაბიჯების გადადგმას კვლავაც გეგმავს.

თამარ შუბითიდზე. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
თამარ შუბითიდზე. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

„ყველამ დაიჯერა, რომ ქალებს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეგვიძლია“, - თამარ შუბითიძე, სოფელ სვირის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მენეჯერი

როცა 2019 წელს „ფონდმა ტასომ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში სათემო მობილიზაცია წარადგინა, ინიციატივით მხოლოდ რამდენიმე ქალი დაინტერესდა. მათ შორის იყო 39 წლის თამარ შუბითიძეც, რომელიც მალე თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა სათემო მუშაკადაც აირჩიეს.

„თავიდან ბოლომდე ჩვენც არ გვჯეროდა, რომ პროექტით რაც იყო გათვალისწინებული, მართლაც შესრულდებოდა. ადგილობრივებიც ეჭვით გვიყურებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი რეალობად იქცა და შედეგმა სხვებიც დააინტერესა. ყველამ დაიჯერა, რომ ქალებს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეგვიძლია, ჩვენთან შემოერთების სურვილიც უფრო მეტს გაუჩნდა“, - იხსენებს თამუნა, რომელიც ორი სოფლის - სვირისა და ბოგას სათემო მუშაკია და თვითდახმარების სამ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

თამუნას ლიდერობით, ქალებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა დაიწყეს, სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ სოფლის საჭიროებები გამოიკვლიეს და მუნიციპალიტეტს გააცნეს. მათი აქტიურობის შედეგად, დღეს სვირსა და ბოგაში ტრანსპორტის მოსაცდელები მოეწყო, რაც მკაცრი კლიმატისა და მწირი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეგიონში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საჭიროება იყო, შეკეთდა ცენტრალური გზა, გაიხსნა ახალგაზრდული ცენტრი, საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა.

თამუნა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, სათემო მუშაკის ფუნქციებთან ერთად, ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მენეჯერობასაც ითავსებს. როგორც თემის ლიდერი, უკვე არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ოჯახში ძალადობის სერვისებისა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს და ბევრი ქალისთვის მოტივაციის წყაროა.

„ამ პროექტმა განმავითარა. ახლა ბევრად თამამი ვარ, უკვე აღარც შემიძლია მხოლოდ სახლში ჯდომა. აი, ეს გადარბენა და აქტიური ცხოვრება მიყვარს. სულ მინდა, ქალებს გვერდით ვედგე, ვაძლიერებდე“, - ამბობს თამუნა.

სათემო მობილიზაციის კომპონენტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც „ფონდი ტასოს“, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ქეა კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.