ფერმერი ქალების მოსავლის ფესტივალი — ახალი ინიციატივა მათ მხარდასაჭერად
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, ფერმერი ქალების მოსავლის ფესტივალით აღნიშნა. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალები მონაწილეობდნენ. მათ სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს, ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს და ახალი, საინტერესო კავშირები დაამყარეს. ფესტივალი პირველად ჩატარდა და ის ადგილობრივი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიების პირველი ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო: ფერმერმა ქალებმა საკუთარ საქმიანობებსა და პროდუქტებზე ისაუბრეს, სტუმრებს თავიანთი ისტორიები უამბეს და აღნიშნეს, რომ ფინანსებზე, შესაბამის ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომა მათთვის კვლავაც აქტუალურ პრობლემებად რჩება.
“ქალებს საკუთარი ნაწარმის წარდგენის საშუალება მოგვეცა და ჩვენ შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა ერთმანეთი ვიპოვეთ, ერთმანეთის მხარდამჭერები გავხდით. სოფლად მცხოვრები ქალები ასეთ ღონისძიებებს მოკლებულები ვართ, ამიტომ ამგვარი ინიციატივები უდიდესი სტიმულია ხოლმე. მიხარია, რომ ფესტივალს სწორედ ჩემმა სოფელმა უმასპინძლა”,- აღნიშნა ნაირა ბოლქვაძემ, კოოპერატივ “მწვანე მარადისის” თანადამფუძნებელმა და ადგილობრივმა ფერმერმა.
ფესტივალის გამორჩეული ნაწილი დაჯილდოება იყო. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიებმა — თიბისიმ, სოკარმა, აჭარა ჯგუფმა, ნექსიამ და PSP-მ —9 ფერმერ ქალს სამახსოვრო საჩუქრები 3 ნომინაციის მიხედვით გადასცეს: საუკეთესო ისტორია პროდუქტის მიღმა, საუკეთესო გადამუშავებული პროდუქტი და ყველაზე ინოვაციური პროდუქტი.
დაჯილდოებულებს შორის ერთ-ერთი იყო თაკო გოზალიშვილი, რომელიც ფესტივალზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოდან ჩამოვიდა. თაკო დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას ამზადებს, ბოსტნეული მოჰყავს და, პარალელურად, სოციალური მედიის პლატფორმებით ათასობით გამომწერს სოფლის ცხოვრებაზე უყვება.
„დღეს ჩემი პროდუქცია უამრავ ადამიანს გავაცანი, ბევრმა სამომავლო შეკვეთებისთვის საკონტაქტო გამომართვა, ონლაინსივრცეშიც არაერთი გამომწერი დამემატა. ამ ყველაფერმა მეტი მოტივაცია მომცა. განსაკუთრებით გამიხარდა ჯილდოს მიღება, რადგან ის ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო“, - აღნიშნა თაკომ.
ღონისძიებას ავსტრიის ელჩი საქართველოში რობერტ გერშნერი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით ხორციელდება. ღონისძიებაში მონაწილე ქალების საქმიანობაც სხვადასხვა დროს სწორედ ამ ინიციატივის მხარდაჭერით განვითარდა.
ავსტრიის ელჩმა საქართველოში რობერტ გერშნერმა სიტყვით გამოსვლისას ფერმერების წვლილზე ისაუბრა: “თქვენ, საქართველოში მცხოვრებმა ქალებმა, თქვენი თავდადებით, ენთუზიაზმითა და დაუღალავი შრომით, თავად მოუტანეთ სარგებელი ამ პროექტს. გამორჩეულ წარმატებას მან სწორედ თქვენი წვლილით მიაღწია”, - აღნიშნა მან.
ღონისძიების დასრულების შემდეგ დაინტერესებულ სტუმრებს სათბურში მებოსტნეობის პრაქტიკულ სესიაზე დასწრების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღნიშვნის გარდა, ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივასაც, რომლის თანახმადაც, 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული.