მშვიდობის სადარაჯოზე: „ახალგაზრდა ქალები არა მარტო მშვიდობის მშენებლობის მონაწილეები, არამედ ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა ვართ“
თარიღი:
26 წლის ელეონორა ჭანია ახალგაზრდული სამშვიდობო ქსელის, „მე-16 ელემენტის“ თანადამფუძნებელი და მკვლევარი, ასევე, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის(CPCD) პროექტების კოორდინატორია. მშვიდობის ახალგაზრდა აქტივისტი, კონტენტის შემქმნელი და მკვლევარი, ცდილობს, კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ სანდო ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. მისი კვლევები და პუბლიკაციები ფოკუსირებულია ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივებსა და კონტექსტებზე.
1. რა როლს ასრულებენ ამჟამად ახალგაზრდა ქალები მშვიდობასა და უსაფრთხოებაში?
ახალგაზრდა ქალებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში გარდამტეხი, შეუცვლელი როლი გვაქვს. ჩვენ ვცვლით მშვიდობის მიღწევისა და შენარჩუნების ამ დრომდე არსებულ ფუნდამენტურ საფუძვლებს და ვაყალიბებთ ალტერნატიულ ნარატივებს: ვეწინააღმდეგებით ძალადობის ნორმალიზებას, ვიბრძვით, რომ გენდერული ნიშნით ჩახშობილი ხმები ისევ გაჟღერდეს და წარმოვაჩენთ მშვიდობას, როგორც არა მარტო პირად, არამედ საერთო საზოგადოებრივ ღირებულებას.
ჩვენ არ ვიცდით, რომ ამ პროცესებში ვინმემ ჩაგვრთოს. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაზე ხელი ნაკლებად მიგვიწვდება და ფინანსური რესურსებიც მწირი გვაქვს, მკაფიო მიზნებითა და მაღალი პასუხისმგებლობის განცდით ვაგრძელებთ მოქმედებას.
ჩვენი თაობა ფუნდამენტური ცვლილებისკენ მიისწრაფვის: გვსურს, მშვიდობა აღიარებული იყოს, როგორც სტრატეგიული, ღირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევანი. ჩვენთვის მშვიდობის მშენებლობა ნიშნავს დეზინფორმაციასა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, განათლების რეფორმის ადვოკატირებასა და იმგვარი ციფრული სივრცეების შექმნას, სადაც ჩვენ მიერ გაჟღერებული ხმები სერიოზულად იქნება აღქმული.
საქართველოში, სადაც პოლიტიკური და სოციალური პოლარიზება სულ უფრო იზრდება, ახალგაზრდები კი რადიკალური გზავნილების გავლენის ქვეშ ექცევიან, ჩვენი როლი მეტად კრიტიკული ხდება. ვებრძვით დეზინფორმაციას, ვაშენებთ ზრუნვაზე დაფუძნებულ საზოგადოებებს და ვქმნით ლიდერობის ისეთ მოდელებს, რომლებიც არა იერარქიას, არამედ თანამშრომლობებს ეფუძნება.
მთავარი ფაქტორი კი ისაა, რომ ახალგაზრდა ქალები არა მარტო მშვიდობის მშენებლობის მონაწილეები, არამედ ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა ვართ. ჩვენი ისტორიები, სტრატეგიები და გადაწყვეტილებები არსებით როლს ასრულებს იმ მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში, რომელიც ემპათიას, სამართლიანობასა და საერთო მედეგობას დაეფუძნება.
2. რა მთავარ გამოწვევებს აწყდებიან ქართველი ქალები და გოგოები გადაწყვეტილების მიღებისა და სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით?
