ჩუმი ტრანსფორმაცია: „მშვიდობის მშენებლობა არა სრულყოფილებას, არამედ მოქმედებასა და სიმტკიცეს ნიშნავს“

თარიღი:

ანა ნემსაძე, მშვიდობის მშენებელი საქართველოდან, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ თემში გაიზარდა. ამ გარემოებამ მას მოტივაცია მისცა, გენდერული თანასწორობისა და მშვიდობისთვის ემუშავა. ფოტო: ანა ნემსაძის არქივი
ანა ნემსაძე, მშვიდობის მშენებელი საქართველოდან, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ თემში გაიზარდა. ამ გარემოებამ მას მოტივაცია მისცა, გენდერული თანასწორობისა და მშვიდობისთვის ემუშავა. ფოტო: ანა ნემსაძის არქივი

33 წლის ქართველი მშვიდობის მშენებელი ანა ნემსაძე კონფლიქტით დაზარალებულ თემში გაიზარდა. მოგვიანებით, ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივ და გაცვლით კულტურულ ინიციატივებში მონაწილეობდა, რამაც საზოგადოებრივი თანხმობისა და მდგრადობის შესახებ მისი ცოდნა კიდევ უფრო გააღრმავა. ამჟამად ანა ქალთა საინფორმაციო ცენტრში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებას ხელმძღვანელობს. 

1. რა გავლენა მოახდინა თქვენმა გამოცდილებამ გენდერული თანასწორობისა და მშვიდობის გააზრებაზე?

დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში - ქალაქში, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონთან მდებარეობს და ეს სიახლოვე იქაურების ყოველდღიურობის ნაწილია. იძულებით გადაადგილება თავად არ გამომიცდია, მაგრამ 90-იანი წლების ქაოსი გამოვიარე და ნათლად შევიგრძენი, როგორი მყიფე შეიძლება იყოს მშვიდობა.

აშშ-ის FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ შესაძლებლობა მომცა, სხვა კულტურებს გავცნობოდი, ჩემი ქვეყანა წარმედგინა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებთან მემეგობრა. დემოკრატიულ ღირებულებებსა და საზოგადოებრივ თანხმობასთან შეხებამ გამიღრმავა პასუხისმგებლობა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანასწორობის, მშვიდობისა და ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხების განვითარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ჩავერთე ქალების, სოფლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერაში, ამ პროცესში კი განსაკუთრებულ აქცენტს კონფლიქტით დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებსა და თემებზე ვაკეთებდი.

მოგვიანებით, ევროპის სოლიდარობის კორპუსის ეგიდით, ლიეტუვის პატარა ქალაქში, შაულიაში, მოხალისე ვიყავი. იქაურმა სრულიად განსხვავებულმა კულტურულმა გარემომ მასწავლა, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას ძალების აღდგენა, კავშირებისა და მდგრადობის შექმნა. ამ გამოცდილების შემდეგ გავაცნობიერე, რომ სოლიდარობა თაობების, საზოგადოებების, იდენტობებისა და განსაკუთრებით ქალების ურთიერთმხარდაჭერას ნიშნავს. ევროპის სოლიდარობის კორპუსმა მაგისტრატურაზე სწავლისას სულიერი საზრდო მომცა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოში დიდი პასუხისმგებლობით დავბრუნდი - თანასწორობის განმტკიცებაში, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფასა და მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა უნდა გამეგრძელებინა.

2. როდის მიხვდით, რომ მშვიდობის მშენებლობა არა მხოლოდ გატაცებად, არამედ პროფესიადაც შეიძლება იქცეს?

