ინტერვიუ: „მეწარმე ქალებმა ჩვენი მოლოდინები უნდა ვაქციოთ პრიორიტეტად“
48 წლის თიკო გობეჯიშვილს საფინანსო, სატელევიზიო და ჰორეკა სექტორებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციებს არაერთ მსხვილ კომპანიაში იკავებდა, ხელმძღვანელობდა მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებს, 2020 წელს კი თიკომ, საქმიანობის პარალელურად, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და საჩუქრების ბრენდი „ოდელლა“ შექმნა. ის ერთ-ერთია იმ მეწარმე ქალებს შორის, რომლებმაც საკუთარი პროდუქტები 2022 წელს, თბილისში გამართულ პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვაზე წარადგინეს. მას შემდეგ ექსპოში მონაწილეობა თიკოსთვის ტრადიციად იქცა. „ოდელლას“ ერთგულ და ახალ მომხმარებლებს ის „ექსპო ჯორჯიაში“ წელსაც შეხვდა. გამოფენა-გაყიდვა 13-14 სექტემბერს, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა.
თარიღი:
როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები მეწარმეობაში?
მე და ჩემს დას, ნიას, საჩუქრების ციფრული პლატფორმის იდეა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა, თუმცა ხან საკმარისი დრო არ გვქონდა, ხანაც თავს იმიტომ ვიკავებდით, რომ გვეგონა, წარმატებული არ აღმოჩნდებოდა. როცა COVID-19-ის პანდემია დაიწყო, სახლიდან მუშაობა ორივეს ერთად მოგვიწია. იმ პერიოდში საყოველთაო ჩაკეტილობამ და გაურკვევლობამ ზრუნვას, სიყვარულისა და დადებითი ემოციების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. მე და ნია მივხვდით, რომ ჩვენი საჩუქრების პლატფორმის იდეის განხორციელება მართლაც დროული იქნებოდა.
რისკებზე ფიქრი გვერდზე გადავდე. გადავწყვიტე, ფინანსური გამოცდილება დამევიწყებინა. მეფიქრა, როგორც დამწყებ მეწარმეს, რომელმაც არ იცის, წინ რამდენი წინაღობა დახვდება, უბრალოდ პირველი ნაბიჯები გადამედგა და ბარიერების დასაძლევად გამოსავალი გზადაგზა მეპოვა.
აღმოჩნდა, რომ ციფრული პლატფორმის შექმნა დიდ რესურსს მოითხოვდა, ამიტომ მცირე მეწარმეებთან ხელნაკეთი ნივთები მოვიძიეთ და სასაჩუქრე ნაკრებებად გავაერთიანეთ. იდეა მომხმარებლებს შორის ძალიან პოპულარული აღმოჩნდა, ამიტომ როცა ზაფხული დადგა, მას სეზონური ელფერი შევძინეთ და საზღვაო აქსესუარების შექმნა გადავწყვიტეთ. თითოეული მათგანი განსაკუთრებული და გამორჩეული რომ ყოფილიყო, კომპოზიციების ხელით დახატვა მოვიფიქრეთ. ამ პროცესში დაიბადა ფერადი მოსაცმელებისა და პალტოების შექმნის იდეა, რომლებსაც თანდათან ჯერ — თავსაბურავები, შემდეგ კი თმის სამაგრები, სამკაულები, რანერები და სხვა ნივთები დაემატა.
„ოდელლას“ აქსესუარებს ონლაინ — ვებსაიტით, ფეისბუქითა და ინსტაგრამით ვყიდით, გვაქვს ერთი მაღაზიაც. გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც არჩევანს ყოველთვის ჩვენს ნივთებზე აკეთებენ. ვფიქრობ, ამ ლოიალურობის მთავარი ფაქტორი „ოდელლას“ კონცეფციაა, რომელიც პირველივე აქსესუარის შექმნისას გაჩნდა და დღემდე არ იცვლება: ჩვენი ყველა ნივთი მფლობელს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს, სიხარულსა და დადებით ემოციებს უზიარებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათი ორიგინალურობაც — უნიკალური კომპოზიციებისთვის თითოეული ორნამენტი ხელით იხატება.
რა გამოწვევებს წააწყდით საქმიანობის დაწყებისა თუ განვითარების პროცესში და რამდენად ჰგავს ისინი სხვა მეწარმე ქალების გამოწვევებს?
ზოგადად მეწარმე ქალებს საერთო გამოწვევები გვაქვს და მათ შორის უპირველესად საოჯახო შრომის გადანაწილებას გამოვყოფდი. ძალიან რთულია, ბიზნესს უძღვებოდე, თან წარმატებით, პარალელურად კი ოჯახს მარტო უვლიდე და აკმაყოფილებდე იმ სტერეოტიპული მოლოდინებს, რომლებიც საზოგადოებას შენ მიმართ აქვს. შვილების აღზრდა, მათთან ურთიერთობა დედასა და მამას თანაბრად სჭირდებათ, მაგრამ კაცებისგან იმავე ხარისხის ჩართულობას არასდროს მოითხოვენ, როგორც ეს ქალების შემთხვევაშია.
ბავშვობიდან პროფესიულად წარმატებული ქალების გარემოცვაში გავიზარდე და ეს მაგალითები დამეხმარა, შრომა გადამენაწილებინა, დამებალანსებინა, სტერეოტიპებისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ბევრს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ვფიქრობ, ამ გამოწვევასთან გამკლავების გასაღები გადანაწილებაა და, ამავდროულად, გაცნობიერება, რომ მეწარმე ქალებმა საკუთარი მოლოდინები უნდა ვაქციოთ პრიორიტეტად. მთავარია, თავად როგორ ვხედავთ ჩვენს როლს და არა ის, რა როლში გვხედავენ სხვები.
გამოწვევაა სხვა სტერეოტიპებიც. მაგალითად, მასკულინურ საზოგადოებაში, როცა ქალი აზრს გამოთქვამს, კაცთან შედარებით გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ მისი მართებულობა დაამტკიცოს, რომ დაუჯერონ. წლების წინ ეს მეც გავიარე.
ბარიერად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც, რაც, ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა გამოწვევა. საწარმოს შექმნა ან განვითარება, სხვა ბაზრებზე გასვლა ფინანსებთანაა დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტები ძვირია, მეწარმე ქალებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ცოდნა, სად, როგორ და რომელი პროდუქტით შეუძლიათ წარმატებით სარგებლობა.
რა გამოცდილება მოგცათ ექსპომ, როგორც მეწარმეს და რა გავლენა იქონია მან თქვენს საქმიანობაზე?
როცა ექსპოზე განაცხადი პირველად წარვადგინე, მინდოდა, ბრენდის ცნობადობა გამეზარდა და პოტენციური პარტნიორები მომეძებნა. თანაც, გამეგო, რა ემოცია ჰქონდათ ადამიანებს „ოდელლას“ აქსესუარების დანახვაზე, როგორი იყო მათი გულწრფელი განცდები, მიმეღო უკუკავშირი.
ექსპო მართლაც კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა: წლების განმავლობაში გამოფენაში მონაწილეობამ მომხმარებლების რაოდენობა და პოპულარობა გაგვიზარდა. ბევრმა ადამიანმა ჩვენს სტენდთან გაიგო, რომ რეალური მაღაზიაც გვქონდა. ამ ცოცხალმა, ემოციურმა კომუნიკაციამ არაერთი საინტერესო იდეა წარმოშვა. გავაფართოვეთ ასორტიმენტი, შევქმენით შედარებით ბიუჯეტური პროდუქტები მათთვის, ვისაც ჩვენი აქსესუარები ძალიან მოსწონდა, მაგრამ ფასის გამო ხელი ნაკლებად მიუწვდებოდა. ამ ნაბიჯმა როგორც მომხმარებლების გამოხმაურების, ისე გაყიდვების თვალსაზრისით კარგი შედეგი მოგვიტანა.
გამოფენაზე მოვიძიე მნიშვნელოვანი კონტაქტებიც, შევხვდი ადამიანებს, რომლებთანაც ძალიან კარგად ვითანამშრომლე, გავიცანი მეწარმე ქალები და მოვისმინე მათი განსხვავებული, ღირებული გამოცდილებები. ისიც უნდა ითქვას, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ღონისძიებაში მონაწილეობა ბრენდისთვის დამატებითი უპირატესობაა.
ექსპოში მონაწილეობის გამოცდილებამ ხელი შემიწყო, მადრიდში გამართულ გამოფენაზეც მიმეღო მონაწილეობა და „ოდელლა“ უცხოელი დამთვალიერებლისთვისაც წარმედგინა.
რა გეგმები გაქვთ საქმიანობის განვითარების კუთხით?
საქართველოს ბაზარი მცირეა. სამწუხაროდ, აქ სიახლეების შესათავაზებლად და დამატებითი პროდუქციის შესაქმნელად, შესაბამისი ნედლეულის მოძიებაც ჭირს. მიუხედავად ამისა, ვგეგმავ, დიდი სამკერვალო და კიდევ ერთი მაღაზია გავხსნა. ასევე, სურვილი მაქვს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ჩვენსავე რეგიონში გავიდე და გაყიდვების საზღვრები გავაფართოო. იმედი მაქვს, რომ ექსპოში მონაწილეობა ამ გეგმების რეალიზებაშიც დამეხმარება.