„მწვანე მარადისი“ — სოლიდარობიდან საერთო საქმემდე
თარიღი:
2020 წლის გაზაფხულზე, COVID-19-ის პანდემიის გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა. შეზღუდვები შეეხო მარადისსაც — ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელს, სადაც მოსახლეობა თავს უმეტესად მცირე მებოსტნეობით ირჩენდა. პანდემიის დროს მომხდარმა ერთმა ისტორიამ კი ადგილობრივების ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
მაისის პირველ დღეებში სოციალური ქსელები და მედიასაშუალებები მოიარა ამბავმა, თუ როგორ გაუთოხნეს მარადისელმა ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ მეზობელს კარტოფილის ნაკვეთი და საავადმყოფოში მყოფებს, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგეს. მათი გაერთიანება თვითდახმარების ჯგუფით დაიწყო — გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ ინიციატივით, რომელმაც სოფლის აქტიური, მოხალისე ქალები ადგილობრივი საჭიროებების მოსაგვარებლად შეკრიბა. გუნდის ერთ-ერთი წევრი იყო ნაირა ბოლქვაძეც — ადგილობრივი სათემო მუშაკი და ფერმერი. იმ პერიოდში მას გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მებოსტნეობა უკვე შესწავლილი ჰქონდა და სათბურებსაც წარმატებით უძღვებოდა.
ნაირა იხსენებს, რომ თანადგომის ისტორიამ არაერთი დონორის ინტერესი გამოიწვია, რასაც სოფლის მეურნეობის პროექტების დაწყებაც მოჰყვა. დამატებითი მოტივაცია მისი მაგალითიც აღმოჩნდა, ამიტომ მარადისელმა ქალებმა ახალი დაფინანსებებით თავადაც სათბურები გამართეს და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინეს.
„პარალელურად, მოხალისეობასა და სწავლასაც ვაგრძელებდით. ტრენინგებს „ფონდი ტასო“ გვიტარებდა. კოოპერატივის შესახებაც ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს გავიგეთ. მოვისმინეთ, როგორ მუშაობდნენ ფერმერი ქალები სხვა ქვეყნებში და მათი გამოცდილებაც გავიზიარეთ. იდეა მაშინვე მოგვეწონა, თუმცა ამ საქმეს იმდენად დიდი დრო და რესურსი სჭირდებოდა, რომ თავდაპირველად თავი შევიკავეთ“, - ჰყვება ნაირა.
თუმცა, მოგვიანებით, როცა გაიგეს, რომ ორგანიზაცია CENN სოფლის მეურნეობის ჯგუფურ პროექტებს აფინანსებდა, კოოპერატივის შექმნა მაინც გადაწყვიტეს. ბიუროკრატიული პროცედურები ნაირამ თავად მოაგვარა და 2023 წელს, ქალებთან ერთად, კოოპერატივი „მწვანე მარადისი“ დაარეგისტრირა.
„მწვანე მარადისი“ - ერთი ნაკვეთი, ერთი გუნდი
კოოპერატივს დღეს 10 წევრი ჰყავს: ნაირა ბოლქვაძე, ნათელა ბოლქვაძე, მაგული დეკანაძე, ნაზიბროლა პაქსაძე, ხათუნა ბოლქვაძე, დალი პაქსაძე, ანჟელა ბოლქვაძე, ციცინო ბოლქვაძე, ივერი და გიორგი პაქსაძეები. კოოპერატივის თავმჯდომარე ხათუნაა. საერთო ნაკვეთზე სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილები მოჰყავთ. პასუხისმგებლობასა და ყოველდღიურ საქმეებს თანაბრად ინაწილებენ: ზოგი თესავს, ზოგი რწყავს, ზოგიც მიწას სასუქით ამდიდრებს და უვლის. CENN-ის მხარდაჭერით, სათბური ვიდეოსამეთვალყურეო სისტემითაცაა აღჭურვილი.
„ციცინო ნაკვეთთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს, ამიტომ ხშირად მას ვთხოვთ ხოლმე დახმარებას. მე კი ზედამხედველობა მევალება, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ნათესს წყალი ან სასუქი აკლია, თავადაც ვაკეთებ. ჩითილი თოთო ბავშვივითაა, ბევრი მოვლა სჭირდება“, - ამბობს ნაირა. „ერთ გუნდად ვმუშაობთ, ჩვენში უფროსი და უმცროსი არ არსებობს“,- დასძენს ხათუნა. ქალები ხუმრობენ, რომ ნაირა ჩითილების მდგომარეობას, ვიდეოკამერების დახმარებით, ქვეყნის ფარგლებს გარედანაც აკონტროლებს.
ჯანსაღი ჩითილები თითქმის უდანაკარგოდ გამოჰყავთ და მარნეულში, ახალციხეში, ახალქალაქში, წალკასა და გორში ჰყიდიან. მათ მოსავალზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ყველა მსურველს ვერც აკმაყოფილებენ.