სოციალურ მედიაში ქალთა საინფორმაციო ცენტრის საჯარო ღონისძიება ვნახე. დისკუსია 200-ზე მეტ მონაწილეს - ექსპერტებს, რელიგიურ ლიდერებსა და იმ ადამიანებს აერთიანებდა, რომლებიც კონფლიქტს გადაურჩნენ. მაშინ მშვიდობის მშენებლობა უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, თუმცა ღონისძიებაზე გავაცნობიერე, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ერთმა დისკუსიამ როგორც ჩემზე, ისე სხვებზე. ამ მომენტმა კიდევ უფრო გამიმყარა აზრი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ უფრო აქტიურად დამეჭირა მხარი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის. პირველი ნაბიჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკის ორგანიზება იყო, ეტაპობრივად კი მთელი ჩემი დრო ქალთა საინფორმაციო ცენტრს დავუთმე.

ცვლილებები სწრაფად მოხდა. გავაცნობიერე, რომ მშვიდობის მშენებლობა მხოლოდ პანელური დისკუსიები და ანგარიშების წერა არ არის. ის სტრატეგიას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებასა და მყარ კავშირებს საჭიროებს. იმ პერიოდიდან ჩემი გატაცება უკვე პროფესიად აღვიქვი, ამიტომ უნარების გაუმჯობესებაზე ვიმუშავე, თემატური ტრენინგები გავიარე, პროექტებს ემპათიითა და დისციპლინით ვუძღვებოდი. მშვიდობის მშენებლის გზა შემართებამ გამიხსნა, დისციპლინა კი მის გავლაში დამეხმარა.

3. როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე მწვავე გამოწვევები საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის წინსვლისთვის?

ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად მიმაჩნია ნაპრალი, რომელიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებსა და კონფლიქტით დაზარალებულ თემებში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობას შორის არსებობს. საქართველოს 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის შესახებ პირველი გეგმა იყო სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, ვხედავთ, რომ მიღებული გეგმების პრაქტიკული განხორციელების პროცესში ქმედებები საკმარისი არ არის.

იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს სიღარიბესთან, უსაფრთხოების პრობლემებსა და კონფლიქტის რთულ მემკვიდრეობასთან გამკლავება ყოველდღიურად უწევთ. ისინი კვლავაც რჩებიან იმ სივრცეებს მიღმა, სადაც ინტეგრაციისა და შერიგების რეალური პროცესები უნდა მიმდინარეობდეს. ეს კი მყიფე, უნდობლობით სავსე, არაინკლუზიურ მშვიდობას განაპირობებს. საგულისხმოა ისიც, რომ მშვიდობის მშენებლების ახალი თაობის წარმომადგენლები მოკლებულები არიან სათანადო მენტორობას, ეფექტიანად არ მონაწილეობენ ამ პროცესში, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობის შენების განგრძობითობას არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაში.

დაფინანსებებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მასშტაბების შემცირება, დემოკრატიული პროცესების შესუსტება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადვოკატირებას ართულებს. სწორედ ამიტომ, საქმიანობისას ვცდილობ, შევქმნა მყარი ხიდები, რომლებიც ეფუძნება გამოცდილებისა და ხედვების ურთიერთგაზიარებას, დიალოგის სივრცეების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე პროექტების განხორციელებას, რათა ნათლად წარმოჩინდეს, როგორია შერიგება რეალურ ცხოვრებაში. ეს წარმატებები შემდგომში შეიძლება ადვოკატირების ძლიერ ინსტრუმენტად იქცეს, მათ შორის მეხუთე ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებისთვის.

4. დაასახელეთ ყველაზე შედეგიანი პროექტი ან ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობდით ან ხელმძღვანელ როლს ასრულებდით.

ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევით ვამაყობ, მაგრამ ერთ-ერთს განსაკუთრებულად გამოვყოფდი. ეს იყო კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის ჩვენი ფასილიტაციით ჩატარებული სამუშაო სემინარი. თაობათა შორისი მიდგომა, რომელიც მისი მიმდინარეობისას გამოვიყენეთ, მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა. ამ ქსელის წევრები მუშაობას დღესაც აგრძელებენ.

