ახალგაზრდების ხმა: მოდელირებული დებატი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე
თარიღი:
“მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, ამ პროცესში არა მხოლოდ დამკვირვებლის, არამედ აქტიური მონაწილის როლიც შევასრულოთ“, - ამბობს 21 წლის ლიზი ტაბატაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი, რომელიც პოლიტიკის მეცნიერებებს სწავლობს.
ლიზისა და კიდევ არაერთი სტუდენტის სურვილი — აქტიურად იყვნენ ჩართულები კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობის მშენებლობაში — გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვისაც პრიორიტეტია. ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებების მიღწევაში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, ამიტომ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში მათი ხედვების გათვალისწინება აუცილებელია. ამ მიზანს ემსახურება გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებული ღია დებატი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, სტუდენტებისთვის 2 ოქტომბერს, უკვე მეორედ ჩატარდა. მისი გამარჯვებული კი სწორედ ლიზი ტაბატაძე გახდა. მეორე ადგილი მარიამ ქეცბაიამ დაიკავა, მესამე კი — მილანა ზარქუამ.
ღონისძიებაში სულ 6 უმაღლესი სასწავლებლის 23 დელეგატი მონაწილეობდა. მოდელირებულ სხდომაზე სტუდენტებმა პრაქტიკულად გამოცადეს, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები გაეროს უშიშროების საბჭოში. მათ გლობალურ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, სხვადასხვა ქვეყნის პოზიციები წარადგინეს, სტრატეგიული ალიანსები შექმნეს, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღეს და სამშვიდობო ხედვაზეც შეთანხმდნენ. საგულისხმოა, რომ მოდელირებულ სხდომამდე სამუშაო შეხვედრაც ჩატარდა, რამაც მონაწილეები ღია დებატებისთვის უკეთ მოამზადა, დაეხმარა ახალგაზრდებს არგუმენტაციის, მოლაპარაკებისა და დიპლომატიური კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.
“ეს ფორმატი საშუალებას გაძლევს, სახელმწიფოს როლი მოირგო, მისი პოზიცია დაიცვა და, სხვა მონაწილეებთან მოლაპარაკებით, საერთო გადაწყვეტილებამდე მიხვიდე. სამწუხაროდ, ამგვარი გამოცდილების ფუფუნება ბევრ ჩვენგანს არ აქვს. განსაკუთრებით საინტერესო ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა იყო. საკუთარი თავი დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და დებატებში პრაქტიკულად გამოვცადე და უკეთ გავიაზრე, რამდენად რთულია საერთო ინტერესების მოძებნა და შეთანხმების მიღწევა”, - აღნიშნა დებატების დასრულების შემდეგ ლიზი ტაბატაძემ, რომელმაც მოდელირებულ სხდომაზე კოლუმბიის ლიდერის როლი წარმატებით მოირგო.
ლიზი მიღებული ცოდნის გამოყენებას პროფესიული განვითარებისთვის გეგმავს და ამბობს, რომ ასეთ ინიციატივებში მონაწილეობას სამომავლოდაც განაგრძობს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით კი, მას კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება ელოდება: ლიზი შვედეთში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს სტოკჰოლმის მშვიდობისა და განვითარების ფორუმში, რომელიც 2-4 ნოემბერს გაიმართება და მისი მიმდინარეობისას ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაშიც ჩაერთვება.
ღონისძიებას, რომელიც ევროპის უნივერსიტეტსა და ახალგაზრდულ ინიციატივა „მე-16 ელემენტთან“ პარტნიორობით ჩატარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში კამილა ლიკე რასმუსენიც ესწრებოდნენ. მოდელირებული ღია დებატი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილი რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის” ფარგლებში გაიმართა.