ნათესის მოვლასა და უხვმოსავლიანობაში CENN-ის ტრენინგებზე მიღებული ინფორმაცია ძალიან ეხმარებათ, თუმცა არანაკლები როლი აქვს კოოპერატივის უხუცესი წევრის, ნათელა ბოლქვაძის გამოცდილებასაც. ქალები ამბობენ, რომ 66 წლის ნათელას მარადისში ყოველთვის საუკეთესო ჩითილები გამოჰყავდა და ბოსტანსაც სამაგალითოდ უვლიდა, ახლა კი ამ ცოდნას კოოპერატივისთვის იყენებს. „ტრენინგებზე მაინც დავდიოდი. ჩემი პრაქტიკის მიუხედავად, ბევრი სიახლე გავიგე, რაც მართლაც ძალიან გამოგვადგა“, - ამბობს ნათელა.
მომავლის ნაბიჯი: სასწავლო ცენტრი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტმა და კოოპერატივმა მარადისელი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ნაირა უკვე მებოსტნეობას პროფესიულ კოლეჯებში ასწავლის და ტრენინგებსაც ატარებს: „ერთი სოფლელი ქალი ვიყავი, ლექტორობას ვერც კი წარმოვიდგენდი. პირველად სათემო მუშაკების შეხვედრაზე თბილისში რომ ჩავედი და გვითხრეს, მეილი გამოგვიგზავნეთო, ისიც არ ვიცოდი, მეილი რა იყო. მერე კურსები გავიარეთ და ახლა მარტო მე კი არა, კომპიუტერის გამოყენება უკვე ყველა ქალმა იცის“, - ამბობს ის.
„შემოსავალი გაგვეზარდა, მეტი ვისწავლეთ და გამოცდილებაც შევიძინეთ, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ერთი ძლიერი გუნდი ვართ. ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის იმედი გვაქვს. სოფლიდან რამდენი ხნითაც არ უნდა წავიდე, ვიცი, ბოსტანში არაფერი გამიფუჭდება, ჩემი ქალები მოუვლიან“, - ჰყვება ციცინო.
კოოპერატივის სტატუსით ახლა თესლებსა თუ სხვა მასალებს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ყიდულობენ და შეღავათიანი სახელმწიფო პროგრამებითაც სარგებლობენ. პარალელურად, მათ მონაწილეობაში სხვებსაც ეხმარებიან და პროფესიულ რეკომენდაციებსაც აძლევენ.
„როცა ქალს ფინანსებზე ხელი მიგიწვდება, უფრო მყარად დგახარ. კოოპერატივის ანგარიშზე თანხა სულ გვაქვს, რომელიმე ჩვენგანს რომ დასჭირდეს, შეგვიძლია, სესხად მივცეთ. ახლა თემშიც კიდევ უფრო მეტი ავტორიტეტით ვსარგებლობთ“, - დასძენს ნაირა.
სამომავლოდ ქალებს სასწავლო ცენტრის გაკეთება სურთ. უნდათ, მებოსტნეობის მოკლევადიანი პროგრამები შექმნან და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა თუ გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ. მარნეულის მუნიციპალიტეტი ბოსტნეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქალები ამბობენ, რომ, რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა ჯანსაღი პროდუქტების სწორად მოყვანა ადგილზევე ისწავლონ და იმედოვნებენ, რომ ცენტრი მათ სწორედ ამ ცოდნის მიღებაში დაეხმარება.
ფერმერი ქალების გამოწვევები
გენდერული სტერეოტიპების გამო, საქართველოში ფერმერის საქმიანობა ძირითადად კაცებთან ასოცირდება. ქალები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიან, თუმცა ხშირად მათ მიერ მიღებული სარგებელი გაწეული შრომის შესაბამისი არ არის.
საგულისხმოა ისიც, რომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ სექტორში გენდერული სახელფასო სხვაობა 26%-ს აღწევს. მეურნეობები, რომლებსაც ქალები მართავენ, სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 20%-ით სარგებლობენ. ამასთან, ისინი სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი საწარმოების მხოლოდ 18%-ს ფლობენ სრულად.
ქალებს ხელი არ მიუწვდებათ იმ ტექნიკურ, სასწავლო თუ ფინანსურ რესურსებზე, საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისებზე, რომლებიც საქმიანობის განვითარებისთვისაა საჭირო. ისინი სახელმწიფო პროგრამებშიც ნაკლებად მონაწილეობენ. არსებული რეალობიდან გამომდინარე, „მწვანე მარადისის“ წევრი ქალების საქმიანობა, ენთუზიაზმი და შედეგები აჩვენებს, რომ გაერთიანებას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და აუცილებელ რესურსებზე ხელმისაწვდომობას რეალური წარმატება მოაქვს.
მარადისელი ფერმერი ქალების მხარდაჭერა წარმოადგენს რეგიონული პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით ხორციელდება.