სემინარი წარმოადგენდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციის ნაწილს, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მასშტაბური ინიციატივაა. ამ პროცესში სხვადასხვა აქტივობით ვიყავით ჩართულები, მათ შორის ადგილობრივი მთავრობების მხარდაჭერით, ახალი ლიდერების გაძლიერებითა და ადამიანებზე მორგებული სასწავლო მასალების შემუშავებით. აღსანიშნავია, რომ ეს მასალები ყველაზე მეტად დაზარალებული პირებისთვის შეიქმნა და ამ პროცესში ისინი თავადაც მონაწილეობდნენ.

მშვიდობის მშენებლობაზე შეხედულებების გაზიარებით, ქსელის წევრებმა თემებს შორის ძლიერი კავშირებისა და სოლიდარობის დამყარება შეძლეს. შესაძლოა, ეს ამბავი ფართოდ არ გახმაურებულა, მაგრამ მას გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა: „ჩემი ისტორია მნიშვნელოვანია, ჩემი ხმა უნდა ისმოდეს“ - ამ რეალობის გაცნობიერების შემდეგ ქალების თავდაჯერება შეიცვალა, რაც ხელშესახები შედეგია. მე, როგორც მშვიდობის მშენებელი, ყოველთვის ასეთი ჩუმი, მაგრამ სიღრმისეული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას ვესწრაფვი, ეს არის შედეგი, რომლის მიღწევასაც ვცდილობ.

5. რას ეტყოდით ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გაგრძელებაზე ფიქრობენ?

დაიწყეთ იმ წერტილიდან, სადაც ახლა ხართ. მშვიდობის სფეროში მუშაობა ზოგჯერ შორეულ პერსპექტივად, რთულად და არარეალურადაც კი შეიძლება მოჩანდეს. თუმცა, სინამდვილეში ის მცირე ნაბიჯებით, მაგალითად სიღრმისეული მოსმენით, უსამართლობასთან დაპირისპირებითა და ინკლუზიური სივრცეების შექმნით იღებს სათავეს. ნუ დაელოდებით სტატუსებს ან მოსაწვევებს. თუ ეს საკითხი გაღელვებთ, მაშინ უკვე ამ მოძრაობის ნაწილი ხართ.

ჩემი გზა დაიწყო მაშინ, როცა მივიღე შესაძლებლობები, რომლებიც მაშინებდა, აღმოვჩნდი ცვლილებების მომტანი ქალების გვერდით და მუდმივად ვსწავლობდი. არ არის აუცილებელი პირველ ეტაპზევე ყველაფერი იცოდეთ. საჭიროა, საკითხმა იმდენად აგაღელვოთ, რომ გაჩერების საშუალება არ მოგცეთ.

არ შეგაშინოთ ამ საქმეში მთელი არსებით ჩართვამ. თქვენი შემოქმედებითობა, კულტურა და სუსტი მხარეები სინამდვილეში თქვენი ძალაა. და ბოლოს, მშვიდობის მშენებლობა არა სრულყოფილებას, არამედ მოქმედებასა და სიმტკიცეს ნიშნავს.


მასალა წარმოადგენს კამპანიის “ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების წარსული, აწმყო და მომავალი” ნაწილს, რომელიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მიღების 25-ე წლის აღნიშვნასა და მშვიდობის ძალის აღიარებას ეძღვნება. კამპანიის მიზანია, გაზარდოს დიალოგი თანასწორობის, სამართლიანობისა და მშვიდობის ირგვლივ ევროპისა და ცენტრალური აზიის 25 გამორჩეული ქალის ხმების გაჟღერებითა და ღვაწლის ჩვენებით, იმ წვლილის წარმოჩენით, რომელიც მათ თემების, საზოგადოებებისა და ა.შ. ტრანსფორმაციულ ცვლილებებში შეიტანეს. შინაარსი ავტორების პერსონალურ შეხედულებებსა და გამოცდილებებს გამოხატავს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, მისი პარტნიორების ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.