საქართველოში ქალები და გოგოები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ეფექტიანი მონაწილეობის კუთხით არაერთ ბარიერს აწყდებიან. ეს გამოწვევები მომდინარეობს კონფლიქტის ისტორიიდან, ღრმად გამჯდარი გენდერული ნორმებიდან და სისტემური მხარდაჭერის ნაკლებობიდან. ქვეყანაში, რომელმაც სამ ათწლეულზე ოდნავ მეტი დროის განმავლობაში ოთხი ომი გამოიარა და სადაც წარსული დღემდე ქმნის აწმყოს, კონფლიქტს აბსტრაქტული სახე არ აქვს. ის აგრძელებს არსებობას გარემოში, ოჯახების ისტორიებში, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და დუმილშიც კი. ბევრი ახალგაზრდა ქალისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დევნილი ან მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელია, კონფლიქტი მიმდინარე, რეალური გამოცდილებაა. ამ ფონზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან მათი გარიყვა არა მხოლოდ შესაძლებლობის დაკარგვა, არამედ სტრუქტურული უსამართლობაცაა.
საქართველოში გავრცელებული ნარატივები ომს წარმოაჩენს გმირულ კონტექსტში, სადაც ქალები მხოლოდ პასიური მსხვერპლები არიან. ფორმალური სამშვიდობო პროცესები იშვიათად ტოვებს სივრცეს ქალების ხმებისთვის და თუ ისინი ისმის, მხოლოდ სიმბოლურად. ეს გამოწვეულია მშვიდობის შესახებ განათლების სიმწირით, სამოქალაქო ჩართულობის მცირე შესაძლებლობებითა და ხელისუფლებასა თუ სამოქალაქო საზოგადოებაში ახალგაზრდების მონაწილეობაზე ორიენტირებული მექანიზმების ნაკლებობით.
3. რა გავლენას ახდენს ეს რეალობა ლიდერ ქალებზე?
ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევა ციფრული და ინფორმაციული დაუცველობაა. ახალგაზრდა აქტივისტები და ლიდერები სულ უფრო ხშირად ხდებიან დეზინფორმაციული კამპანიების, ციფრულ სივრცეში განხორციელებული გენდერული ძალადობისა და იმ ტაქტიკების სამიზნეები, რომლებიც მათ დისკრედიტაციას ემსახურება. ეს თავდასხმები მხოლოდ პერსონალური არ არის. პოლიტიკური ინსტრუმენტები ქალების ნდობის შელახვასა და განსხვავებული ხმების ჩახშობას ემსახურება.
მოახლოებულ არჩევნებსა და მზარდ პოლარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდების ალტერნატიული ხმები ხშირად საჯარო სივრცეებიდან განდევნილია. დეზინფორმაცია, რადიკალური ნარატივები და ინსტიტუტების მიმართ არსებული უნდობლობა კიდევ უფრო აფერხებს ახალგაზრდა ქალებს, შეძლონ ორგანიზება ან ადვოკატირება ცვლილებებისთვის. ახალგაზრდულ სამშვიდობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც ქალები უძღვებიან, უწევთ ბრძოლა საბაზისო რესურსებისთვის, აღიარებისა და იმ უსაფრთხო პლატფორმებისთვის, რომლებიც მათ აზრის გამოხატვისა და ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა.
მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქალები აგრძელებენ ლიდერობას - პასუხობენ კრიზისებს, ქმნიან ციფრულ თუ ფიზიკურ სივრცეებს და აყალიბებენ ზრუნვაზე დაფუძნებულ ინტერსექციურ ქსელებს. მათ არა მხოლოდ შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ სტაბილური ნდობა, ინვესტიციები და პოლიტიკური ნება სჭირდებათ, რათა მათი გარიყვის ხელშემწმყობი სტრუქტურები აღარ არსებობდეს.
4. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ თქვენი მონაწილეობით განხორციელებული იმ ინიციატივის ან კამპანიის შესახებ, რომელმაც გავლენა მოახდინა მშვიდობის მშენებლობის პროცესებზე?
ერთი ინიციატივა, რომელმაც ადგილობრივი მშვიდობის მშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, „მე-16 ელემენტია“ - ახალგაზრდების მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის პროექტის, ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისთვის ფარგლებში განვითარდა. ის ატარებს გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის სახელს, რომელიც ფოკუსირებულია მშვიდობაზე, სამართლიანობასა და ძლიერ ინსტიტუტებზე. ინიციატივის ფუნქციაა, საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ სანდო ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს.
ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ეროვნული კვლევა ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი კი ახალგაზრდა ქალებზე გავაკეთეთ. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ ახალგაზრდებს აკლიათ უსაფრთხო, ინკლუზიური, საინფორმაციო სივრცეები, რომელთა დახმარებითაც ისინი მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებში ეფექტიან მონაწილეობას შეძლებდნენ.
ამ მიგნების პასუხად, შევქმენით ციფრული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა კონტენტს აერთიანებს. მათ შორისაა პერსონალური ისტორიები, საზოგადოების მოსაზრებები და თემატური მასალები ტრავმის, დეზინფორმაციის, ფემინისტური და ციფრული უსაფრთხოების შესახებ. ჩვენი მკითხველებისა და კონტენტის შემქმნელების დაახლოებით 70% ახალგაზრდა ქალია. ისინი დიდ ინტერესს გამოხატავენ სამშვიდობო ჩართულობის ალტერნატიული და დეცენტრალიზებული, განსაკუთრებით კი ტრადიციული ინსტიტუციური სტრუქტურების მიღმა არსებული სივრცეების მიმართ.
ამ საქმიანობის გარდა, „მე-16 ელემენტი“ აწყობს თემატურ შეხვედრებსა და დიალოგებს ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც გამყოფი ხაზების მიმდებარედ ცხოვრობენ. ეს ის ადგილებია, სადაც კონფლიქტის კვალი კიდევ უფრო ღრმაა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ქართული, აფხაზი და ოსი საზოგადოებების დისტანცირების საკითხებზე. ადგილობრივი ჩართულობა და მოქნილი ციფრული წვდომა საშუალებას გვაძლევს, საქართველოში ახალგაზრდების მიერ მართული მშვიდობის მშენებლობის პროცესებში შემკავშირებლისა და კატალიზატორის როლი შევასრულოთ.
5. რა არის თქვენი გზავნილი იმ ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებსაც მშვიდობისა და გენდერული თანასწორობის პოპულარიზაცია სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ დაიწყონ?
მშვიდობა არ არის აბსტრაქტული ან განყენებული - ის ყოველდღიური შრომაა და გამოიხატება, თუ როგორ ვმართავთ კონფლიქტს ჩვენს საზოგადოებებში, როგორ ვპასუხობთ უსამართლობას და როგორ ვქმნით სივრცეს სხვებისთვის, რათა მათი ხმები მოსმენილი იყოს. საკუთარი წვლილის შესატანად, ოფიციალური ტიტული არ გვჭირდება. ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შედეგი, რისი მიღწევაც ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის დისტანციის შემცირებაა.
ჩვენს ცხოვრებისეულ, რეალურ გამოცდილებებსა და ემპათიის წახალისების უნარს შეუძლია აღმოფხვრას უთანხმოებები, რომლებსაც პოლიტიკა ხშირად უფრო აღრმავებს. ეს ჩვენგან გმირობას არ მოითხოვს. მხოლოდ საჭიროა, რომ რეალისტები, დაკვირვებულები და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ვიყოთ. ცვლილებებს დრო სჭირდება. მოდით, დავიწყო იმით, რაც აქ და ახლა გვაქვს.
მასალა წარმოადგენს კამპანიის “ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების წარსული, აწმყო და მომავალი” ნაწილს, რომელიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მიღების 25-ე წლის აღნიშვნასა და მშვიდობის ძალის აღიარებას ეძღვნება. კამპანიის მიზანია, გაზარდოს დიალოგი თანასწორობის, სამართლიანობისა და მშვიდობის ირგვლივ ევროპისა და ცენტრალური აზიის 25 გამორჩეული ქალის ხმების გაჟღერებითა და ღვაწლის ჩვენებით, იმ წვლილის წარმოჩენით, რომელიც მათ თემების, საზოგადოებებისა და ა.შ. ტრანსფორმაციულ ცვლილებებში შეიტანეს. შინაარსი ავტორების პერსონალურ შეხედულებებსა და გამოცდილებებს გამოხატავს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, მისი პარტნიორების ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.